სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმე – მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯელობა გრძელდება. ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი პროცესს საკუთარი სურვილით არ ესწრება, აცხადებს, რომ შეუძლოდაა. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ.

ბრალდების მხარე ითხოვდა, რომ 12 მოწმე არ ყოფილიყო დასაშვებად ცნობილი და მათი გამოკითხვა არ მომხდარიყო შემდეგ ეტაპზე, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ზალაში დატოვა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ნუსხა და მტკიცებულებების სია.

ამ ეტაპზე, გარკვეული საკითხების განხილვა კვლავ გრძელდება. მათ შორის, მოსამართლე განიხილავს ადვოკატების შუამდგომლობას, აღუდგეს თუ არა მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება.

მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს სასამართლოზე მისი ადვოკატი, ბექა ბასილაია იცავს. ადვოკატი აცხადებს, რომ წარმოდგენილ დოკუმენტებში ასახული ინფორმაცია პირდაპირ მიუთითებს, რომ ექსპრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

“ამ დოკუმენტებში ასახული ინფორმაცია, პირდაპირ მეტყველებს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. ვხედავთ, როგორ ირღვევა მისი უფლებები – ირღვევა სასამართლოში წარდგენის უფლება, მისი პერსონალური ინფორმაცია, მის წინააღმდეგ დანაშაულებრივ ქმედებებს ჰქონდა ადგილი, როდესაც ღირსების შემლახავი მოპყრობა მთელმა ქვეყანამ ვიხილეთ, შემდეგ ფსიქოლოგიური ტერორი. განხილვის ფარგლებში წარმოგიდგინეთ ის, რაც აწმყოში ხდება – როგორ ირღვევა მიხეილ სააკაშვილის უფლებები და ეს პირდაპირ ებმის ამ საქმეზე ბრალდებას,”- განაცხადა ბექა ბასილაიამ.

წინა სტატიაშიქუთაისში სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, აქცია იმართება
შემდეგი სტატიაჰერმან საბო: არ მგონია, რომ პარალელურად შეიძლებოდეს, რიგგარეშე არჩევნები დავაყენოთ ულტიმატუმად და ვისაუბროთ შერიგებაზე