საბა მეტრეველი: იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ სრული კომპლექტი უკვე დაურიგდათ პირველკლასელებს

გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ფრიად მნიშვნელოვანი შესწორება კანონში ზოგადი განათლების შესახებ, რომლის თანახმადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საფუძველზე სასწავლო სახელმძღვანელოს მოსამზადებლად აუცილებელია, ოფიციალურად შეიქმნას სპეციალური კომისია და ამ კომისიის დასკვნის საფუძველზე სამინისტრო ასეთ სახელმძღვანელოს პირდაპირ მიანიჭებს სასწავლო გრიფს.
აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის საფუძველზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გასულ წელსვე შექმნა იაკობ გოგებაშვილის “დედაენის” სასწავლო სახელმძღვანელოდ მომამზადებელი სპეციალური კომისია, რომელმაც განსაზღვრულ ვადებში მოამზადა და განათლების მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგინა მოსწავლის წიგნის ახალი რედაქცია.
“დედაენის” ამ ვერსიას მიენიჭა სასწავლო გრიფი, დაიბეჭდა სრული ტირაჟით და გასულ სასწავლო წელსვე საჩუქრად დაურიგდა ყველა პირველკლასელს. სამწუხაროდ, მაშინ ვერ მოხერხდა, მოსწავლის წიგნთან ერთად, გამოცემულიყო მოსწავლის რვეულისა და წერის დედნის (იგივე კალიგრაფიის რვეული), აგრეთვე მასწავლებლის წიგნის შესაბამისი რედაქციები. ამიტომაც, მასწავლებლებს არ მიეცათ შესაძლელობა, აერჩიათ და სრულფასოვნად გამოეცადათ “დედაენის” კომისიისეული ვერსია.
საბედნიეროდ, მიმდინარე წელს წარმომამდგენლობითმა სპეციალიზებულმა კომისიამ (ექსპერტთა ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: დაწყებითი კლასების პედაგოგი ეკატერინე ბერძენიშვილი, ფსიქოლოგი ნანა გოგიჩაშვილი, ენათმეცნიერი გიორგი გოგოლაშვილი, ლიტერატურათმცოდნე საბა მეტრეველი. ჯგუფის ხელმძღვანელი აკადემიკოსი ავთანდილ არაბული) დაასრულა “დედაენის” სრული კომპლექტის მომზადება.
სასიხარულოა, რომ იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“, მოსწავლის რვეულთან, წერის დედანთან და მასწავლებლის წიგნთან ერთად, უკვე დაიბეჭდა და საჯარო სკოლებს საჩუქრად დაურიგდა. ამიერიდან მასწავლებლებს აქვთ შესაძლებლობა, დედაენა, სხვა ალტერნატიულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად, თავისუფლად აირჩიონ და თანამედროვე ბავშვები კვლავაც აზიარონ იმ მადლს, რომლის მატარებელიც არის იაკობ გოგებაშვილის უკვდავი მემკვიდრეობა.
დიდი იმედი მაქვს, რომ “დედაენის” ერთგული პედაგოგები თავად მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას ამ ძეგლის შემდგომ ადაპტირებაში ეროვნული სკოლის თანამედროვე ამოცანებთან.

banner
წინა სტატიაშიფოთის მუნიციპალიტეტმა 9 ავარიული გზის სარეაბილიტაციოდ ტენდერი გამოაცხადა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 144 ბათუმში დაფიქსირდა