საჭიროა EU-ს სანქციების მე-8 პაკეტი, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა იქნას აღიარებული – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებისა და რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საჭიროა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარონ.

“გუშინ ჩვენ ყველამ დავინახეთ რუსეთის დარტყმის შედეგები, მაგრამ მათ [უკრაინელმა სამხედროებმა] ტერორისტების რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდეს. ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერება რუსული ტერორის დასაძლევად. რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა იქნას აღიარებული, საჭიროა ევროკავშირის სანქციების მე-8 პაკეტი, უკრაინის დახმარების გაზრდა და უპირველეს ყოვლისა, საჰაერო თავდაცვის სისტემების მოწოდების დაჩქარება”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინელი სამხედროები წარმატებულ კონტრშეტევებს განაგრძობენ. უკრაინელებმა 6 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს. გამათავისუფლებლებმა ხარკოვის ოლქში ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე რუსეთის საზღვრამდე მიაღწიეს. ქვეყნის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით ოკუპანტები უკრაინელებს მასობრივად ნებდებიან, პარალელურად გრძელდება გაქცეული ჯარისკაცების ძებნა. რუსი სამხედროებისგან გათავისუფლებულ რაიონებში კი განაღმვითი ოპერაციები მიმდინარეობს. რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს ხერსონის ოლქშიც.

banner
წინა სტატიაშიმე მაწყობს რიგგარეშე არჩევნები, უსამართლობას, უიმედობას და უთავმოყვარეობას მირჩევნია – ჯაფარიძე
შემდეგი სტატიაანა ნაცვლიშვილი “ოცნებას” ურჩევს არასამთავრობო სექტორის დაფინანსების თემის პერიოდულად წამოწევის ნაცვლად, საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობაში ჩაიხედოს