რომან გოცირიძე: “ივანიშვილმა ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი ჯიბეში ჩაისვა”

“ახალი თაობის” კითხვებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს.

_ ბატონო რომან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ორი დღე პასუხობდა პარლამენტის დეპუტატების კითხვებს. ოპოზიცია საბანკო რეგულაციებს აპროტესტებს, ეკონომიკის მინისტრი კი აცხადებს, რომ არ გვჭირდება ისეთი ხალხი, რომელიც სარეცხის მანქანასა და მაცივარს კრედიტებით ყიდულობს. რას იტყვით თქვენ?
_ ხელისუფლებას იმდენი შეგნება არა აქვს, მიხვდეს, რომ ყველაფერი იყო დერეგულაციის და არა რეგულაციის შედეგი. რაც კი რაიმე სიკეთე მომხდარა ქვეყანაში ეკონომიკური კუთხით, ყველაფერი ნაკლები რეგულაციისა და შეზღუდვების მოხსნის შედეგი იყო. სწორედ ამან შექმნა საბანკო სისტემაც, შექმნა ის ტურისტული პოტენციალი, რომელიც ქვეყანას გააჩნია და, ფაქტობრივად, ის ეკონომიკური ზრდაც, რომელიც იმ პერიოდში იყო, სწორედ დერეგულაციის შედეგი იყო და არა რეგულირების.
საქართველოს ეკონომიკური მოდელი, რომელმაც მსოფლიოში სახელი გაითქვა ვარდების რევოლუციის შემდეგ, სწორედ ეკონომიკურ თავისუფლებაზე იყო დამყარებული. ამ ხელისუფლების 6-წლიანი მმართველობის განმავლობაში არ ყოფილა ერთი წელიც კი, რომ ეკონომიკური ზრდა ყოფილიყო 5%. ყოველთვის იყო 5%-ზე ნაკლები. როდესაც მეშვიდე წელიწადია, ხელისუფლებაში ხარ და 5%-იან ზრდას ვერ მიაღწევ, მაშინ უნდა დაფიქრდე, რა არის ამის მიზეზი.
_ და რა არის ამის მიზეზი?
_ თვე არ გავა, რომ ჩვენთან ახალი სახელმწიფოს უწყება არ შეიქმნას, ნებისმიერი კანონის შემოტანას მოსდევს იმავე კანონში ახალი რაღაცა საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნა. ყველგან აღდგა ძველი რეგულაციები ან შემოღებულ იქნა ახალ-ახალი რეგულაციები.
ის, რაც საბანკო სისტემაში ხდებოდა, არ ეხება მხოლოდ სესხებზე წვდომის შეზღუდვას, რომელზეც არის დღეს განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებული, ვინაიდან ეს საკუთარ ტყავზე იგრძნო მოსახლეობამ, ბიზნესმა, უამრავი სამუშაო ადგილი დაიკარგა. ეს ეხება სხვა სფეროსაც.
_ კერძოდ, რომელ სფეროს?
_ თუნდაც სხვადასხვა შეზღუდვა ფულად-საკრედიტო სფეროში, ხოლო ის განცხადება ეკონომიკის მინისტრის, რომ ჩვენ არ გვინდა ხალხი, რომელიც კრედიტით ყიდულობს სარეცხის მანქანას ან მაცივარს, არასერიოზულია, რადგან მთელი მსოფლიო კრედიტებით ცხოვრობს და სწორედ ადამიანის თავისუფლების გამოვლინების ერთ-ერთი ფორმაა, მან აიღოს სესხი თუ არ აიღოს.
_ ძალიან ცუდ დღეში ჩააგდო მოსახლეობა ამ კრედიტებმაო.
_ ეს არის ადამიანის პირადი ნება, ცხოვრების დონეს გაიუმჯობესებს სესხით თუ დაელოდება თავისი დანაზოგების იმ დონემდე შევსებას, რომ მან იყიდოს ესა თუ ის საქონელი. კრედიტები რომ არ არსებობდეს, განათლებას ვერ მიიღებდნენ ადამიანები უცხოეთში, რომლებიც თავიანთ სწავლას ძირითადად სესხებით აფინანსებენ და შემდეგ, როდესაც სამსახურებში მოეწყობიან, მრავალი წლის განმავლობაში ფარავენ მას. ასევეა მანქანების შეძენა, ბინის თუ სხვა.
_ არიან ადამიანები, რომლებიც იღებენ კრედიტებს და მთელი ცხოვრება ვერ იხდიან.
_ ბუნებრივია, ვიღაცები იღებენ კრედიტებს, როდესაც სასურველი იყო, რომ ახალი ტელევიზორის ან ახალი მობილურის ყიდვის ნაცვლად ძველი ეხმარათ, ფული არ გაეფლანგათ და არ მოეკლოთ შემდეგ საკუთარი ოჯახებისთვის.
ეს ყოველთვის იყო და იქნება. ადამიანის თავისუფალი არჩევანის უფლების შეზღუდვა გაცილებით დიდი ბოროტებაა, ვიდრე თუნდაც ცალკეული ადამიანების მოუფიქრებელი საქციელი. ის, რომ ახლა მთავრობა და ეროვნული ბანკი გამოდიან ჭკუის მასწავლებლად და ცდილობენ, ადამიანებს ასწავლონ, მობილური იყიდონ თუ მტვერსასრუტი, ეს არის დიდი სისულელე, ვინაიდან საბაზრო ეკონომიკისა და არასაბჭოური ეკონომიკის პირობებში ამის დარეგულირება შეუძლებელია. არავინ იცის, რომელია სწორი ხარჯვა და რომელი _ არასწორი.
_ ძნელია ამ პროცესის გაკონტროლება?
_ ადამიანების მოთხოვნილებების ფორმირება არის გულუბრყვილო მცდელობა, ხოლო რაც შეეხება თავად ამის შედეგებს, ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე ხალხს არ აქვს ფინანსური პრობლემების გადაჭრის ალტერნატიული გზების მოძიების უნარი და მნიშვნელოვნად გაუძვირდება მომსახურება.
მათ შავ ბაზარზე მოუწევთ ფულის სესხება და ნუ გვგონია, რომ მხოლოდ სამომხმარებლო მიზნებისთვის იღებდნენ ადამიანები სესხებს. ისინი იღებენ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, სწავლისთვის, განათლებისთვის, გადაუდებელი საჭიროებისთვის. ამიტომ ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს ხელისუფლებას ამ რეგულაციების თუ ბოლომდე შეცვლა არა, შესუსტება მაინც, მაგრამ იმ ზარალს, რომელიც უკვე განიცადა ქვეყანამ და იმ დისკომფორტს, რომელიც მიიღო მოსახლეობამ, არავინ აანაზღაურებს.
_ რამდენად თავისუფალია ეროვნული ბანკი თავის გადაწყვეტილებებში?
_ ეროვნულმა ბანკმა დაკარგა დამოუკიდებლობა. განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიაყენა ეროვნული ბანკის რეპუტაციას თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა.
ეროვნულმა ბანკმა, შესაძლოა, სამართლიანად დააჯარიმა თიბისი ბანკი, მაგრამ სანქციები დროულად რომ ყოფილიყო გამოყენებული თუნდაც 10 წლის წინ და არა დღეს, ივანიშვილის დავალებით, ეროვნული ბანკის ქმედება, შესაძლოა, არც კი ყოფილიყო ვინმეს მიერ შესამჩნევი ან გასაკრიტიკებელი.
ამ შემთხვევაში კი ეროვნული ბანკი გამოიყენეს, როგორც ინსტრუმენტი და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის პარლამენტში მოსვლაც კი ეროვნული ბანკის გადასაწყვეტი არ იყო.
ფაქტია, რომ დღეს მთლიანად ჩაისვეს ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი ჯიბეში. პირდაპირ არიან უკვე მიბმული ივანიშვილთან და მის გარემოცვასთან. ასეთი დამოუკიდებლობადაკარგული ეროვნული ბანკი არასდროს ყოფილა, შევარდნაძის დროსაც კი.

ნონა ცაბაძე

banner
წინა სტატიაშიძალიან ამაყი ვარ და მგონია, რომ ჩვენი ქვეყანაც უნდა იყოს ამაყი – ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი ევროსაბჭოს წინ ე.წ. ვარსკვლავების ხეივანში განთავსდება
შემდეგი სტატიათბილისში, 29-ე საბავშვო ბაღში ევაკუაცია განხორციელდა