“როდესაც ვხედავ ადამიანებს, რომლებსაც სამსახური აქვთ, როდესაც შვილები ხელცარიელ მშობლებს არ ელოდებიან, ყველაზე მეტად ეს მახარებს”

ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონების მოსახლეობას ჰქონდეს ყველა ის სიკეთე, რასაც ქვეყანა ქალაქებში აძლევს თავის მოსახლეობას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა გურიაში, სოფელ დვაბზუში შპს „ასკანგელ ალიანსის“ ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნისას განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, გურიაში ასეთი მნიშვნელოვანი საწარმოო პოტენციალის შექმნა გამოაცოცხლებს და ააგუგუნებს არა მხოლოდ რეგიონს, არამედ მთელ საქართველოს.

კვირიკაშვილმა ჩოხატაურის ახლად გახსნილი კულტურის სახლის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონების კულტურული აღორძინება მნიშვნელოვანია.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონების მოსახლეობას ჰქონდეს ყველა ის სიკეთე, რასაც ქვეყანა ქალაქებში აძლევს თავის მოსახლეობას. აუცილებელია, ბავშვებმა იარონ მუსიკის, მხატვრული კითხვის გაკვეთილებზე, შეისწავლონ საკუთარი კულტურა. აუცილებელია, ასეთი კერები იყოს რაიონებში, რათა აქედან წასული ოჯახები ზაფხულს თავიანთ მამა-პაპისეულ სახლებში ატარებდნენ, ისე, როგორც ადრე იყო“,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, მთავრობის ნომერ პირველი ამოცანაა, „სითბო დავუბრუნოთ მოსახლეობას, გავათბოთ ქვეყანა“.

„ესაა ჩვენი მთავარი დანიშნულება, რადგან ჩვენ ეს დავკარგეთ და დღეს ყველაზე მეტად ეს გვაკლია. ეს დღევანდელი, მამულიშვილური, პატრიოტული საქმე, არის უზარმაზარი ნაბიჯი ამ მიმართულებით. როდესაც ვხედავ ადამიანებს, რომლებმაც იციან, რომ სამსახური აქვთ, ოჯახებში შემოსავალი აქვთ, შვილები აქედან წასულ მშობლებს ელოდებიან საღამოს – და არა ხელცარიელს, როგორც ეს ადრე იყო, ყველაზე მეტად ეს მახარებს. დიდი მადლობა ამ დიდი სიხარულისთვის”, – მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა ალიანსის“ ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმოს დამფუძნებელს.

30 მილიონი ლარის ინვესტიციით, “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა.

შპს „ასკანგელ ალიანსის“ ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გახსნა.

საწარმოს მშენებლობა 2016 წლის ივნისში დაიწყო. კომპანია, ინვესტიციის 100 მილიონ ლარამდე გაზრდას და დასაქმებულთა რაოდენობის გაორმაგებას გეგმავს.

banner
წინა სტატიაში“ელექტრონული სწავლება საშუალებას გვაძლევს, რომ კარგი და ცუდი მასწავლებელი, კარგი და ცუდი სკოლა აღარ არსებობდეს”
შემდეგი სტატიაშსს-მ წალენჯიხაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა – ბრალდებულმა თვითმკვლელობა სცადა