129 დაკავებული – ესპანეთში კრიმინალური დაჯგუფების ქართველი და სომეხი წევრები დააკავეს

ესპანეთში სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების ქართველი და სომეხი წევრები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ საგანგებოდ გამართლ ბრიფინგზე განაცხადა.

შსს-ის ცნობით, ესპანეთის პოლიციამ საქართველოს შსს-სთან ერთად მასშტაბური სპეცოპერაცია „კუში 2“ ჩაატარა. მასში ჩართული იყო ინტერპოლი და ევროპოლი.

სპეცოპერაციის შედეგად, მადრიდის, ბარსელონას, ვალენსიას, ალიკანტეს, ალბასეტეს, მურსიას, ჟირონასა და გრანადას პროვინციებში ესპანეთში მოქმედი სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების 129 წევრი, მათ შორის 7 „კანონიერი ქურდი“ დააკავეს. ისინი ძირითადად სომხური წარმოშობის პირები არიან.

ამავე სპეცოპერაციის შედეგად, მადრიდსა და ვალენსიაში დაკავებულია საქართველოს 2 მოქალაქე, ეროვნებით ქართველი – 1971 წელს დაბადებული პ.ჯ. და 1974 წელს დაბადებული მ.კ.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ პ.ჯ. აქტიურად იყო ჩართული აღნიშნული დაჯგუფების კრიმინალურ საქმიანობაში. მას სახლში ძვირფასი ლითონების გადამამუშავებელი უკანონო საამქრო ჰქონდა მოწყობილი, სადაც, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ნაქურდალი ძვირფასეულობის გადადნობა, მისგან ოქროს ზოდებისა და ნაკეთობების დამზადება ხდებოდა. გამოძიების ინფორმაციით, მ.კ. კი სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების მიერ უკანონო გზით მოპოვებულ ფინანსებს განკარგავდა,“- განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

შსს-ის ცნობით, სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრებს ბრალად ედებათ კრიმინალური დაჯგუფების წევრობა, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა, ფულის გათეთრება, საცხოვრებელ სახლებში უკანონო შეღწევა, ავტომობილებით უკანონო ვაჭრობა, თამბაქოს კონტრაბანდა, იარაღის უკანონო ფლობა, დოკუმენტაციის გაყალბება, თაღლითობა, გამოძალვა და კორუფცია სპორტულ გარიგებებში.

banner
წინა სტატიაშირუსეთის რეაქცია ბრიტანეთში “ნოვიჩოკით” კიდევ ერთ მოწამვლასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაჭუბერში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან მთა მოწყდა