სააკაშვილი – ყველას ვთხოვ, ნუ აქცევს ჩემს ჯანმრთელობას მთავარ საკითხად

ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ წლების შემდეგ, საქართველოში სიკვდილით დასჯას აღდგენდნენ, და, ბედის ირონიით, აღადგენდნენ ჩემთვის. არა უშავს, ყველაფერი ხდება, მაგრამ ბოროტი ვერასდროს ვერ ძლევს კეთილს, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში სააკაშვილი წერს, 1998 წელს მისი ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველოში სიკვდილით დასჯის სამუდამოდ გაუქმების თაობაზე.

„1998 წელს, მაშინდელი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი. ჩემი ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველოში სიკვდილით დასჯის სამუდამოდ გაუქმების თაობაზე. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ წლების შემდეგ, საქართველოში სიკვდილით დასჯას აღდგენდნენ, და, ბედის ირონიით, აღადგენდნენ ჩემთვის. არა უშავს, ყველაფერი ხდება, მაგრამ ბოროტი ვერასდროს ვერ ძლევს კეთილს. აქვე, მინდა მივმართო ყველას. მეგობრებო, მე საპყრობილეში ჩავჯექი და ვშიმშილობ არა იმის გამო, რომ ეს იყოს მთავარი თემა. მე არ გავმხდარვარ ივანიშვილი მძევალი იმისთვის, რომ მთავარი თემა ჩემი უკან გამოხსნა ყოფილიყო. ცხადია, ამაში არც ლოგიკაა და არც რაციონალურობა.

მე დავბრუნდი, ნებაყოფლობით მძევლობაში ჩავბარდი და ახლა სიკვდილამდე ვაპირებ შიმშილს, რომ ჩემი მაგალითით წვლილი შევიტანო ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებაში, მისი ევროპული გზის შენარჩუნებაში და რუსული ოლიგარქატის კლანჭებიდან გამოხსნაში. ამიტომაც, სრულიად მიუღებელია და ყველას ვთხოვ, ნუ აქცევს ჩემი ჯანმრთელობის თემას დღის წესრიგის მთავარ საკითხად, ნუ გადააფარინებს სააკაშვილის შიმშილობის თემას მთავარ ჩვენს მიზანს: მოპარული არჩევნების და ხელისუფლების ქართველი ხალხისთვის დაბრუნების თემას. ჩემი შიმშილობა არის ამის მიღწევის საშუალება, და არ შეიძლება საშუალება უფრო წინ დავაყენოთ, ვიდრე მიზანი. და ბოლოს, ჩემთვის, როგორც ქართველი მართლმადიდებელისთვის, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და კეთილისმყოფელი დღე იყო. დიდი მადლობა მეუფე ნიკოლოზს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჩემი ზიარებისთვის“, – განაცხადა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია სააკაშვილის კადრებზე: ჯანდაცვასთან დაკავშირებული ინფორმაცია არის კონფიდენციალური, პენიტენციურს ალბათ აქვს განმარტება
შემდეგი სტატიაშსს-სთან 4 აქტივისტი დააკავეს