საგადასახადო კოდექსში ცვლილებები სავარაუდოდ 1 ივლისიდან ამოქმედდება

ხადური

საქართველოს მთავრობის ინიციატივით პარლამენტს “საგადასახადო კოდექსში ცვლილება” წარედგინება, რომელიც მოგების გადასახადის, განაწილებული მოგების გადასახადით შეცვლას ითვალისწინებს.

როგორც ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, თუ კომპანიამ მიიღო მოგება, მაგრამ მოახდინა მისი სრული ინვესტირება, საწარმოდან არ გაიტანა და არ გამოიყენა დივიდენდების გასაცემად, ამ შემთხვევაში კომპანია მოგების გადასახადს აღარ გადაიხდის.

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და დავალებით, ფინანსთა სამინისტრომ დაიწყო და მოამზადა კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს საქართველოში საგადასახადო კოდექსის შეცვლას და კონკრეტულად ეს ეხება მოგების გადასახადის რეორგანიზაციას, ჩვენ დღეს უკვე განვიხილეთ საქართველოს მთავრობის სხდომაზე და წარვადგენთ პარლამენტში კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს, მოგების გადასახადის შეცვლას, განაწილებული მოგების გადასახადით. საუბარი შეეხება იმას, რომ კომპანიები თუ მოგებას არ გაანაწილებენ, ისინი მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. უფრო კონკრეტულად, შეიძლება კომპანიამ მიიღო მოგება, მაგრამ მოახდინა მისი სრული ინვესტირება, საწარმოდან არ გაიტანა, არ გამოიყენა ის დივიდენდების გასაცემად, არ გამოიყენა ის სხვა მიმართულებებით, რომელიც არ უკავშირდება მის ეკონომიკურ საქმიანობას, ამ შემთხვევაში კომპანია მოგების გადასახადს აღარ გადაიხდის”, – განაცხადა ხადურმა.

რაც შეეხება დაბეგვრის რეჟიმს, ფინანსთა მინისტრი განმარტავს, რომ ის გარკვეული კატეგორიის გადამხდელებს არ შეეცვლებათ.

“დაბეგვრის რეჟიმი არ შეეცვლება ზოგიერთი კატეგორიის გადამხდელს, მაგალითად მეწარმე ფიზიკურ პირებს, სადაზღვევო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ბანკებს, ასევე ორგანიზაციებს, რომლებსაც კანონმდებლობით ეკრძალებათ მოგების განაწილება, შესაბამისად, მას არ ანაწილებენ, მაგალითად ეს არის საჯარო სამართლის იურიდიული პირები და ეს არის არასამთვრობო სექტორი, ე.წ. ააიპ-ები”, – აღნიშნა ხადურმა

ფინანსთა მინისტრის თქმით, ასევე, შენარჩუნდება მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთი, თუმცა საწარმოს მოგების გადასახადისათვის საანაგრიშო პერიოდი გახდება 1 თვე, ნაცვლად 1 წლისა.

“შენარჩუნდება პროცენტზე, როიალზე და დივიდენდზე არსებული განაკვეთი, საწარმოს მოგების გადასახადისათვის საანაგრიშო პერიოდი გახდება 1 თვე, აღარ იქნება 1 წლიანი, შესაბამისად კომპანია, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდის ამ გადასახადს, თუ იმ 1 თვის განმავლობაში მოგებას გაანაწილებს. ამავე დროს მოგების გადასახადით დაიბეგრება დივიდენდის ან სხვა ფორმით განაწილებული მოგება, საქონლის, მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდება, განსაზღვრულ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები და ის გადახდები, რომლებიც დაკავშრებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან. სახსრები, რომლებიც მიმართული იქნება ეკონომიკის განვითრებისათვის, წარმოების გაფართოებისათვის, დასაქმების გაზრდისათვის, ეს თანხები აღარ დაიბეგრება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ცვლილება ძალაში შევა, მიმდინარე წლის 1 ივლისს. შესაბამისად, პირველ ივლისამდე 6 თვის განმავლობაში ძველი წესით მომუშავე საწარმოებისათვის დეკლარირების პერიოდად განისაზღვრება სავარაუდოდ 1 ნოემბრამდე პერიოდი. ხოლო დანარჩენ პერიოდზე ჩვეულებრივ, ყოველთვიურად მოხდება საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციასთან ერთად უმარტივესი დეკლარირების ფორმა იქნება, ამით გამარტივდება დეკლარირებაც და საგადასახადო შემოწმებებიც”, – აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

banner
წინა სტატიაშიმასშტაბური სარკინიგზო კატასტროფა ეგვიპტეში – მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა
შემდეგი სტატია“საწარმოს, რომელსაც მანქანა-დანადგარები შემოაქვს, საზღვარზე დღგ-ს აღარ გადაიხდის”