საგარეო უწყებაში ლევილის მამულის სიმბოლური გასაღების გადაცემის ცერემონია გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლევილის მამულის სიმბოლური გასაღების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ ჯანელიძემ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს გელა დუმბაძეს უმასპინძლა, რომელმაც მიხეილ ჯანელიძეს ლევილის მამულის სიმბოლური გასაღები გადასცა.

შეხვედრას დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახელმწიფო მინისტრმა საგარეო საქმეთა სამინისტროს და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს, ლევილის მამულის გადმოცემის პროცესში გაწეული მნიშვნელოვანი საქმიანობისა და ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ ლევილის მამული საქართველოს 25-წლიანი ისტორიული პროცესის დასრულების შემდგომ 2016 წლის 23 სექტემბერს დაუბრუნდა. პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 000 კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს ლევილის მამულში ხელი მოაწერეს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ და ფრანგული მხარიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობის წევრთა ოჯახების წარმომადგენლებმა.

ისტორიული აქტის ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში ეკატერინე სირაძე-დელონე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი, ლევილის მერიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიკუს ტბის განახლებული საბაგირო გზა გაიხსნა
შემდეგი სტატია„თბილისობა“ 15-16 ოქტომბერს გაიმართება