საბა მეტრეველი: აგიოგრაფია მკვდარი ტექსტი მხოლოდ მკვდართაგან ხმობილთათვისაა

METREVELI
საბა მეტრეველი

ბატონო საბა, გამომცემლობასაგამ” დაბეჭდა თქვენი მონოგრაფიაქართული სულიერი კულტურის პარადიგმები აგიოგრაფია” (რედაქტორი პროფესორი ლაურა გრიგოლაშვილი), რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა დღეს ამ წიგნის მიმართ ასეთი ინტერესი?

 

აგიოგრაფია, როგორც ზესთასოფელთან მიმართებით ყოფიერებისა და არსებობის მთლიანობის განცდა, როგორც დიდი კულტურულ-სააზროვნო სივრცე, წარმავალის მიღმა დგას და წარუვალზე გვაფიქრებს. მასში კონსტრუირდება სიკეთისა და ბოროტების, წუთისოფლისა (ამქვეყნიურისა) და ზესთასოფლის (იმქვეყნიურის) შეხვედრის ტოპოსი. თავისი მიზანდასახულობით აგიოგრაფია ადამიანის არსებობის სიმტკიცეს განაპირობებს და, რაც მთავარია, იმედს იძლევა, იმედს იმისას, რომ არსებობს სულის გადარჩენის რეალური გზა და სწორედ, ამ “იწრო და საჭირველ” გზაზე გვატარებს მთავარი გმირი – წმინდანი, რომელიც რწმენის, სიყვარულისა და ერთგულების კონკრეტულ მაგალითს გვაძლევს. თანამედროვე დაუნდობელ და უსულგულო ეპოქაში ისტერიული მედიასივრცითა და აგრესიული პოლიტიკით დაღლილი საზოგადოება მაინც დაეძებს მარადიულ ფასეულობებს და სწორედ ასეთი კატეგორიაა ამ წიგნის უპირველესი მკითხველი.

 

ჩვენს ბავშვობაში სხვაგვარი აქცენტებით გვასწავლიდნენ ქართულ აგიოგრაფიას. რა იყო ამის მიზეზი?

 

ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების სწავლასა და სწავლებას კარგა ხანი ამუხრუჭებდა საბჭოთა ტოტალიტარიზმი. ღმერთთან დაპირისპირებული რეჟიმი დაუნდობელი სიძულვილით ებრძოდა სიწმინდეებს. ერთი დამახასიათებელი ნიმუში ბოლშევიკური აზროვნებისა, თუ როგორ სძულდათ ყველაფერი, ქრისტიანობასთან დაკავშირებული, 1929 წელს ჟურნალ „მნათობში“ პროლეტმწერლობის ქომაგის, პანტელეიმონ ქიქოძის, ეს სიტყვებიცაა: ჯვარის მონასტრის მუზეუმი მხოლოდ და მხოლოდ მშრომელთა ექსპლუატაციისა და უმაგალითო წამების მუზეუმი თუ შეიძლება იქნეს და არავითარ შემთხვევაში საქართველოს შრომის და მშრომელთა ისტორიისა. მშრომელთა ისტორიის მუზეუმი – რევოლუციის მუზეუმია და მას არაფერი საერთო არა აქვს იმ მუზეუმთან, რომელსაც წარმოადგენს ჯვარის მონასტერი და, რომელსაც ჩვენ ვიცავთ როგორც კაცობრიობის კულტურის ექსპლოატატორული საფეხურის ნაშთს“.

ბუნებრივია, ათეისტურ სახელმწიფოში ვერ ხერხდებოდა აგიოგრაფიის კვლევა რელიგიურ-მისტიკური ასპექტით. ის საგანგებოდ მოწყვიტეს ქრისტიანული ხელოვნებისა და კულტურის სივრცეს. შესაბამისად, ძიებანი, ძირითადად, ისტორიულ-ფილოლოგიური რაკურსით მიმდინარეობდა. ამ ტიპის მწერლობის ანალიზისა და შესწავლის ლიტურგიულ-ეორტალოგიური მეთოდი იგნორირებული იყო. სხვათა შორის, სწორედ, ამ პერიოდიდან დაიწყო ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილთა მოხსენიება “წმინდანის” გარეშე. მწარე საბჭოური რეციდივი ინერციით გრძელდება დღესაც. სასკოლო სახელმძღვანელოებში ისევ გვხდება აგიოგრაფიულ ტექსტთა ასეთი დასახელებები: “შუშანიკის წამება”, “აბოს წამება”, “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება”.

 

მიუხედავად ათეისტური რეჟიმისა, ყინული მაინც დაიძრა

 

 

ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული აგიოგრაფიული ლიტერატურის რეცეფცია ახალ ეტაპზე გადავიდა. თანდათან მოიხსნა ცენზურის მარწუხები და, ბოლოს, ის დაუბრუნდა თავის ბუნებრივ მდგომარეობას. ამ ეტაპის სათავეებთან დგანან კორნელი კეკელიძის მოწაფეები: მანანა გიგინეიშვილი, რევაზ სირაძე და გრივერ ფარულავა. აგიოგრაფიული მწერლობის, როგორც სისტემის, გააზრება რელიგიურ-მსოფლმხედველობითი და ეთიკურ-კულტურული პერსპექტივით განსაკუთრებულად გაფართოვდაMმეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულიდან.

 

თუმცა, არც ჩვენმა საუკუნემ დაინდო აგიოგრაფია, თანაც სამთავრობო დონეზე

 

როგორც ამბობენ, ისტორია მეორდებაო. 21-ე საუკუნე საკმაოდ რთულად დაიწყო ქართული აგიოგრაფიისათვის. უკვე თავისუფალ საქართველოში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოზიციიდან ისევ შეუტიეს საეკლესიო მწერლობის ამ დარგს: “ჰაგიოგრაფია სძულთ მოსწავლეებს, იმიტომ, რომ ვერაფერს იგებენ. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ წიგნის დახურვისთანავე ივიწყებენ. ეს არის მკვდარი ტექსტი, რომელიც დღევანდელ ცხოვრებაში გაჩენილ კითხვებზე პასუხს ვერ სცემს. მერე რა, რომ ის ჩვენი ისტორიაა. ისტორიაში იმდენი ნაგავია, სად გადავყაროთ, არ ვიცით”.

“მკვდარნო მკვდართაგან ხმობილნო” – თითქოს ასეთი პასუხი გასცა ამ უტიფრობას თავად აგიოგრაფიულმა მწერლობამ, კერძოდ, “წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებამ”.

როგორ ჰგავს პ. ქიქოძისა და ალ. ლომაიას რიტორიკა ერთმანეთს – ასე ხდება ყოველთვის, როცა მძვინვარებს ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმი, რომელიც ვერასდროს ეგუება უმაღლეს სულიერ ფასეულობებს.

კიდევ კარგი, 2012 წელს ეს ნეობოლშევიკური რეჟიმიც დამთავრდა და უმაღლეს ხელისუფალს არ დასცალდა მზაკვრული გეგმის შესრულება. ლომაიას სურვილი, სანაგვეზე მოესროლათ აგიოგრაფია, განუხორციელებელი დარჩა! ქართულ სკოლასა და უნივერსიტეტებში არ შეფერხებულა ქართული აგიოგრაფიული მწერლობის ძეგლების სწავლება.

 

თქვენი მონოგრაფია აგიოგრაფიის სპეციფიკის, მისი თავისებურებების გარკვევის მცდელობაა. მასში შესწავლილი და შეფასებულია ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლებიწმინდა ნინოს ცხოვრებიდან’ მოყოლებულიწმინდა გიორგი მთაწმინდლის ცხოვრებით” დამთავრებული.

 

დიახ, წიგნში გაანალიზებულია IV-XI საუკუნეების აგიოგრაფიის 17 ტექსტი. მცირედით გადავუხვევ და გეტყვით,  რომ ჩემთვის დღემდე აუხსნელი დარჩა იმ ფენომენალური შრომის ფასი, რომელიც აკადემიკოსმა კორნელი კეკელიძემ გასწია. როგორ ეყო ერთი სიცოცხლე ისეთ მასშტაბსა და ჰორიზონტებს, რომლებიც მან დაიპყრო! ამიტომ მჯერა, რომ მისი ნათელი ადგას ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლის ისტორიას და ეს მადლი დღმედე გვინათებს გზას ყველას, ვინც ამ სფეროში აღმოჩენილა.

ჩემი ლექტორ-მასწავლებლები იყვნენ კორნელი კეკელიძის მოწაფეები და ყოველ მათგანს განსაკუთრებული მოწიწება და სიწმინდის რანგში აყვანილი სიყვარული ჰქონდა თავიანთი მასწავლებლის მიმართ. მე კი კორნელი კეკელიძის მოწაფეთა მოწაფე ვარ.

ახლა, როცა უფრო ვგრძნობ სიკვდილ-სიცოცხლის სიახლოვესა და ყოფნა-არყოფნის ფილოსოფიას, განსაკუთრებულად მჭირდება საეკლესიო მწერლობის ეს დარგი, როგორც მამხილებელი გონი, როგორც მეგობარი, თანამოაზრე, კონკრეტული ცოცხალი მაგალითი განსაცდელსა და სიხარულში, ერთგულებასა და სიყვარულში, სიკეთისა და სიმართლის მსახურებაში; მჭირდება “სახედ სათნოებისა და სწავლად სიბრძნისა და სიმხნედ ახოვნებისა”; მჭირდება იმედად და ნუგეშად, სიმდაბლის მოსაპოვებლად, რათა მენტალობის საყოველთაო ცვალებადობის, ტოტალური ნიჰილიზმისა და რეალობის კრიზისის ეპოქაში შევძლო რიგით კაცად ცხოვრება

                                             

 

ესაუბრა ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიმეუფე იაკობი მელიაზე – მე ციხეში დაჭერა არავისი არ მინდა
შემდეგი სტატიამეუფე ნიკოლოზი – პატრიარქი არის საოცრად მოწყალე ადამიანი და როგორც მამა, მზად არის, მიუტევოს მეუფე პეტრეს