“რუსეთი ცდილობს, შეარყიოს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუციები, ზიანი მიაყენოს მთლიანად ქვეყანას”

მედიაპლურალიზმი ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომაც, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებმა, დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ რჩევებს, რომლებსაც მათ ამერიკელი თუ ევროპელი კოლეგები აძლევენ, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა როს უილსონმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.

როს უილსონის თქმით, აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსებულ ვითარებაში, როცა ქვეყანა, ხშირად არის პროპაგანდისა და დეზინფორმაციის სამიზნე.

“ეს დეზინფორმაცია საქართველოს მედიასაშუალებებიდან კი არ მოდის, არამედ გარეშე ძალებიდან, ვფიქრობ, კონკრეტულად რუსეთიდან. რუსეთი ცდილობს, შეარყიოს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუციები, ზიანი მიაყენოს მთლიანად ქვეყანას. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სიტყვის თავისუფლებას. ამ მხრივ, საქართველოში დღეს არსებული ვითარება, ნამდვილად დასაფასებელია. იგი ძირეულად განსხვავდება იმ ვითარებისგან, რაც 30 წლის წინათ იყო. განსხვავდება იმ ვითარებისგან, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში დღესაც არსებობს. ეს საქართველოს მთავარი ღირებულებაა და იმედი გვაქვს, რომ როცა პარლამენტი განიხილავს ამ საკითხს, ამას აუცილებლად გაითვალისწინებს“, – განაცხადა ინტერვიუში საქართველოში აშშ-ის ელჩმა.

როს უილსონმა „ცილისწამების კონტროლის“ ინიციატივაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ ამერიკის კანონმდებლობით, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილე პირების შეურაცხყოფისათვის მოქალაქეებს პასუხისგებაში არ აძლევენ.

“საკმარისად კარგად არ ვიცი, რას გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობის კონკრეტული ნაწილები, მაგრამ გაგიზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, ასევე ევროპული ქვეყნების გამოცდილებას, რომლებიც ჩემი აზრით, საინტერესო იქნება საქართველოსთვის. ამერიკის გამოცდილება მედიის თავისუფლების შესახებ განსხვავდება ევროპულისგან. ჩვენი კანონების მიხედვით, თითქმის შეუძლებელია ვინმეს პასუხისმგებლობაში მიცემა, საჯარო პირებისა თუ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილე პირების შეურაცხყოფისა თუ ცილისწამების გამო. ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ სიტყვის თავისუფლებას, განსაკუთრებით პოლიტიკურ კონტექსტში. ევროპული გამოცდილება კი ცოტა განსხვავებულია. ევროპელები ნაკლებ მნიშვნელობას არ ანიჭებენ გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ცილისწამებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო სივრცე მნიშვნელოვნად განსხვავდება ამერიკაში დამკვიდრებული პრაქტიკისგან. ამდენად, ჩვენ და ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ვინც საქართველოში ვიმყოფებით და ვცდილობთ საქართველოს დავეხმაროთ, შესაძლოა, განსხვავებული რეკომენდაციები გვქონდეს ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა უილსონმა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: “ამ შეცდომების გამო, რა მონსტრი მივიღეთ და მერე ჩვენვე როგორ გადაგვყლაპა და დაგვღეჭა”
შემდეგი სტატიაივანიშვილი წელს აპირებს, დახუროს „რუსთავი 2“ – მიხეილ სააკაშვილი