როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება

Remember
Remember

მეხსიერებამ, შესაძლებელია, დროდადრო გიღალატოთ. შესაძლებელია, იმიტომ, რომ თქვენ არ იცით როგორ გამოიყენოთ ის სწორად – BBC Future-ზე წერს ჟურნალისტი დევიდ რობსონი და სტუდენტებს რამდენიმე სამეცნიერო მეთოდს სთავაზობს მეხსიერების მთელი მოცულობით გამოსაყენებლად, რაც მათ სემესტრული გამოცდების ჩაბარებაში დაეხმარება.
ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია გვესმის იმის შესახებ, თუ როგორ სჯობს სწავლა: მშობლებისგან, მასწავლებლებისგან, მეგობრებისგან, ამიტომ, თქვენ არ ხართ დარწმუნებული იმაში, რომელი მათგანია აფექტური.
საბედნიეროდ, არსებობს ახალი კვლევები, მათი შედეგები ფსიქოლოგიის შესახებ წამყვან ჟურნალებში გამოქვეყნდა. მისი ავტორები სწავლის ხუთ ყველაზე ნოვატორულ ხერხს აქვეყნებენ.

სტრატეგია 1. მუდმივი გადაკითხვა
ახალი სიტყვის შესწავლას აპირებთ? ყველაზე გავრცელებული მიდგომაა – იკითხო და მუდმივად გადაიკითხო მანამდე, სანამ სიტყვა თავში არ ჩაჯდება.
ფსიქოლოგები თვლიან, რომ ეს სტრატეგია ძალიან პასიურია. ეს ნიშნავს იმას, რომ ინფორმაციის დიდ ნაწილს, თქვენ, უბრალოდ, ვერ დაიმახსოვრებთ.
ხერხი: კითხვის პროცესი ინტერვალებად დაყავით
პასიური გადაკითხვა, შესაძლოა, სწავლის ყველაზე ეფექტური მეთოდი არ არის, მაგრამ ის ზოგჯერ აუცილებელია, თუკი გრძნობთ, რომ ბევრი რამ არ გახსოვთ და არ იცით.
ამ დროს უფრო კარგ შედეგს მიიღებთ, თუკი მასალას შეისწავლით არა ერთ ჯერზე, არამედ, რამდენჯერმე დაუბრუნდებით დროის სხვადასხვა მონაკვეთში.
ვთქვათ, თქვენ წიგნიდან ერთი თავი ისწავლეთ – შეისვენეთ ან სხვა რამე გააკეთეთ. სწავლას ერთ საათში, ერთ დღეში, ერთ კვირაში დაუბრუნდით – ეს თქვენს მეხსიერებას აიძულებს იმუშაოს. ასტიმულირებს მის აქტიურობას.
კარგი იქნება, თუკი საკუთარ თავს წაკითხულის შესახებ შეკითხვებს დაუსვამთ -ამასთანავე, მანამდე, სანამ იმ თავის გადაკითხვას დააპირებთ, სადაც შეკითხვებია. ეს იმის გაგებაში დაგეხმარებათ, რა იცით და რა არა, გარდა ამისა, ამით პროცესში თქვენი ინტელექტის ჩართულობა იზრდება.

სტრატეგია 2. ხაზგასმა და გამოყოფა
გადაკითხვასავით, ეს მეთოდიც ფართოდ არის გავრცელებული. იდეა, თითქოს, კარგია – მთავარის, სიტყვების, წინადადებების ხაზგასმა ინფორმაციის ათვისებაში უნდა დაგეხმაროთ, თანაც მარტივდება ტექსტში ძირითადი ადგილების პოვნა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდი გადაკითხვაზე ეფექტურია, ხშირად ძალიან ბევრი თითქმის ყველა აბზაცს აღნიშნავს ისე, რომ შინაარსს ვერ წვდებიან.

ხერხი: შეისვენეთ და დაფიქრდით
ამის მაგივრად, მეცნიერების რჩევაა, პირველად ტექსტის ისე გადაკითხვა, რომ მასში საერთოდ არანაირი აღნიშვნები არ გაკეთდეს, მხოლოდ მეორე ჯერზე მოხდეს საჭირო ადგილების მონიშვნა.
როცა საკუთარ თავს აიძულებთ ყოველ აღნიშნულ ტექსტზე და თემის შესწავლაში მისი მნიშვნელობის ხარისხზე ფიქრს, თქვენ ტვინს მასალის უფრო აქტიური დამუშავებისკენ უბიძგებთ, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია მისი გახსენებისთვის.

სტრატეგია 3. კონსპექტის წარმოება
ლექციის დროს ნებისმბიერ აუდიტორიაში ან უნივერსიტეტის ნებისმიერ ბიბლიოთეკაში შედით და ნახავთ, როგორ იწერენ სტუდენტები მნიშვნელოვან ფაქტებს და დასკვნებს საკუთარ რვეულებში.
ისევე, როგორც ხაზგასმისა და გამოყოფის დროს, პრობლემები იწყება იქ, სადაც იმ მასალისადმი, რომელსაც იწერთ, კრიტიკულ მიდგომას წყვეტთ.
ხერხი: იყავით ლაკონური
ექსპერიმენტებმა აჩვენეს, რომ რაც უფრო ნაკლებ სიტყვებს იყენებენ სტუდენტები იდეის კონსპექტში გადასატანად, მით უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ ისინი მას დაიმახსოვრებენ.
სავარაუდოდ, ეს იმიტომ, რომ მოსმენილის მოკლედ ჩანიშვნისას, რომელსაც საკუთარი სიტყვებით აკეთებთ, მის პერიფრაზირებას ახდენთ, თქვენ უნებურად ღრმად შედიხართ თქვენთვის უცნობი იდეის არსში, რაც მას მეხსიერებაში ამაგრებს.
ასეთი შედეგები დგება მაშინ, როცა ხელით ვწერთ და არა ვბეჭდავთ. ხელით წერისას, რაც იმაზე ნელი პროცესია, ვიდრე კლავიშზე მუშაობა, საკმარისი დროა იმისთვის, რომ დავფიქრდეთ ფრაზების ლაკონურობაზე.

სტრატეგია 4. მოკლე შინაარსი
ბევრი პედაგოგი თავიანთ სტუდენტებს სხვადასხვა რაკურსიდან აჩვენებენ საგანს. ისინი საერთო სურათს ძირითად პუნქტებთან ერთად აცნობენ მათ, რომ ამდაგვარად სწავლის პროცესის სტრუქტურიზაცია მოხდეს, რომ მსმენელისთვის თემა უფრო მეტად გასაგები გახდეს. პედაგოგი ასე ხშირად აკეთებს, მაგრამ ზოგჯერ ის სტუდენტებს კურსის მოკლე შინაარსის დაწერას სთავაზობს.
ხერხი: გამოყავით სიღრმისეული კავშირები
იმ სტუდენტებს, რომელთაც ასეთ კურსს სთავაზობენ, როგორც წესი, უკეთესად ესმით საგანი – აღნიშნულია ახალ კვლევებში. ეს მათ სხვადასხვა თემებს შორის სიღრმისეული კავშირის დანახვაში ეხმარება.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ხშირად უფრო ეფექტურია იმის ზოგადი მონახაზის გაკეთება, რისი შესწავლაცაა დაგეგმილი. სწავლის პროცესში კი ეს სქემა დეტალური შინაარსებით უნდა შეივსოს.
ამაში თავად დარწმუნდებით: თქვენ საკმაოდ ადვილად შეძლებთ ტექსტის ან ლექციის სქემატური გეგმის შედგენას იმ ქვეპუნქტებით, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია ლაკონურობა: ფოკუსირდით არგუმენტირების სტრუქტურაზე, დეტალებში არ წახვიდეთ. ეს დაგეხმარებათ სწრაფად იპოვოთ მასალაში არსებული მნიშვნელოვანი კავშირები და გაგიადვილებთ მის დამახსოვრებას.

სტრატეგია 5: მოკარნახე ბარათები
თანამედროვე ეპოქაში მასალის შესწავლის ყველაზე ეფექტურ მეთოდად ჩანიშნული ბარათები ითვლება, განსაკუთრებით, თუკი მნიშვნელოვანია კონკრეტული, დეტალური ფაქტების დამახსოვრება. ძალიან ბევრი მტკიცებულებაა იმისი, რომ თვითშემოწმება მეხსიერებას აუმჯობესებს და საგნის დამახსოვრებას უწყობს ხელს. ამ სტრატეგიის მეტად და ნაკლებად ეფექტური ხერხები არსებობს.
ხერხი: ნუ იქნებით თავდაჯერებული
ბევრ ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების კრიტიკული შეფასება უჭირს. ისინი თავს იმაზე ჭკვიანად თვლიან, ვიდრე არიან. განათლების სფეროც გამონაკლისი არ არის.
ერთ-ერთი გამოკვლევით დადგინდა, რომ რაც უფრო თავდაჯერებულები არიან ადამიანები იმაში, რაც ისწავლეს, მით მეტად არის იმის ალბათობა, რომ ისინი მას საჭირო დროს ვერ გაიხსენებენ.
ჩვენთვის დამახასიათებელია ის, რომ ყურადღებას არ ვაქცევთ თუ როგორ მარტივად და სწრაფად გვავიწყდება უკვე ნასწავლი მასალა. მოკარნახე-ბარათებსაც შორს გადავდებთ, რადგან ვთვლით, რომ რადგანაც ერთხელ ვისწავლეთ საგანი, ის სამუდამოდ დარჩა ჩვენს მეხსიერებაში.
არ გადააგდოთ ეს ბარათები, მათ არა ერთხელ გამოიყენებთ სამომავლოდ. მას მუდამ და მუდამ უნდა დაუბრუნდეთ – მხოლოდ ასე გაიმყარებთ შესწავლილ მასალას მეხსიერებაში.

banner
წინა სტატიაშიგამოქვებულთან, სადაც ქრისტე დაიბადა, ათასობით მორწმუნე შეიკრიბა
შემდეგი სტატიაწინასაახალწლოდ ე.წ. ვაგზლის ბაზრის მიმდებარე ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება ან ნაწილობრივ შეიზღუდება