რომან პროტასევიჩი მოულოდნელად ბელორუსის შსს-ს ბრიფინგზე გამოვიდა

ბელორუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი და ბლოგერი რომან პროტასევიჩი, რომელიც მინსკში თვითმფრინავის იძულებითი დაშვების დროს დააპატიმრეს, ბელორუსის შსს-ს ბრიფინგზე მოულოდნელად სიტყვით გამოვიდა – “დოიჩე ველე” 14 ივნისს წერს. უწყების პრეს-მდივნის ანატოლი გლაზას ვერსიით, ბრიფინგში მონაწილეთა შეცვლა იმით იყო გამოწვეული, რომ “რომანს მედიასთან სურდა ურთიერთობა”.
პრეს-კონფერენციაზე მყოფმა ჟურნალისტმა ტატიანა კოროვენკოვამ ბლოგერს მიმართა: “რომან, მე თქვენ გულწრფელად თანაგიგრძნობთ… წარმომიდგენია რა შეიძლებოდა თქვენთვის ექნათ… არ მჯერა არც ერთი თქვენი სიტყვის. უბრალოდ, გაუძელით, უბრალოდ გადაიტანეთ ეს”. ბრიტანული “ბიბისის” ჟურნალისტებმა ბრიფინგი პროტესტის ნიშნად დატოვეს. ჟურნალისტმა ჯონ ფიშერმა საკუთარ “ტვიტერზე” დაწერა, რომ ის ბრიფინგში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგანაც პროტასევიჩი იქ ნამდვილად იძულებით იმყოფება”.

ოპოზიციონერი ჟურნალისტი შენობაში უკანასკნელ წუთას შემოიყვანეს. მას რამდენიმე შეკითხვა დაუსვეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ციხეში მას პირადად ალექსანდრ ლუკაშენკო ცემდა ჟურნალისტმა “ხუმრობა” უწოდა და დაამატა “ეს უბრალოდ სასაცილოა”.

“მე თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მე კარგ ხასიათზე ვარ, არ მაქვს არანაირი პრეტენზია. მე არავის ვუცემივარ, თითიც არავის დაუკარებია. დედა, მამა, არ იდარდოთ, მე მართლა კარგად ვარ” – თქვა ჟურნალისტმა. მან სიტუაციის ნამდვილი მძევალი უწოდა საკუთარ მეგობარ გოგოს, რუსეთის მოქალაქეს სოფია საპეგას, რომელიც მასთან ერთად დააპატიმრეს.

შეგახსენებთ, რომ 23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის მიმართულებით რეგულარულ რეისს ასრულებდა. მის ბორტზე ბელორუსი ოპოზიციონერი ბლოგერი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. თვითმფრინავმა ბელორუსის დედაქალაქში საგანგებო დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც შეატყობინეს, რომ თვითმფრინავში ბომბია, რომლიც ცრუ ინფორმაცია აღმოჩნდა. თვითმფრინავს ბელორუსის სამხედრო ძალების გამანადგურებლები აცილებდნენ, რომელიც პირადად ლუკაშენკოს ბრძანებით მოქმედებდნენ. ჟურნალისტთან ერთად მისი მეგობარი გოგოც დაკავებულია.

banner
წინა სტატიაშიმაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული პროცესის შემცირების სამუშაოების მეორე ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება
შემდეგი სტატიაკობახიძე: 20 ივნისის დაშლის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან