სააკაშვილის გადადგომის შესახებ სრული ტექსტი: “დავიღალე და ეს ყველაფერი მომბეზრდა”

news
ავტ.: news ნოემბერი 7, 2016 17:19

სააკაშვილის გადადგომის შესახებ სრული ტექსტი: “დავიღალე და ეს ყველაფერი მომბეზრდა”

რამდენიმე საათის წინ ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. “თაიმერი” სააკაშვილის გამოსვლის სრულ ტექსტს გთავაზობთ.

“აქ, ჩემთან ერთად ის ახალგაზრდა ადამიანები დგანან, რომლებმაც ღია საბაჟო სივრცეში მუშაობის კონკურსში გაიმარჯვეს, რომლის შექმნაც, ამ ჯგუფთან ერთად გვინდოდა. ჩვენ ყველანი ველოდებოდით, რომ წლის დასაწყისში ეს რემონტი დასრულდებოდა. ყველანი ველოდებოდით, რომ ეს ახალგაზრდები იქ დაიწყებდნენ მუშაობას. აქ უნდა დასრულებულიყო რემონტი და ყველაფერი ადგილზე ჩამდგარიყო.
სინამდვილეში კი, მოხდა ისე, რომ რემონტის ფული მოიპარეს, ჩვენი თანამშრომლები არ მუშაობენ და როგორც ყოველთვის, მოგვატყუეს. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში პრეზიდენტი დამპირდა, რომ მხარს დაუჭერდა ამ პროექტს. აპრილში მან საზეიმოდ წარმოსთქვა ეს დაპირება და მას თითიც კი არ გაუნძრევია იმისათვის, რომ ეს პროექტი ადგილიდან დაძრულიყო. შეკითხვა მინდა დავსვა: რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს ტყუილი და სიცრუე?

რამდენიმე დღის წინ მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი დაიხურა, რომელიც პოროშენკომ ადგილობრივ არჩევნებამდე საზეიმოდ გახსნა. მაშინ მან თქვა, რომ რეფორმები გარდაუვალია. ჩვენ ახალგაზრდები შევკრიბეთ. შემდეგ, მისი ფრაქციის წევრების ინიციატივით ახალი ნორმები შევიდა ძალაში, რომლის თანახმადაც ეს ცენტრი ვერ ფუნქციონირებს.
მე მივმართე პრეზიდენტს მოწოდებით, ხელი არ მოეწერა ამ კანონისთვის. ჩემი მოწოდების შემდეგ მან ხელი მაინც მოაწერა და ცენტრი დაიხურა. ახლა ადამაინებს, ოდესელებს, რომლებიც ისევ ტრუხანოვის ძველ ცენტრში დარჩნენ, ისევ ორი თვე მოუწევთ ცდა და ქრთამის გადახდა.

მე ეს რეალურად მომბეზრდა. მე ნამდვილად დავიღალე. კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირებით. ვხედავთ, რომ რეგრესის ძალები ყველა მხრიდან უტევენ პროგრესულ ძალებს. ვხედავთ, რომ ყველაფერ ახალს ძირშივე კლავენ. და ეს ყველაფერი მთელი უკრაინის თვალწინ ხდება. ეს რა სამუშაოა, როცა მე, როგორც ვიღაცა მონღოლის ხანს, კარვების დადგმა მიწევს მსოფლიოს თვალწინ ქუჩებში, მიწევს სამუშაოდ კარავში გადასვლა და სამათხოვრო ხურდების შეგროვება გზებისთვის, რომელიც ათეულობით წელია არ შეკეთებულა. მაშინ, როცა ისინი დეკლარაციას აქვეყნებენ, სადაც იმაზე მეტი თანხებია ნაჩვენები, ვიდრე ყველა გზის შეკეთებას და ევროპული გზის გაკეთებას სჭირდება, ასევე სხვა სფეროებს. ეს სამსახური არ არის. და ეს ძალიან მომბეზრდა. ამისგან ძალიან დავიღალე.

უკვე მეექვსე თვეა, ჩემი ოთხი მოადგილიდან სამს არ ნიშნავენ. ახლა კი, ისევ ძველებურად დაიწყეს. ისევ დაიწყეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელების თანამდებობების გაყიდვა. გაყალბებული კონკურსით მოიყვანეს ხალხი ჩვენს მიერ ჩატარებული გამჭვირვალე კონკურსის საპირისპიროდ, ახალგაზრდა, პერსპექტიული, იდეალისტურად განწყობილი ახალგაზრდების ნაცვლად ისევ ძველი კორუმპირებულები მოიყვანეს. და ეს სამსახური არ არის. მინდა ყველას ვუთხრა: მომბეზრდა. და რა მნიშვნელობა აქვს უკრაინელებისათვის, ვინ შეაფურთხებს მათ: პოროშენკო თუ იანუკოვიჩი? რა მნიშვნელობა აქვს უკრაინელებისათვის ვინ გაქურდავს მათ: ენაკიევსკი თუ კონონენკო? რა მნიშვნელობა აქვს ვინ მიისაკუთრებს, ვიღაც კოვალჩუკი თუ კლიუჩევი? რა მნიშვნელობა აქვს უკრაინელებისათვის, ოდესელებისათვის, ადრე გონჩარენკო, პრესმანი კოვალოვი ქურდავდა თუ ახლა ახალი ადმინისტრაცია? რა შეიცვალა ხალხისთვის?

როცა ჩვენ ვამბობდით, რომ ყველაფერს შევცვლიდით, პრეზიდენტი პოროშენკო მეუბნებოდა, რომ მას იანუკოვიჩი და იაცენიუკი უშლიან ხელს. ჩვენ მას დავეხმარეთ იაცენიუკისგან განთავისუფლებაში. და რითი დასრულდა ეს? პრეზიდენტის შემადგენლობამ იაცენიუკის გუნდი წინ წასწია, და ამ სქემაშიც ისევე იპარავენ, როგორც იპარავდნენ. უფრო მეტიც, ავაკოვი და ნასიროვი – კორუფციის ბოძები – ისევ საკუთარ სავარძლებში დარჩნენ. არ ვაპირებ ამის მოთმენას, მომბეზრდა, დავიღალე და მინდა გითხრათ: ცხოვრებაში ასე ძალიან ჯერ არავის მოვუტყუებივარ. თან ასე ცინიკურად.

ამიტომ, მინდა შემდეგი რამ გითხრათ.

გულწრფელი რომ ვიყო, უნდა გითხრათ, რომ ჩემთვის უკანასკნელი წვეთი ელექტრონული დეკლარაციები იყო. როცა ამ გათავხედებულ სიფათებს ვხედავ… სხვა სიტყვა არ მაქვს… რომლებიც აქ და მთელ უკრაინაში თავხედურად აცხადებენ, რომ მათ მილიონები მხოლოდ პირადად აქვთ და სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას იღებენ, იმ პენსიონერებისგან, რომლებიც თავიანთი მოცახცახე თითებით უკანასკნელ ხურდებს აგროვებენ იმისათვის, რომ შიმშილისგან დაიხსნან თავი… ამ დროს რას ვხედავ? რომ არც ერთი წესიერი ჩინოვნიკი, რომელმაც ახლებურად დაიწყო მუშაობა, არ იღებს დაცვას და მთავრობა მას ათასგვარ ძაღლებს უსევს.
ამ სიტუაციაში, როცა პრეზიდენტი ოდესის მხარეში რეალურად ორ კლანს მფარველობს: ეს კლანი ბანდიტურია, კრიმინალური კლანი 90-იანების მკვლელი ტრუხანოვისა და უმანსკის იზმაილის კორუფციული კლანი… რეალურად მხარეში მთელი ძალაუფლება ამ ორ კლანს და მათ მოკავშირე-სეპარატისტებს მისცეს “ჩვენი მხარედან” ანტონ კისეს. და ეს სრულიად ღიად ხდება. და ოდესის მხარეს არა მხოლოდ კორუმპირებულებს აძლევენ, არამედ, უკრაინის მტრებსაც. და მე არ ვაპირებ გავჩუმდე, და მე ეს ყველაფერი ნამდვილად მომბეზრდა.
ამიტომ, ოდესელებს მინდა ვუთხრა: მე ძალიან მიყვარს ეს მხარე, ჩვენ ბევრი რამე ერთად დავიწყეთ, დღემდე მხარს მიჭერდნენ. ბევრი უბრალო ხალხი ვნახე ქუჩებში, მინდვრებზე, რომლებიც ჩემთან მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ: ოღონდ არ დაგვტოვო, არ წახვიდეთ. მე ნამდვილად არ მინდა ოდესელების დატოვება ბედის ანაბარა, მაგრამ მათ მინდა ვუთხრა: ჩვენ აუცილებლად ავაყვავებთ ოდესას.

მე როცა აქ მოვედი, მინდოდა, რომ აქ განვითარების იგივე ტემპები ყოფილიყო, რაც ბათუმში. მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს, რომ ბათუმში ჩვენ წინსვლა მხოლოდ მაშინ დავიწყეთ, როცა თბილისი კორუმპირებულებისგან გავანთავისუფლეთ. და ოდესაც მაშინ დაიწყებს აყვავებას, როცა კიევი განთავისუფლდება კორუმპირებულებისგან, რომლებიც ბანდიტებს მფარველობენ.
ამიტომ ამ სიტუაციაში დაგავწყვიტე გადავმდგარიყავი და ბრძოლის ახალი ეტაპის დამეწყო. მე ხელებს არ ჩამოვუშვებ. მე არ დავიღლები. იმათ ნუ მიეცემათ იმედი და ნუ გაითვლიან ჩემს ჩამოშორებაზე. მე ის ჯარისკაცი ვარ, რომელიც მიდის იმდენს, რამდენიც შეუძლია, შემდეგ კი, იმდენს მიდის, რამდენიც საჭიროა: რამდენიც საჭიროა სრული გამარჯვებისთვის, რომ უკრაინა საშინელებისაგან გაანთავისუფლოს, კორუმპირებულებისგან გაანთავისუფლოს, რომლებიც ჩვენი ჯარისკაცების სისხლის, მაიდანის მსხვეროლების კაპიტალიზირებას ახდენენ, რომელმაც გაყიდეს უკრაინის რევოლუციის იდეა და რომელთაც ერთადერთი მოტივაცია აქვთ – საკუთარი ჯიბეები გაივსონ, საკუთარი კლანი გააძლიერონ და საბოლოოდ გაქურდონ უკრაინა ძაფამდე. ვერ მოესწრებით. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში საჭიროზე მეტი ახალგაზრდა სუფთა ადამიანები არიან, რომლებიც არანაირად არ არიან ამ ყველაფერთან კავშირში, რომელიც ამ ყველაფერს ამუხრუჭებს.
ჩვენ აუცილებლად გავერთიანდებით და ჩვენ აუცილებლად დავასრულებთ ოდესელებისათვის უკრაინის გასამარჯვებლად ბრძოლას, ყველა უკრაინელის გამო” – თქვა მიხელ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომაზე სიტყვით გამოსვლისას.

news
ავტ.: news ნოემბერი 7, 2016 17:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,030
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics