რუსული ხიშტებით დახვრეტილი ჯანსუღ ჩარკვიანის «ცისკარი»

14489803_1209096952447137_2073170701_oბებერი ლომის 85-წლიანი თავისუფლება

დღეს, საქართველოს სახალხო პოეტი, შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის, მაიაკოვსკის და ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ «ოქროს ფრთის» პრემიების ლაერეატი ჯანსუღ ჩარკვიანი, რომელსაც 2014 წელს «პოეზიის მეფის» წოდება მიენიჭა, 85 წლის გახდა.  ორი წლის წინ, «საქართველოს კულტურის პალატისა» და მისი ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილის ინიციატივითა და თბილისის მერიის ხელშეწყობით, დიდი საკონცერტო დარბაზის წინ, ჯანსუღ ჩარკვიანისა და მისი ვაჟის, მომღერალ მამუკა ჩარკვიანის ვარსკვლავი გაიხსნაისე, სიმართლე რომ ითქვას, ბატონი ჯანსუღი დიდი ხანია, ვარსკვლავია! სხვათა შორის, თავის დროზე, როცა გალაკტიონს მომავალი სახალხო პოეტის პირველი წიგნი უნახავს, ზედ მიუწერია: «ჯანსუღ ჩარკვიანიდაიმახსოვრეთ ეს სახელი და გვარიგოგლა ლეონიძეს კი, უთქვამს: «ჯანსუღ, ჩემი ჯილა ხარ!»…

მოკლედ, ამ ადამიანმა ეპოქა შექმნა, ეპოქა, რომელიც საუკუნეებს გაუძლებს. ჭეშმარიტი პოეტის დანიშნულებაც სწორედ ესაა… პოეტის სიდიდეს ხაზს კიდევ ერთი დეტალი უსვამს – მისი ამღერებული ლექსები, ანუ ჯანსუღს  სიმღერის ტექსტი არასოდეს დაუწერია. ყველა სიმღერა მის უკვე დაწერილ ლექსზე შეიქმნა. მუსიკოსები ამბობენ, ჯანსუღის პოეზია თავადაა მუსიკაო. ამიტომაც, მაცაცო სეფისკვერაძემ, ნუნუ გაბუნიამ, ვაჟა აზარაშვილმა, ნუნუ დუღაშვილმა, ჯემალ სეფიაშვილმა, მარიკო კვალიაშვილმა და კიდევ ვინ მოსთვლის, რამდენმა ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორმა მის ლექსებზე უკვდავი სიმღერები შექმნეს… საერთოდ, სიმღერა ბატონი ჯანსუღის 150 ლექსზეა დაწერილი…

ეს ამბავი 1969 წლის 16 დეკემბერს მოხდა… მაშინ ბატონი ჯანსუღი ჟურნალ «ცისკრის» რედაქტორი გახლდათ…

როგორც ჩანს, ინფორმაციამ გაჟონა, «ცისკარში» რეზო ჯაფარიძის ანტისაბჭოური წერილი იბეჭდება მცხეთის ჯვართან დაკავშირებითო… ასეთი წერილები მაშინ საბჭოთა კავშირისთვის ძირგამომთხრელ პროპაგანდად ითვლებოდა და, წესით, მხოლოდ წერილის ავტორი კი არა, «ცისკრის» რედაქტორი, ჯანსუღ ჩარკვიანიც უნდა «გაეციმბირებინათ», მაგრამ პირველ ეტაპზე, გაციმბირებაზე მეტად ის იყო მთავარი, რომ რეზო ჯაფარიძის თხემით ტერფამდე პროქართულ წერილს დღის სინათლე არ ენახა… წითელმა იდეოლოგებმა, როგორც ჩანს, კარგად იცოდნენ, რომ ბატონი ჯანსუღის ცეკა-ში დაბარება შედეგს არ მოიტანდა – მაინც თავისას გააკეთებდა.

ვინ დაგეგმა ჟურნალის დახვრეტის სპეცოპერაცია – რესპუბლიკის ხელმძღვანელმა თუ ცეკა-ს იდეოლოგებმა? – ამას, ალბათ, მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია: შუაღამისას, როცა ჟურნალი რედაქციამ დასაბეჭდად გააგზავნა, სტამბაში საბჭოთა კავშირის ამიერკავკასიის სამხედრო ქვედანაყოფი, ე.წ. მერვე პოლკი შეიჭრა და «ცისკარი» ხიშტებით დახვრიტა. სტამბის მუშებმა ივაჟკაცეს და 75-ათასიდან რამდენიმე ეგზემპლარი გადაარჩინეს. ასე შემორჩა ისტორიას დახვრეტილი «ცისკარი»…

მოკლედ, ჯანსუღ ჩარკვიანი მხოლოდ პოეტი არ არის.

ჯანსუღ ჩარკვიანი საზოგადო მოღვაწეა, რომელიც ყველა დროსა და ეპოქაში, ყველა ხელისუფლებისა და პოლიტიკური ფორმაციის დროს თავის ჭეშმარიტად ქართულ სიტყვას ამბობდა და ამბობს!

სხვათა შორის, შემთხვევითი არ არის, რომ ბატონი ჯანსუღის გაზეთს სწორედ «ქართული სიტყვა» ჰქვია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც «ქართულ სიტყვაში» ვარ, უამრავ ადამიანს ვხვდები. ეს ხალხი იმდროინდელ «ცისკარზე», მართლაც, ლეგენდებს ჰყვება. სწორედ მათგან ვიცი, რომ ბატონი ჯანსუღი ჟურნალის დახვრეტამაც ვერ გააჩერა და «ცისკარი», პრაქტიკულად, ანტისაბჭოური პროპაგანდის ხან ღია და ხან ფარულ ტრიბუნად იქცა. აკაკი ბაქრაძის ანტისაბჭოური წერილებიც სწორედ «ცისკარში» ქვეყნდებოდა.

ცალკე საუბრის თემაა ჭაბუა ამირეჯიბის «დათა თუთაშხია»: «თუთაშხიაში» ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი და სახასიათო სეთურის სოფელია. ერთხელ, ბატონმა ჯანსუღმა მიამბო, ჭაბუას რბილად ჰქონდა დაწერილი და ჩემი რჩევით, სეთურის სოფელი გაამძაფრაო.

გურამ ფანჯიკიძის «თვალი პატიოსანის» ისტორიაც საინტერესოა. ამ ნაწარმოებს თავიდან, თურმე, «მარცხნიდან მარჯვნივ» ერქვა, მაგრამ ბატონი ჯანსუღის თხოვნით, გურამ ფანჯიკიძემ რომანს «თვალი პატიოსანი» დაარქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაწარმოები დღის სინათლეს ვერ იხილავდა, რადგან იგი საბჭოთა ნომენკლატურაში გამეფებულ კორუფციასა და წითელი ჩინოვნიკების ოჯახის წევრთა მაქინაციებს ამხელდა. სხვათა შორის, «თვალი პატიოსანის» გამოქვეყნების შემდეგ, ჯანსუღ ჩარკვიანი და გურამ ფანჯიკიძე ცეკა-ში ცალ-ცალკე დაუბარებიათ. ჯანსუღს უთქვამს, გურამი რატომ უნდა დასაჯოთ, მთავარი რედაქტორი მე ვარ და «ცისკარშიც» რომანი მე გამოვაქვეყნეო. გურამ ფანჯიკიძესაც იგივე გაუმეორებია, ჯანსუღი რა შუაშია, თუ დასჯაა, მე უნდა დავისაჯო, რადგან რომანის ავტორი ვარო…

ამას წინათ, ცნობილ მეცნიერს, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ვანო კიღურაძეს ველაპარაკებოდი და ბატონმა ვანომ ოტია პაჭკორიას ამბავი გაიხსენა. ოტია პაჭკორია კომუნისტებმა ჯერ კიდევ სტუდენტობისას გააციმბირეს და გადასახლებაში 9 წელი გაატარა. მე-20 საუკუნის 70-იან წლებში სიტყვა «რეაბილიტაცია» ლექსიკონიდან ამოღებული იყო. ბატონ ოტიას ჯანსუღ ჩარკვიანმა ჟურნალ «ცისკრის» რედაქტორის მოადგილეობა შესთავაზა. სასჯელმოხდილ მწერალს გაუღიმია, რატომ მეხუმრებიო, მაგრამ ეს ხუმრობა კი არა, რეალობა იყო. ვანო კიღურაძემ მითხრა, ჯანსუღს სულ რამდენჯერმე შევხვედრივარ, მაგრამ რაც მაშინ ოტია პაჭკორიასთვის გააკეთა, გმირობის ტოლფასიაო. ოტია პაჭკორიას ეპიზოდი იმის დემონსტრირებაა, რომ «ცისკარი», რომელსაც ჯანსუღ ჩარკვიანი 14 წელი რედაქტორობდა, მხოლოდ ლიტერატურული ჟურნალი არ იყო. «ცისკარი» ანტისაბჭოური კურსი იყო და ამას სწორედ ის მოწმობს, რომ ოტია პაჭკორია, რომელსაც ბრალდებები მოხსნილი არ ჰქონდა, ჯანსუღ ჩარკვიანმა ჟურნალის რედაქტორის მოადგილედ დანიშნა!

ისე, ბატონი ჯანსუღი ყოველთვის დიდი სიყვარულით მოიხსენიებს თავის წინამორბედს, ბატონ ვახტანგ ჭელიძეს.

მაშინ, როცა ეს ამბები ხდებოდა, მხოლოდ ერთი ტელევიზია არსებობდა და შესაბამისად, ყველაფერი ის, რაზეც ახლა ვლაპარაკობთ, სამწუხაროდ, არ პიარდებოდა… არადა, ჯანსუღ ჩარკვიანი ეროვნულ მოძრაობას ჯერ კიდევ მაშინ გულშემატკივრობდა, ვიდრე ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ირაკლი წერეთელი და სხვები ეროვნულ იდეალებზე ლაპარაკობდნენ. ეს ამბავი, 80-იანი წლებიდან მოყოლებული, ყველამ კარგად იცის, მაგრამ რატომღაც სააშკარაოზე გამოტანას ერიდება. არადა, ერთადერთი ადამიანი, რომელმაც თავის დროზე მწერალთა კავშირიდან ზვიად გამსახურდიას გარიცხვას მხარი არ დაუჭირა, სწორედ ჯანსუღ ჩარკვიანი იყო და, რამდენიმე წლის წინ, მწერალმა ჯემალ დავლიანიძემ მწერალთა კავშირის სხდომის ეს ოქმი გამოაქვეყნა კიდეც. დღევანდელი გადასახედიდან, ნათელია, თუ ვის, რა ძალებს აწყობდათ ჯანსუღ ჩარკვიანის, ზვიად გამსახურდიას და, საერთოდ, ინტელიგენციისა და ეროვნული ძალების დაპირისპირება.

ირაკლი წერეთელმა გადასახლებიდან ბატონ ჯანსუღს წერილი გამოუგზავნა, რომლიდანაც ამონარიდს გთავაზობთ:

«ბატონო და ჭეშმარიტად მამულიშვილო ჯანსუღ ბიძია!

ვისაც განუცდია ჩემს დღეში ყოფნა და ვისაც ნიჭი აქვს, წარმოიდგინოს იგი, ადვილად მიხვდება, რა მალამოა ჩემთვის ერთი გამამხნევებელი სიტყვა და ისიც ჭეშმარიტი მამულიშვილისა და შემოქმედისაგან ნაწყალობევი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მამაზეციერს კაჟის ნერვები უბოძებია, აუღელვებლად ბარათი თქვენი ვერ წავიკითხე. ბარათს თქვენსას ვატან მამაჩემს და ვუხმობ დიდის კრძალვით, თვალისჩინივით შემინახოს. ჩემს ყოფაში მისი დატოვება უაზრობაა, რადგან სავსეა გულსალბუნებელი და სამშობლოს სატრფიალო აზრით, რაიც აქ ბევრს გორგასლის მახვილივით გულს ჩაუქცევს და მით რაიმე ვნება არ მოგაყენოთ.

გაუფრთხილდეთ უნდა, პირველი სიყვარულივით, ნაღდ მამულიშვილებს, რამეთუ ისინი იბადებიან ძნელად და იღუპებიან ადვილად!

რაკი ღირსმყავი, ამ მცირე შესავლის შემდეგ, შეგბედავთ; რატომ მაინც და მაინც თქვენ გტკივათ გული ყველა თანამემამულისა და ყმაწვილის ჭირბედზე, რატომ ხართ თქვენი ერისა და ქვეყნის ჭირისუფალი. ჩემთვის, მამულისათვის გასაგებიაიმიტომ, რომ მამულისთვის გიძგერთ გული.თქვენი თანამედროვეები კი, რომლებსაც დიდი პრეტენზიები აქვთ მამულიშვილობასა და უკვდავებაზე, კურდღელივით სულგანაბული გულისფანცქალით შეყუდრულან საზოგადოებრივი სარბიელის ჩირგვებში, თითქოს მონადირეთა ჯარი და ავთანდილის ისრების სეტყვა ემუქრებოდეთუსასრულოდ გმადლობთ.ანდერძივით შევასრულებ თქვენს მამულიშვილურ დარიგებას. მიწამდე თავს გიხრითისე, ბატონო ჯანსუღ, ნერვებს ნუ აიშლით უკეთურებაზე, რამეთუ ნუ უწყენთ უგნურთ, რამეთუ ყოველივე ესე დროისა და კანონიერი დინების საქმეა.

ირაკლი წერეთელი, 24.121983 წელი».

ცალკე სალაპარაკოა 1978 წლის 14 აპრილი და 1989 წლის 9 აპრილი. მაშინ, როცა ცეკა-ს აქტივი საქართველოში საბჭოთა ჯარის ქვედანაყოფების შემოყვანასა და მოშიმშილე ქართველი ახალგაზრდების უსასტიკესად დასჯას სულ ტაშის გრიალში ითხოვდა, პარქტიკულად, ჯანსუღ ჩარკვიანი ერთადერთი იყო, რომელმაც ამ სისხლიან ინიციატივას მხარი არ დაუჭირა და აქტივს მიმართა კიდეც, ხალხნო, ტაშს რას უკრავთო. ამას ადასტურებს ბატონი ჯუმბერ პატიაშვილიც, რომელმაც ჯანსუღ ჩარკვიანის ეს გამოსვლა თავის წიგნში შეიტანა…

რაც შეეხება 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს, უნივერსიტეტის ბაღში შეკრებილ ახალგაზრდებთან ჯანსუღ ჩარკვიანი და ნოდარ დუმბაძე მისულან. ბატონ ჯანსუღს ქვა აუღია და ერთ-ერთი სტუდენტი გოგონასთვის უთქვამს, სიტყვას გაძლევ, რომ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი არ მოეხსნება და თუ ასე მოხდა, ადექი, ეს ქვა თავში ჩამარტყი და აქვე ჩამქოლეო…

…და დღეს დიდი პოეტი 85 წლის გახდა. ჯანსუღ ჩარკვიანი არის სახალხო პოეტი, რომელმაც ზუსტად იცის, რომ თავისუფლება მხოლოდ ლომთა ხვედრია და არა – ტურების! სხვათა შორის, «ჰიმნი თავისუფლებას» ბატონმა ჯანსუღმა 40 წლის წინ დაწერა, მამუკა ჩარკვანმა კი, სიმღერა, პრაქტიკულად, ეროვნული ჰიმნი, აფხაზეთის ომის დროს შექმნა და… ასე იქცა «თავისუფლება» მამა-შვილის საუკუნის ტანდემად და შემოქმედებით აპოთეოზად!..

ვანო პავლიაშვილი

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა აგარაში ხილის სპირტის მწარმოებელი საწარმო გახსნა
შემდეგი სტატიადავით კეზერაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, მოსამართლემ ძალაში დატოვა