საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს კელი დეგნანი ესტუმრა

საგარეო ურთიერთობისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების თავმჯდომარეები, ნიკოლოზ სამხარაძე და ირაკლი ბერაია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდნენ.

საუბრის მთავარ თემას რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და საქართველოში მიმდინარე პროცესები წარმოადგენდა.

მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული თემატიკა მიმოიხილეს. ისაუბრეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წარმატებულ ვიზიტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში და შეაჯამეს მისი შედეგები.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო უკრაინაში და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებს და რუსეთის აგრესიულ ქმედებებს. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონული უსაფრთხოების და მშვიდობის დამყარების პროცესში.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომი გამყარების გზებზე ისეთ საკითხებზე, როგორიცაა რეგიონულ უსაფრთხოებაში ხელშეწყობა და სამხედრო-პოლიტიკური კავშირების მეტი გაძლიერება.

განიხილეს პარლამენტის დღის წესრიგში არსებული რეფორმები, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უნდა განხორციელდეს. აღინიშნა, რომ ამ პროცესში, საჭიროა ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მეტი თანამშრომლობა საპარლამენტო ფორმატში.

შეხვედრაში, კომიტეტების თავმჯდომარეებთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი და თავმჯდომარის მოადგილე, მარიამ ლაშხი მონაწილეობდა.

banner
წინა სტატიაშისაოკუპაციო ხაზთან საქართველოს ოთხი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
შემდეგი სტატიაჯარჯი წიკლაური – სააკაშვილი თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას