საბერძნეთში, ცოლ-ქმრის დაყაჩაღების საქმეზე დაკავებული ქართველი ამბობს, რომ უდანაშაულოა

საქართველოს მოქალაქე საელჩოსთან კომუნიკაციაში უარყოფს მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას და აცხადებს, რომ 70 წლის მოხუცი ცოლ-ქმარის ყაჩაღობის საქმეზე, რომელზეც, პოლიციის ინფორმაციით, მისი კავშირი დადასტურდა შესაბამისი დნმ-ის ექსპერტიზით, უდანაშაულოა.

როგორც საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, საქართველოს მოქალაქე თვლის, რომ დაკავებული არ უნდა იყოს.

ამასთან, საელჩოს ცნობით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც საბერძნეთის პოლიციის მხრიდან მის მიმართ არასათანადოდ მოპყრობაზე საუბრობს, თავს კარგად გრძნობს:

“ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია საბერძნეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქესთან (გ.ხ.). ბოლო სატელეფონო საუბარი შედგა, გუშინ, 18 ივლისს. დაკავებულმა განგვიცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები” – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

გარდა ამისა, დიპლომატიური უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ პიროვნებას 20 წლის გოგოს გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ბრალი არასდროს ჰქონია წაყენებული.

“თავდაპირველად ის დააკავეს არალეგალურად ყოფნის და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით, და მოგვიანებუთ შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით, გამოიკვეთა მისი ბრალეულობა ათენში მცხოვრები 70 წლის მოხუცი ცოლ-ქმარის ყაჩაღობის საქმეში. პოლიციის ინფორმაციით ამჟამად ამაზე მიმდინარეობს გამოძიება.

რაც შეეხება პოლიციის მხრიდან მოპყრობის საკითხს, აღნიშნულის შესახებ საქართველოს მოქალაქეს საელჩოსთვის არ განუცხადებია, თუმცა ჩვენ დავუკავშირდებით საბერძნეთის შესაბამის უწყებებს აღნიშნულის გადამოწმების და რეაგირების მიზნით. სხვა მხრივ დაკავებულს არაერთხელ აღმოეჩინა დახმარება, სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის საელჩოს შუამდგომლობის შემდეგ” – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ბობოყვათის აქციის 10-მდე მონაწილე დააკავა
შემდეგი სტატიადეგნანი ფიქრობს, რომ არჩევნებზე ქართველებმა უნდა იცოდნენ, რომ “საარჩევნო სისტემა გაუმჯობესებულია”