საელჩოსთან ინციდენტი არის სახედაკარგული „ქართული ოცნების“ მაგალითი, ესაა ძალადობა, რითიც ხალხის ნებასთან დაპირისპირება სურთ – ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, გუშინ აშშ-ის საელჩოსთან რა ინციდენტიც მოხდა, არის ძალადობა, რითაც „ქართულ ოცნებას“ ხალხის ნებასთან დაპირისპირება სურს.

ვაშაძის თქმით, არ შეიძლება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობდეს.

„სამწუხაროდ, ეს არის სახედაკარგული „ქართული ოცნების“ ნათელი მაგალითი. გუშინ და გუშინ წინ საქართველოს მასშტაბით ფიზიკური თავდასხმების მთელი კასკადი, ახლა უკვე დეპუტატები ჩაერთნენ ამ ყველაფერში. ეს არ არის ცალკე ამოგლეჯილი ერთი ფაქტი, ეს არის ძალადობა, რითიც უნდათ ხალხის ნებასთან დაპირისპირება. მე მათ ვეუბნები, ძალიან ცოტა დრო, უფრო და უფრო ცოტა დრო დაგრჩათ, გონს მოეგეთ. რა თავდასხმები ხალხნო? ან რა ამერიკის ელჩთან? რაზე ვსაუბრობთ საერთოდ. ამერიკის საელჩოსთან და საელჩოში თუ მოხდებოდა ფიზიკური ანგარიშსწორება დეპუტატების მხრიდან. ამას ვინმე წარმოიდგენდა? რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ. როგორ შეიძლება, განსხვავებული შეფასებები იყოს საერთოდ ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ საქმე გვაქვს „ქართულ ოცნებასთან“, რომელმაც თავისი ერთი ნაწილი „ალტ-ინფოს“ პარტიად აქცია იმ სამეულის მეშვეობით, მეორე ნაწილი ვითომ მედასავლეთეა და რაც სამწუხაროა, ყველას უნდა, აგვაცდინონ ევროპული ინტეგრაციის გზას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა მიხეილ ყაველაშვილის, სოზარ სუბარისა და დიმიტრი ხუნდაძის მიერ „ქართული ოცნების“ დატოვებაზეც.

„გეხვეწებით რა, ვინ დატოვებს დეპუტატის მანდატს? მაგათ ვიდრე ჩვენ, ხალხი, არ ჩამოვართმევთ მანდატს, იქამდე დამტოვებელი არავინ არ არის“,- აღნიშნა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშისანქციები რუსეთს და ბელარუსს ინტეგრაციის დაჩქარებისკენ უბიძგებს – პუტინი
შემდეგი სტატიაელჩი “არაკომპეტენტურია” და ის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სწორედ პრეზიდენტის რეკომენდაციის საფუძველზე “მიიყვანა” – ვოლსკი საფრანგეთში ყოფილ ელჩზე