კუს ტბის განახლებული საბაგირო გზა გაიხსნა

დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემას კუს ტბის განახლებული საბაგირო გზა შეემატა.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე საბაგიროს სადგური საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად გახსნა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, საბაგირო გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა მოძველებული ინფრასტრუქტურა, გარემონტდა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით აღიჭურვა ორივე (ქვედა და ზედა) სადგური. ამასთან, მთლიანად შეიცვალა გამწევი ბაგირი, დამონტაჟდა თანამედროვე მართვის პულტი, კაპიტალურად გარემონტდა გონდოლები. სამუშაოების მიმდინარეობისას შენარჩუნდა სადგურებისა და გონდოლების ძველი იერსახე.

კუს ტბის ახალ საბაგირო გზაზე თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს ორი გონდოლა მოემსახურება და ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბაზე მოხვედრა 6 წუთში იქნება შესაძლებელი. თითო გონდოლით 10-12 ადამიანი იმგზავრებს, მათ შორის, ერთი მუდმივი გამცილებელი. გონდოლები და სადგურები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

თბილისის მერმა შესრულებულ სამუშაოებზე და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მოხდა საბაგიროს სრული მოდერნიზაცია: შეკეთდა ვაგონები, გამოიცვალა გამწევი ბაგირები, გაკეთდა სადგურები; საბაგირო ადაპტირებულია შშმ პირებისათვის, არის ეკოლოგიურად უსაფრთხო; . ასევე, აქვს სპეციალური ველოსაკიდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ველოსიპედის გადატანა. ამასთან, ჭავჭავაძის გამზირსა და კუს ტბას შორის დონეთა შორის სხვაობა 233 მეტრია, ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ საბაგიროს არსებობა. და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის გადაადგილების უსაფრთხო საშუალება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

საბაგიროთი მგზავრობის ღირებულება 1 ლარია. სტუდენტები და მოსწავლეები ისარგებლებენ სტანდარტული შეღავათებით. საფასურის გადახდა შესაძლებელია იმ ბარათებით, რომლებიც მუნიციპალურ ტრანსპორტში გამოიყენება.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

სარემონტო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ბაგირმშენმა“ შეასრულა. პროექტის საერთო ღირებულებამ 1 100 000 ლარია.

banner
წინა სტატიაშიკახა შარტავა აუცილებლად მიიჩნევს „ნამდვილი, სერიოზული, ევროპული ტიპის კლასიკური ტიპის პარტიის“ ჩამოყალიბებას
შემდეგი სტატიასაგარეო უწყებაში ლევილის მამულის სიმბოლური გასაღების გადაცემის ცერემონია გაიმართა