ჯარჯი წიკლაური – სააკაშვილი თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა. მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ ვიდეოკადრების სახით მნიშვნელოვანი მტკიცებულებები წარადგინა.

როგორც ჯარჯი წიკლაური ამბობს, ეს კადრები ადასტურებს, რომ შვიდ ნოემბერს დაიგეგმა სადამსჯელო ღონისძიება და საქართველოს მოქალაქეები ძალადობრივად დაარბიეს.

„ბრალდების მხარემ წარმოადგინა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, ეს იყო ვიდეოკდარები და ამ კადრებით დასტურდება, რომ შვიდ ნოემბერს მოხდა და დაიგეგმა არა საპოლიციო დაშლის ღონისძიება, როგორც ამას ცდილობენ, წარმოაჩინონ, არამედ მძიმე კადრები ადასტურებს, რომ შვიდ ნოემბერს დაიგეგმა სადამსჯელო ღონისძიება. საქართველოს მოქალაქეები დასაჯეს, ძალადობრივად დაარბიეს მხოლოდ იმის გამო, რომ აღარ გაებედათ პროტესტის გამოხატვა და საპროტესტო აქციები. ეს კადრები გამოვიკვლიეთ დღეს და როდესაც ბრალდების მხარე საქმის შინაარსობრივი მხარის განხილვაზე გადადის, რატომღაც ბრალდებული სააკაშვილი ჯანმრთელობის მომიზეზებით უარს აცხადებს მონაწილეობის მიღებაზე, ნაცვლად იმისა, რომ პასუხი გასცეს ჩვენს შეკითხვებს, თუნდაც ამ ძალადობრივ კადრებზე. მან განაცხადა, რომ იგი არაფერ შუაშია, მერაბიშვილს გადააბრალა მთელი მისი დანაშაული და თქვა, რომ დილით მხოლოდ ტელევიზიით გავიგე აღნიშნული დარბევის შესახებო.

მან უნდა გასცეს პასუხი, რომ თუ მხოლოდ დილით, ტელევიზიით გაიგო იმ დღეს განვითარებული ძალადობრივი მოვლენების შესახებ და თუ არ მოეწონა დარბევის მძიმე შედეგები, მაშინ მან, როგორც პრეზიდენტმა, მეორე დღეს რატომ დააჯილდოვა უმაღლესი წოდებებით ფაქტობრივად ყველა ამ ძალადობის ორგანიზატორი მაღალჩინოსანი. რატომ მიანიჭა მან უმაღლესი წოდებები ძალადობის ყველა ორგანიზატორს. როდესაც ამ შეკითხვებს მან პასუხი უნდა გასცეს, იგი რატომღაც თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას. მიხეილ სააკაშვილმა რატომაც დააჯილდოვა ძალადობის ორგანიზატორები, მიზეზი გახლდათ, რომ მათ კარგად შეასრულეს მათზე დაკისრებული დავალებები. კერძოდ, კარგად გაუწიეს ორგანიზება სადამსჯელო ღონისძიება“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილი სასამართლოში გამოცხადებას თავს არიდებს. მისივე თქმით, ბრალდების მხარე როდესაც საქმის შინაარსობრივ და საგნობრივ განხილვაზე გადადის, ყოფილი პრეზიდენტი პროცესზე მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

„როგორც ჩანს, ბრალდებულ სააკაშვილს მართლმსაჯულებაში მონაწილეობა მხოლოდ სასამართლო დარბაზის მარტო პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოყენება ჰგონია, რასაც აკეთებს. როდესაც შინაარსობრივ და საგნობრივ განხილვაზე გადადის ბრალდების მხარე, მტკიცებულებებს ვიკვლევთ, სამწუხაროდ, უარს აცხადებს იგი მონაწილეობაზე და პასუხს ვერ სცემს ვერც ერთ ჩვენს შეკითხვას. შვიდ ნოემბერს მთელი დღის მანძილზე, როდესაც ეს სადამსჯელო ღონისძიება ტარდებოდა, მიხეილ სააკაშვილს უწყვეტი სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა როგორც მერაბიშვილთან, ისე სხვა ძალოვანებთან. იგი უწყვეტად იყო საქმის კურსში. ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა მთელმა ქვეყანამ პირდაპირ ეთერში იხილა და როგორ შეიძლება, ვინმემ ამტკიცოს, რომ არაფერი იცოდა და არაფერი დაგეგმილა. რა თქმა უნდა, ათეულობით სატელეფონო კომუნიკაციაა, რომ პირადად სააკაშვილთან შეთანხმებით და მისი ინიცირებით მოხდა ყველა ის სადამსჯელო ღონისძიება, რაც მოხდა შვიდ ნოემბერს. ეს არის მათ შორის ყველაზე მყარი მტკიცებუოებები. ყველა ეს მტკიცებულება არის საქმეში, მათ შორის ძალადობის ვიდეოკადრები. როდესაც ველოდებით პასუხებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის მომიზეზებით არ იღებს მონაწილეობას. მიხეილ სააკაშვილმა დააჯილდოვა ძალადობის ორგანიზატორები მათზე დაკისრებული მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის. დოკუმენტები არსებობს, დაჯილდოვების საფუძველი პირდაპირ წერია დოკუმენტებში, რომ კონკრეტულ ხელმძღვანელებს ძალოვნებისა შესწევთ უნარი, დარაზმონ პირადი შემადგენლობა დავალების შესასრულებლად. დავალება რა იყო, დღეს ვიხილეთ კადრებზე, მშვიდობიანი მოსახლეობის ცემა ხელკეტებით. დაცვის მხარე რომ ამბობს, არ დასტურდება ბრალეულობაო, ისინი რას ელოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ვიხილავდით ხელკეტით? მიხეილ სააკაშვილი იყო უმაღლესი თანამდებობის პირი, მისი დავალება სადამსჯელო ღონისძიებაზე შეასრულეს სამართალდამცველებმა და ეს ჩანს კადრებზე. დაცვის მხარე ამბობს ერთს, მაგრამ ფაქტი არის მეორე, რომ შვიდ ნოემბერს ჩადენილია უმძიმესი სისტემური დანაშაული, რაც დღევანდელ პროცესზე ჩვენი ვიდეომტკიცებულებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაშისაგარეო ურთიერთობათა კომიტეტს კელი დეგნანი ესტუმრა
შემდეგი სტატიასუბარი – დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარიას პარტია ერთი ძალის ორი სხვადასხვა განშტოებაა