საბაჟო კოდექსის ცალკეული ნორმების ამოქმედება 2023 წლის 1 იანვრამდე გადავადდება

საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ითვალისწინებს იმ ნორმების გადავადებას, რომლის ამოქმედების ვადა განსაზღვრულია 2022 წლის 1 იანვრისთვის. რაც შესაძლებლობას მისცემს საბაჟო ფორმალობებში ჩართულ პირებს უკეთ შეძლონ კანონმდებლობის მოთხოვნებთან ადაპტირება.

მომხსენებელმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში საკითხის განხილვისას განაცხადა, რომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველომ ეტაპობრივად უნდა განახორციელოს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სისტემის სრულყოფილი ამოქმედება.

მომხსენებლის თქმით, საქართველოს საბაჟო კოდექსში არსებული გარდამავალი და დასკვნითი დებულებების ამოქმედების გადავადება შესაძლებლობას მისცემს საბაჟო ფორმალობებში ჩართულ პირებს უკეთ მოახდინონ ადაპტირება კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

კანონპროექტით თავისუფალი ვაჭრობის პუნქტს (Duty Free), რომელიც არ მდებარეობს ქვეყნის სასაზღვრო ზოლში, 2023 წლის 1 იანვრამდე გაუგრძელდება შესაძლებლობა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობა, რითაც ამ საქმიანობის განმახორციელებელ პირებს, მიეცემათ მეტი დრო კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად.

ახალი წესებით საქონლის შემოტანა-გატანისას ზოგადი დეკლარირება წინასწარ, საქონლის წარდგენამდე უნდა განახორციელოს საქონლის გადამზიდავმა.

ასევე, ტერმინი „სასაქონლო ოპერაცია“ იცვლება ტერმინით „საბაჟო პროცედურა“ და ერთმანეთთან შესაბამისობაში მოდის საგადასახადო და საბაჟო კოდექსები.

აღნიშნულიდან გამომდინარე იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლების დებულებების ამოქმედება 2023 წლის 1 იანვრამდე შეჩერდება.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტს.

წინა სტატიაშიჯაფარიძე – სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას შეუძლია, გადამწყვეტი როლი ითამაშოს, პრეზიდენტის მხრიდან პროცესი ინიცირებული თუ იქნება, მასში აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ
შემდეგი სტატიაჯანდაცვის მინისტრს ფოლადის გამძლეობა და ატანა მინდა ვუსურვო- სერგეენკო