რუსეთმა პირობა დადო, რომ ყველას სათანადო პასუხს გასცემს

მოსკოვი ყველა იმ ქვეყნისადმი მიიღებს შესაბამის ზომებს, რომლებმაც რუსი დიპლომატები გააძევეს საკუთარი ქვეყნებიდან – რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა გადაცემაში “60 წუთი”, “რასსიას” ეთერში. “იმასთან დაკავშირებით, რასაც ახლა ვხედავთ, ცხადია, იქნება პასუხი. ყველა ქვეყანა შესაბამის პასუხს მიიღებს დიპლომატების გაძევებასთან დაკავშირებითაც და სიეტლში რუსეთის გენერალური საკონსულოს დაკეტვის გამოც” – თქვა ზახაროვამ. მისი აზრით, ის, რაც ხდება, არის “უკვე აბსოლუტურად ტოტალური და არც არავინ მალავს რუსოფობიურ კამპანიას”.

ორშაბათს აგვრცელდა, რომ აშშ ქვეყნიდან 60 რუს ჯაშუშს გააძევებს ბრიტანეთის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების გამო. გადაწყვეტილება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო ნატოს პარტნიორებთან შეთანხმებით. ტრამპის გადაწყვეტილებით, სიეტლში რუსეთის საკონსულო დაიხურება – იმის გამო, რომ საკონსულო ამერიკის წყალქვეშა გემების ერთ-ერთ ბაზასთან ახლოს მდებარეობს, იქვეა კომპანია “ბოინგი”.

ევროკავშირის 14 წევრმა ქვეყანამ სკრიპალის საქმის გამო რუსი დიპლომატები საკუთარი ქვეყნიდან გააძევა.

სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ლონდონთან ახლოს, სოლსბერიში ქიმიური ნივთიერებით მოწამლული იპოვეს 4 მარტს. დღემდე ორივეს მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ორივე კომაში იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვეყნები დასახელდა
შემდეგი სტატიაკიმ ჩენ ინი, სავარაუდოდ, ჩინეთს ეწვია