რომელი რეგულაციებით ჩატარდება ეროვნული გამოცდები ?

2021 წლის საგამოცდო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნუნუ მიცკევიჩის თქმით, საგამოცდო პროცესი პირველ ივლისს დაიწყება, რისთვისაც საგამოცდო საორგანიზაციო ჯგუფი მთელი წლის განმავლობაში ინტენსიურად ემზადებოდა.

„არსებული რეკომენდაციები გადაიხედა „კოვიდ-19“-ის პრევენციის მიზნით ქვეყანაში არსებული რეგულაციების შესაბამისად და შარშანდელი კარგი გამოცდილების შედეგად შემუშავდა ახალი მიდგომები“, – აღნიშნა მიცკევიჩმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, დაცული იყოს თითოეული გამოსაცდელის, ასევე გამოცდების ორგანიზებაში ჩართული პირების უსაფრთხოება. მისივე თქმით, გამოცდაზე მოსულ თითოეულ აპლიკანტს დახვდება უსაფრთხო და კომფორტული გარემო, სადაც ისინი ცოდნის სრულფასოვნად გამოვლენას შეძლებენ.

ამასთან, როგორც ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, მთავარი სიახლე იქნება ის, რომ საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან აპლიკანტები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას ვირუსი დაუდასტურდებათ.

„პირებს, რომლებსაც საგამოცდო პერიოდში გამოუვლინდებათ „კოვიდ-19“, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით გამოცდას შესაბამის საგანში ჩაუტარებს არაუადრეს ორი კვირისა. მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იქნება გეოგრაფიული დაფარვა“, – აღნიშნა მიცკევიჩმა.

თავის მხრივ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ ბრიფინგზე განმარტა, რომ გამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციებით.

„მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია; მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას; დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ ასევე შემუშავდა: საგამოცდო ცენტრებიდან მიღებული ნამუშევრების უსაფრთხოდ დამუშავების, საგამოცდო ცენტრების დალაგების, სანიტარიული კვანძის/საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექციის, ცენტრის პერსონალის მუშაობის პირობები. რეკომენდაციები იხილეთ ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე“, – აღნიშნა გორგოძემ.

სოფო გორგოძის თქმით, ცენტრი წელსაც მოაწყობს საკარანტინე სივრცეებს იმ გამოსაცდელებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა 37°С და მეტი, მაგრამ არ აქვთ დადასტურებული „კოვიდ-19“.

ამასთან, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ. მან განმარტა, რომ გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე.

„თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის დაშორება იქნება სულ მცირე ორი მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი, ერთი მეტრი. კონდიციონერები ირთვება 30° გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

გარდა ამისა, პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში დაწესებული ზოგადი რეგულაციის შესაბამისად, პირბადის ტარების წესი გავრცელდება საგამოცდო პროცესში მონაწილე ყველა პირისთვის.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიბექა ლილუაშვილი – ნაბიჯებს ვდგამთ წინ, ჩვენი მხარდაჭერა იზრდება, ეს არის ძალიან მძიმე მმართველი პარტიისთვის
შემდეგი სტატიაჯაფარიძე “ოცნებას” – ბახტაძესაც შეტენეთ რამე, თუნდაც გახარიას აღზევებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა