რუსეთზე დამოკიდებულება უნდა იყოს ნულის ტოლი, ენერგორესურსები უნდა ვიყიდოთ მეგობრებისგან და არა მტრებისგან – მეცოლა

ომმა უკრაინაში, ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, რუსეთის გაუმართლებელმა შეჭრამ უკრაინაში, შეცვალა ყველაფერი. პუტინმა შეარყია მშვიდობა ევროპაში, რაც სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ გვეგონა, რომ წარმოუდგენელი იყო, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირმა იმოქმედა სწრაფად და მიიღო უპრეცენდენტო და მასშტაბური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ევროპარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს არის სწორი მიდგომა, თუმცა მისივე თქმით, შესაძლებელია მეტის გაკეთება.

„ეს არის სწორი მიდგომა, თუმცა შეგვიძლია, მეტის გაკეთება. ევროპამ პუტინს უნდა აჩვენოს, რომ ეს ომი უძვირესი დაუჯდება. დღეს მსურს, ყურადღება გავამახვილო 3,5 მილიონზე მეტ უკრაინელზე, რომლებმაც უკვე დატოვეს ქვეყანა იძულებით. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არის ადამიანების ყველაზე დიდი გადაადგილება, რომელთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. არის დრო, რომ სერიოზულად გავზარდოთ ჩვენი დახმარება, ეს უპრეცენდენტო დროა და უნდა გავცეთ უპრეცენდენტო პასუხი. ჩვენ საკუთარი თავის ორგანიზება უნდა მოვახდინოთ და უნდა მოვახერხოთ სიტუაციის ჩვენს ხელში აღება, რათა ხალხს საშუალება ჰქონდეს, გაეცალოს პუტინის დაბომბვებს“, – აღნიშნა რობერტა მეცოლამ.

მისი თქმით, ევროპარლამენტის პოზიცია მკაფიოა, რომ რუსეთზე დამოკიდებულება უნდა იყოს ნულის ტოლი.

„სანქციებმა დაარტყა რუსეთს მძიმედ, ევროპარლამენტის პოზიცია მკაფიოა, რუსეთზე დამოკიდებულება უნდა იყოს ნულის ტოლი, ეს ჩვენი უპირველესი მიზანია. ენერგორესურსები უნდა ვიყიდოთ მეგობრებისგან და არა მტრებისგან, არაპირდაპირ ჩვენ ფაქტობრივად ვაფინანსებთ ამ ომს. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ ქვეყნებზე, ვინც 100 პროცენტით არის დამოკიდებული რუსეთზე, თუმცა არა მარტო მათზე, არამედ იმ ქვეყნებზე რომლებიც ევროკავშირის მეზობლად მდებარეობენ, რომლებიც ასევე არ არიან რუსეთისგან დამოუკიდებლები. ამ შემთხვევაში ჩვენ რისი გაკეთებაც შეგვიძლია, როგორც ევროკავშირს, არის ის, რომ ვაჩვენოთ ლიდერობა და ყურადღება გავამახვილოთ მწვანე ენერგიაზე“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

banner
წინა სტატიაშიჩვენ მსოფლიოს ვაჩვენებთ სიმართლეს იმ ბარბაროსობის და ველურობის შესახებ, რომელსაც რუსეთი სჩადის უკრაინაში – ვიტალი კლიჩკო
შემდეგი სტატიასაქმის კურსში ვართ ცეცხლის შეწყვეტის პირობების სირთულეებზე, თუმცა გავაგრძელებთ ძალისხმევას, რადგან მიგვაჩნია, რომ დიპლომატია ერთადერთი გამოსავალია – ერდოღანი