საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით პნევმატური, სასიგნალო და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით პნევმატური, სასიგნალო და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი ,,სარფის“ გავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა. წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, ბრალდებული, მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,DAF’’-ის მარკის სატვირთო ავტომანქანით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებას ახდენდა. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, ბრალდებული ცდილობდა საქართველოში შემოეტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით საქონელი. კერძოდ: პნევმატური და სასიგნალო იარაღი, ცეცხლსასროლი სანადირო თოფები, ვაზნები და იარაღის სათადარიგო ნაწილები.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია კონტრაბანდულად შემოტანილი საქონელი.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიმინისტრთა კაბინეტი პირველ სხდომას მართავს
შემდეგი სტატიასტრუქტურული ცვლილებების მიზანი უფრო მოქნილი და ეფექტიანი მთავრობა იყო – კვირიკაშვილი