საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისიტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, დავით დონდუას კომენტარს ავრცელებს.

“ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, 35-ე რაუნდი გაიმართება 2016 წლის 22-23 მარტს. ეს არის ერთადერთი ფორმატი, სადაც საქართელოსა და რუსეთს შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, განიხილება უსაფრთოებისა და ჰუმანიტარული საკითხები.

ამ რაუნდზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ვითარებას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, მათ შორის, ეთნიკური ქართველების მიმართ დაწესებულ ახალ დისკრიმინაციულ რეგულაციებს ისევე, როგორც ე.წ. ბორდერაზაციის პროცესის გაგრძელების სავალალო შედეგებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

კვლავ გავაგრძელებთ ჟენევის ფორმატში ჩვენთვის პრინციპულ საკითხებზე თანმიმდევრული პოზიციის დაკავებას, კონსტრუქციული მოლაპარაკებების წესების დაცვით. დავაყენებთ საქართველოს მიერ ცალმხრივად არაერთგზის აღებული ვალდებულების საპასუხოდ, რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების აღების, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობას.

იმედს გამოვთქვამთ, რომ მონაწილეთა კონსტრუქციული მიდგომის საფუძველზე შესაძლებელი გახდება გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენა, რომლის მუშაობაც 2012 წლიდან შეწყვეტილია ზოგიერთი მონაწილის წინააღმდეგობის გამო. მექანიზმის განახლება დადებითად წაადგება ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საჭიროებების პრაგმატულ გადაწყვეტას, ასევე პოზიტიურად აისახება ჟენევის მოლაპარაკებების დინაკიმაზე.

საქართველოს დელეგაციის ძალისხმევის შედეგად, ბოლო პერიოდში მოხერხდა საგნობრივი დისკუსიების დაწყება რიგ საკითხებზე. იმედს გამოვთქვამთ, რომ დანარჩენი მონაწილეები ასეთივე პასუხიმგებლობით მოეკიდებიან მოლაპარაკებების პროცესს და ხელს შეუწყობენ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების, კონსტრუქციულად განხილვას. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები არ დაზიანდეს მის ფარგლებს გარეთ არსებული საკითხების ხელოვნურად მიბმითა და პოლიტიზირებით”,- ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა გიორგი დგებუაძის, იგივე “მასტერას” საქართველოში ექსტრადირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ბელარუსში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა