რუსეთში 24 მარტი საყოველთაო გლოვის დღედ გამოცხადდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, მოსკოვსა და მის შემოგარენში, ქვეყნის ყველა რეგიონში დაწესებულია დამატებითი ზომები ანტიტერორისტული და ანტიდივერსიული ღონისძიებებისთვის.
„ახლა მთავარია, არ მივცეთ საშუალება ამ სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის უკან მდგომთ, ჩაიდინონ ახალი დანაშაულები. საგამოძიებო და სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ დანაშაულის ყველა დეტალის დასადგენად, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ ჩვენ არა მხოლოდ დეტალურად და ცინიკურად დაგეგმილი ტერაქტის, არამედ უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ მომზადებული, ორგანიზებული მასობრივი მკვლელობის წინაშე ვდგავართ. დამნაშავეები ცივსისხლიანად და მიზანმიმართულად მიდიოდნენ ზუსტად იმისთვის, რომ დაეხოცათ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი შვილები, როგორც ეს ოდესღაც ნაცისტებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაწყვიტეს საჩვენებელი დასჯის მოწყობით“, – განაცხადა პუტინმა.
მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა – დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. ბოლო მონაცემებით, ნანგრევებში მიმდინარე სამაშველო სამუშაოების შემდეგ, ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, ტერაქტის საქმეზე დაკავებულია 11 ადამიანი, მათ შორის ოთხივე ტერორისტი