ძალიან ამაყი ვარ და მგონია, რომ ჩვენი ქვეყანაც უნდა იყოს ამაყი – ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი ევროსაბჭოს წინ ე.წ. ვარსკვლავების ხეივანში განთავსდება

ზურაბ ჟვანიას სახელობის ვარსკვლავი ევროსაბჭოს შენობის წინ ე.წ. – ვარსკვლავების ხეივანში განთავსდება. ევროპის საბჭოს სასახლის წინ იმ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეების ვარსკვლავებია განთავსებული, რომლებსაც ევროპის საბჭოს მუშაობაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი და მათ რიგს უკვე ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავიც შეემატება წარწერით-„მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი“.

ეს ფრაზა ზურაბ ჟვანიამ 20 წლის წინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა, მას შემდეგ, რაც ასამბლეამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებას.

ვარსკვლავის გახსნის ცერემონიას ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრები დაესწრნენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ამაყი ვარ და მგონია, რომ ჩვენი ქვეყანაც უნდა იყოს ამაყი. ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც სხვა აფასებს იმას რაც შენმა ქვეყანამ გააკეთა და შენმა პოლიტიკოსმა გააკეთა. მით უფრო როდესაც ეს შენი თვალით გაქვს ნანახი. რა თქმა უნდა საშინელებაა, რომ არ არის ზურა ცოცხალი,“-განაცხადა ზურაბ ჟვანიას მეუღლემ ნინო ქადაგიძემ.

სტრასბურგში იმყოფება ზურაბ ჟვანიას შვილიც. ბუსა ჟვანია აცხადებს, რომ ვარსკვლავის გახსნის ცერემონია მისთვის ძალიან ემოციური პროცესი იყო.

„ჩვენთვის როგორც ოჯახისთვის მნიშვნელოვანია ეს რაც ხდება, ეს მოვლენა. რომ არა მხოლოდ საქართველში, არამედ ესეთ მნიშვნელოვან ადგილას სადაც ჩვენ ვიმყოფებით გაიხსნება ზურას ვარსკვლავი და ზედ იქნება დატანებული ზურას სიტყვები რომელიც ევროინტეგრაციის გზად,”-განაცხადა ბუსა ჟვანიამ.

ევროსაბჭოს შენობის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავის გახსნას სტრასბურგში მყოფი პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, 20 წლის წინ ზურაბ ჟვანიას ნათქვამი სიტყვები საქართველოს ისტორიისთვის ახალი ფურცელი იყო.

„დღეს არის სიმბოლური დღე. 20 წელი გავიდა არც ჩვენ გავწევრიანდით ევროპის საბჭოში და რა თქმა უდნა ეს იყო ახალი ფურცელი ჩვენს ისტორიაში. ეს იყო პრინციპული ნაბიჯი რომ საქართველოს უნდა დაბრუნებოდა ტავის ევროპულ ოჯახს. 20 წელი გავიდა მაგრამ მე პირადად გუშინდელი დღესავით მახსოვს გუშინდელი მოვლენები და მათშორის ეს სიტყვებიც,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშილიბიის საკითხზე ევროპის პოზიცია არაერთგვაროვანია – ევროპარლამენტის პრეზიდენტი
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: “ივანიშვილმა ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი ჯიბეში ჩაისვა”