სააკაშვილი: გავიგე, რომ საპატიმროში სამხედროები შიმშილობენ, მინდა, როგორც თქვენმა ყოფილმა უმაღლესმა მთავარსარდალმა მოგთხოვოთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ შიმშილობა

გავიგე, რომ საპატიმროში მყოფი სამხედროები შიმშილობენ, მინდა, როგორც თქვენმა ყოფილმა უმაღლესმა მთავარსარდალმა მოგთხოვოთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ შიმშილობა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ ჟურნალისტებს გააცნო.

„მინდა, გაგაცნოთ ერთი წერილი. იცით, რომ ამ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ სამხედროები და კრიტიკულად შემაშფოთებელია რომან შამათავას ჯანმრთელობის მდგომარეობა. სააკაშვილმა მიმართა წერილით და მე ბედნიერი ვარ, რომ მას ვკითხულობ, რადგან ეს არის სიამაყით სავსე წერილი, ვაჟკაცობის, თავდადების მაგალითი, როგორი უნდა იყო მთავარსარდალი“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

როგორც წერილში მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, საპატიმროში მყოფი რომან შამათავას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამასთან, აცხადებს, რომ „ამ ეტაპზე მისი მსხვერპლიც საკმარისია“.

„გავიგე, რომ საპატიმროში მყოფი სამხედროები შიმშილობენ ჩემთან სოლიდარობის ნიშნად. ისიც გავიგე, რომ სულ მცირე ერთი მათგანის, რომან შამათავას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. შამათავა არის საქართველოს ეროვნული გმირი. მინდა, კი არ გთხოვოთ, არამედ როგორც თქვენმა ყოფილმა უმაღლესმა მთავარსარდალმა მოგთხოვოთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ შიმშილობა. ჩემი მსხვერპლიც საკმარისია ამ ეტაპზე. ძმური სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი“, – აღნიშნულია სააკაშვილის წერილში.

 

 

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე: თუ გამოძიების შედეგად დადგინდება, რომ რაიმე იყო უკანონო რასაკვირველია, ამას მოყვება უმკაცრესი რეაქცია
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: თბილისის მომავალი მთავრობის შემადგენლობა თითქმის შეჯერებულია