რომან გოცირიძე მამუკა ხაზარაძისთვის ანგარიშების დაყადაღებაზე – ივანიშვილი ყველაფერზე წავიდა

უპრეცედენტო რამ ხდება მამუკა ხაზარაძის მიმართ. ანგარიშები გაუყინო ადამიანს, რომელიც ქვეყნის უდიდესი პროექტის განმახორციელებელია, ასეთი რამ იშვიათია დემოკრატიულ სახელმწიფოში, – ასე აფასებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე, ბიზნესმენების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას.

როგორც გოცირიძემ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები ყოველგვარ გონიერებას მოკლებულია, რადგან „ყველაფერზე წავიდა“.

„ეს უპრეცედენტო რამ არის. მსგავსი თავხედობა იშვიათია რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლებას ჩაედინოს, რომ ყველა ანგარიში გაუყინო ადამიანს, რომელიც ქვეყნის უდიდესი პროექტის განმახორციელებელია, რეგიონში უდიდესი ბანკის აქციონერია და ასევე, გამოთქმული აქვს პრეტენზია საზოგადოებრივი აქტივობის დაწყებისთვის.

ბიძინა ივანიშვილის მმართველობა ამ ქვეყნის დეგრადაციის საბოლოო სტადია და ლპობადი მმართველობაა, ეს არის ყოველგვარ გონიერებას მოკლებული და შეიცავს დიდ ხიფათს ზოგადად, ქვეყნისთვის, რადგან ყველაფერზე წავიდა. ასეთი რამ ხელისუფლებისთვის კარგად არ მთავრდება. ნათელია, რომ ივანიშვილს ანაკლიის პროექტი არ აწყობს, ხაზარაძის საქმე ამ პროექტის საბოლოო დასამარებაა. ნული შანსია ამ ინვესტორების მიერ ამ ხელისუფლების პირობებში პროექტის გაკეთების, შემდეგ ივანიშვილი რას იზამს, ვის გააკეთებინებს და ამაში რა ინტერესებს ჩადებს, რუსეთს როგორ შეუთანხმდება ეს კიდევ სხვა საკითხია“,- განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ მამუკა ხაზარაძემ გაავრცელა.როგორც ხახარაძე წერს, მისი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დაყადაღდა, რაც იმას ემსახურება, რომ მოხდეს მათ მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის პორტის საბოლოოდ გაჩერებაა.

ამასთან, პროკურატურის განმარტებით, „სასამართლოს ხაზარაძის და ჯაფარიძის საბანკო ანგარიშებზე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 16 664 000 დოლარის ეკვივალენტის ქონების დაყადაღების შუამდგომლობით“ მიმართეს.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაბიზნესმენ ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო