საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო

დღეს საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგოც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ბიულეტენები იბეჭდება 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, საკრებულოების შუალედური, მერების რიგგარეშე და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის.

ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და მას ცესკოს წევრებთან ერთად დააკვირდება 15 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 16 დამკვირვებელი.

საერთო ჯამში, თბილისის 7 სტამბაში 3 725 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება 7 102 600 ბიულეტენი. მათგან 3 160 900 განკუთვნილია საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემით, 3 097 800 საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, 40 100 – საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის – 219 800, ხოლო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის, ჯამში – 584 000 ბიულეტენი.

„ამომრჩევლებს კენჭისყრის დღეს, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისათვის, გადაეცემათ ორი ბიულეტენი როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით. იქ, სადაც ასევე ტარდება საკრებულოს შუალედური არჩევნები, კერძოდ, თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების 39 საარჩევნო უბანზე, ამომრჩევლები მიიღებენ 3 ბიულეტენს; კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში, ჯამში 255 საარჩევნო უბანზე, ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის არჩევნების ბიულეტენთან ერთად ასევე მიიღებენ მუნიციპალიტეტის მერის ასარჩევ ბიულეტენს. აღსანიშნავია, რომ ონის მუნიციპალიტეტის მხოლოდ ერთ საარჩევნო უბანზე, ვინაიდან იქ საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად, ასევე ტარდება საკრებულოს შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები, ამომრჩევლები მიიღებენ 4 ბიულეტენს. რაც შეეხება აჭარას, ვინაიდან 31 ოქტომბერს იმართება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც, ამომრჩევლები მიიღებენ 4 ბიულეტენს – ორს საქართველოს პარლამენტის, ხოლო ორს – აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის“,-განაცხადა მიქელაძემ.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: რაც შეეხება ჩემ შინაგან რწმენას, მას როგორც ფაქტს, ვერ გავავრცელებ, მაგრამ როგორც მოსაზრებას – ცხადია კი
შემდეგი სტატიაავჭალაში მანქანაში ჩაცხრილული ვალერიან ნემსიწვერიძე წყალტუბოს მკვიდრია