რუსთავი2 უკვე წლებია, სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხის წინაშე დგას-12 გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს

12 გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის წინააღმდეგ ახალი სასამართლო დავის წამოწყებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

არასამთავრობოების განცხადებით, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ლეგიტიმური კითხვები ჩნდება. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი რუსთავი2 უკვე წლებია, სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხის წინაშე დგას.

განცხადებაში ასევე წერია, რომ მორიგი სასამართლო დავა თავისუფალ მედიაგარემოს ქვეყანაში საფრთხეს შეუქმნის.

“თბილისის საქალაქო სასამართლოში შესული სარჩელის თანახმად, ტელეკომპანია რუსთავი2-ის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე ტელეკომპანიის დირექტორისა და მესაკუთრეებისგან 26 მილიონი ლარის გადახდას ითხოვს.

“ტელეკომპანია რუსთავი2-ის გარშემო 2015 წლიდან განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით ლეგიტიმურ კითხვები ჩნდება ამ პროცესის მიმართაც.

“რუსთავი2 – ერთ-ერთი გავლენიანი და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მაუწყებელი, უკვე წლებია, დგას სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხის წინაშე. იმისდა მიუხედავად, თუ ვინ რამდენად იზიარებს რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკას, პლურალისტური მედიაგარემოს შენარჩუნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კრიტიკული და მრავალფეროვანი მედია პლატფორმების არსებობა.

“მორიგი სასამართლო დავა არა მარტო მაუწყებლის მუშაობას აფერხებს, არამედ საფრთხეს უქმნის მედიაპლურალიზმს და თავისუფალ მედიაგარემოს ჩვენ ქვეყანაში. რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკის შესაძლო ცვლილებას უდავოდ უარყოფითი გავლენა ექნება 2020 წლამდე წინასაარჩევნო გარემოზე და მთლიანად დემოკრატიულ პროცესზე.

“ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში, რუსთავი2-ის გარდა, სხვა მედია საშუალებების მიმართ – ტვ პირველი, იბერია TV და აჭარის ტელევიზია, არაერთი პროცესი განვითარდა, რომელიც კითხვებს აჩენს მედიის დამოუკიდებლობაში ხელისუფლების შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით. ეს საკითხები კი უარყოფითად აისახება ყველა საერთაშორისო ანგარიშში, რომელიც აფასებს მედიის მდგომარეობას და დემოკრატიის განვითარებას საქართველოში. საქართველოსთვის, როგორც გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტის შენარჩუნება, რაც პლურალისტური მედიაგარემოს შენარჩუნების გარეშე ვერ მოხერხდება,” – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი

სატელევიზიო ქსელი

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია

მედიაკლუბი

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი

ლიბერალური აკადემია თბილისი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

მედიის განვითარების ფონდი

banner
წინა სტატიაში„მიდის სახელმწიფოს მიტაცების პროცესი, ასეთი ტელევიზია კი ხელისუფლებას არ აწყობს” – მედია ექსპერტები “რუსთავი2”-ზე
შემდეგი სტატიაპარტია ,,კანონი და სამართალი”- ს გენერალური მდივანი ირაკლი ღლონტი რუსთავის 2-ს სოლიდარობას უცხადებს