რკინიგზელები დღეიდან რკინიგზის დეპარტამენტის წინ შიმშილობის დაწყებას გეგმავენ

დღეიდან რკინიგზელები რკინიგზის დეპარტამენტის წინ შიმშილობის დაწყებას გეგმავენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის პრესსამსახურიდან აცნობეს, შიმშილობის აქციას რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ორი წევრი შეუერთდება. აღნიშნული გადაწყვეტილება რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის რიგგარეშე გამგეობის სხდომაზე იქნა მიღებული.

„გამგეობამ, რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის 18 პირველადი ორგანიზაციის წარმომადგენელის შემადგენლობით, იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, ორი წევრი რკინიგზელის მიერ დაანონსებულ შიმშილობის აქციას შეუერთდეს და მაქსიმალური ძალისხმევა გასწიოს მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი მოუწოდებს საზოგადოებას და პირველ რიგში რკინიგზაში დასაქმებულებს, გვერდში დაუდგნენ და მხარი დაუჭირონ აღმოსავლეთ სალიანდაგო სამმართველოს კახეთის რეგიონის მუშებს, რომელებსაც უსაფუძვლოდ შეუცვალა ადმინისტრაციამ სამუშაო ადგილი და ემუქრებათ სამსახურიდან განთავისუფლება“, – აცხადებენ რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირში.

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი მოუწოდებს რკინიგზის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკება პროფკაშირთან, მუშათა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

„ვაფრთხილებთ ადმინისტრაციას, რკინიგზელების მოთხოვნა ამ ეტაპზე არის ერთადერთი – დაბრუნდეს მოშიმშილე მუშები საკუთარ რეგიონს და მიეცეთ საშუალება, აკეთონ ის საქმე, რომელსაც ათწლეულების მანძილზე ასრულებდნენ!

ვაცნობიერებთ რა, რომ შიმშილობის გამოცხადება არის პროტესტის უკიდურესი ფორმა, რკინიგზელების ამ მდგომარეობამდე მიყვანის შემთხვევაში დასაქმებულების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რკინიგზის დირექტორთა საბჭოს, რომელიც თავის მხრივ ამ დრომდე არიდებს თავს მოლაპარაკებების დაწყებას და მხოლოდ უპასუხისმგებლო და ცილისმწამებულური განცხადებებით შემოიფარგლება.

პროტესტის უკიდურესი ფორმის, შიმშილობის აქციის მიმდინარეობის პროცესში, რკინიგზის ადმინისტრაციის მხრიდან მოლაპარაკებების არ წარმოების პოლიტიკამ, შესაძლოა ყოველ წუთს და ყოველ წამს დაამძიმოს მათივე კომპანიაში დასაქმებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა. საფრთხე ექმნება რკინიგზელების სიცოცხლესაც! გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვანია კომპანიის მენეჯმენტმა დაუყოვნებლივ შეცვალოს მიდგომები და დაიწყოს დიალოგი პროფკავშირთან!

აქვე ვაცხადებთ, ადმინისტრაციისთვის მიცემული მოლაპარაკებებისთვის საჭირო ვადა დღეს იწურება. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაცია დღის ბოლომდე არ გადადგამს შესაბამის ზომებს, რკინიგზის დეპარტამენტის შენობის წინ დაიწყება შიმშილობის აქცია“, – აცხადებენ რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირში.

banner
წინა სტატიაშიგანათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს
შემდეგი სტატიალონდონის ბიგ ბენი 4 წლით დადუმდება