რევოლუციური სცენარი 1 დღეში არ იწრება

ბევრი ვიფიქრე, ბევრი ვინერვიულე – ხუმრობა საქმე არაა, ქვეყნის პირველი პირი, თურმე, სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა.
ადამიანებო, მივეჩვიოთ პატივი ვცეთ სახელმწიფო უწყებებს, რომელთა პირდაპირი მოვალეობაა გამოძიება, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა.
პატივი ვცეთ იქ მომუშავე ადამიანებს და მათ პროფესიონალიზმს.
დიახ, მეც დედა ვარ და მინდა ჩემი ქვეყნისთვის საუკეთესო – იმედი მაქვს, ეჭვი არ შეგეპარებათ ამაში.
დიახ, მეც შვილი ვარ და მინდა ჩემი ქვეყნისთვის საუკეთესო – იმედი მაქვს, ეჭვი არ შეგეპარებათ ამაში.
ამიტომ – მე მჯერა ჩვენი სამართალდამცავი სისტემის.
ვფიქრობ მამუკა არეშიძის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე და მაქვს კითხვა რომ არ ჰქვია, ისეთი კითხვები:
იდუმალებითაა მოცული თუ ვინ მფარველობდა ახმედ ჩატაევს1.მამუკა არეშიძემ თქვა: „მე როგორც მითხრეს რამოდენიმე შეხვედრა იყო, უკანასკნელი, გადადგომამდე ორი კვირით ადრე. რაც შეეხება რევოლუციურ სიტუაციას – მაშინ ვერ გავიგე, რატომ ითხოვდა გახარია მელიას დაკავების ორი-სამი დღით გადადებას. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ეს დრო სჭირდებოდათ რევოლუციური სცენარის განსახორციელებლად“.
როდის მიაწოდეს ეს ინფორმაცია მამუკა არეშიძეს. გუშინ, იმ დღეს, როცა გააჟღერა? მე პატივს ვცემ მის პროფესიას, ჟურნალისტიკას და იმ ბერკეტს რაც მან გამოიყენა. წყარო არ მაინტერესებს, ვინ იყო, რამდენად სანდო და ასე შემდეგ. ჟურნალისტს მიაწოდეს ინფორმაცია და გააჟღერა.
მეც ასე მოვიქცეოდი!
მაგრამ, ჩემგან განსხვავებით არეშიძე გახარიას კარგად იცნობს და ალბათ დაუკავშირდა, გადაამოწმა, ისიც დაეთანხმა, კი ასე იყოო და უკვე დადასტურებული ინფორმაცია, ჟურნალისტმა, საზოგადოებას მოგვაწოდა.
მადლობა მას ამისთვის.
თუ ეს არ გააკეთა, მაშინ, ალბათ, სამართალდამცავებს მიმართა, იმათ დაუდასტურეს და შემდეგ გააჟღერა.
აბა, მამუკა არეშიძე გადაუმოწმებელი და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებით ხომ არ დაგვიხეთქვადა გულებს, დამწყები ჟურნალისტი კი არაა სკანდალი უნდოდეს – სტკივა სამშობლო და მადლობა მას!
2. არეშიძემ ეს ინფორმაცია მიიღო და გააჟღერა გუშინ. პრემიერი გახარია გადადგა 2021 წლის 18 თებერვალს. არ მინდა დავიჯერო, რომ ინფორმაცია, რომელიც არეშიძემ გააჟღერა, არ იცოდა შესაბამისმა სამსახურებმა.
მე მჯერა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დამცველი სამსახურების, მათი პროფესიონალიზმის და ვერ დავუშვებ ვიფიქრო, რომ მოსალოდნელი, ჩაფიქრებული სახელმწიფო გადატრიალების შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ.
რაკი არ აღკვეთეს, არ შევიდნენ გახარიას კაბინეტში და იქვე არ დააპატიმრეს კონსტიტუციით აღიარებული ქვეყნის პირველი პირი, დარწმუნებული ვარ მსგავსი ამბავი არ ხდებოდა და მამუკა ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა.
აბა, უწყებები გულზე ხელებს დაიკრეფდნენ და დაელოდებოდნენ „სპექტაკლს“?
რა საერთაშორისო სკანდალი, რის სკანდალი, ქვეყანას თავზე გვაქცევდა პრემიერი! და იმას უღებდა კარს, ვისაც ნამდვილებმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენისთანავე ბრძოლა გამოუცხადეს და უწყებები დუმდნენ?
ამას არავითარ შემთვევაში არ დავიჯერებ! მე მჯერა მათი! ამ უწყებებში პატრიოტი და კანონმორჩილი ადამიანები მუშაოებენ და დიახ, ისინი დააკავებდნენ ნებისმიერი თანამდებობის პირს, ვინც სახელმწიფოს უღალატებდა და თქვენ ხომ დარწმუნებული ხართ, რომ გახარია მარტო არ იქნებოდა ამ საქმეში. მის გვერდით იქნებოდა ყველა, ვინც ახლა პარტიაში მიიყვანა, ვინც მან დანიშნა და თანამდებობებს დღემდე ინარჩუნებენ. ის პარლამენტარებიც, რომლებიც ოცნებიდან გახარიასთან გადავიდნენ და ვინც მას მხარს უჭერს, ზოგადად, ყველა.
ესე იგი, მასშტაბური ღონისძიებები იგეგმებოდა. აქ მხოლოდ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანა-გაყვანაზე ხომ არაა საქმე. ლიდერებს დრო სჭირდებოდათო, მამუკამ თქვა, რევოლუციური სცენარისთვისო და უწყებები დუმდნენ?
ეს შეგიძლიათ იფიქროთ თქვენ, ვისაც ნდობა არა გაქვთ, მე მჯერა მათი და ასე ვერანაირად ვერ ვიფიქრებ!
3. რევოლუციური სცენარი 1 დღეში არ იწრება.
ესე იგი, სულ ცოტა 2 თვე მაინც, 1 წელი თუ არა, გახარია და ნაციონალების ლიდერები წერდნენ.
და თქვენ რა გინდათ მითხრათ, ამ პერიოდში შესაბამისმა სამსახურებმა არაფერი იცოდნენ?
თუ იცოდნენ და მასალებს აგროვებდნენ?
მე არ ვიტყვი აბა სადაა ჩანაწერები, მტკიცებულებები და ასე შემდეგ.
აგერ ლონდონმა თქვა „მუქარის წერილზე“ გახარიას არც ხელმოწერაა და არც ანაბეჭდიო, მაგრამ მამუკა ხაზარაძეს დღემდე სჯერა რომ „ის, იქ არის“. ლონდონამდე მე ჩვენების მსჯეროდა, დეპუტატ ხაზარაძისაგან განსხვავებით.
ახლაც მჯერა! ეს სამსახურები ხალხს არ მოატყუებდნენ და გახარიას, რომელიც პრემიერობის პარალელურად ნაცებთან ერთად სცენარს წერდა, კაბინეტში დააკავებდნენ და ამით დასრულდებოდა საქართველოში სანაცეთიც და გახარიაც, მის მომხრეებიანად!
ეს არ მოხდა, მაშ რა მოხდა? – გახარიამ პარტია შექმნა! აქამდე ვინ მიუშვებდა ხალხო, ვინ?
ან ვინმე მეტყვის რომ მიუშვეს? გამორიცხულია! ოპოზოციაში გადასული ყოფილი პრემიერის დაკავება უფრო დიდი სკანდალია, მერწმუნეთ (მაგალითად გვყავს მელია), ვიდრე პრემიერ მინისტრის, მერწმუნეთ! და ამას არავინ დაუშვებდა. ახალ წიკოწიკოს ქვეყანას თავზე არავინ მოახვევდა.
4. არეშიძემ თქვა და ახლა მე, ერთი რიგითი მოქალაქე, რომელიც 9 საათზე იძინებს, მთელი ღამის უძილო ვარ. რამდენმა გაათენა ჩემსავით ღამე ნერვიულობასა და ფიქრში – რას გადავრჩით, გადავრჩით?
მე ჩემი შვილებისთვის მშვიდი გარემო მინდა და მჯერა, ვცხოვრობ სახელმწიფოში, ოკუპირებულში, მაგრამ ღირსებით სავსე ქვეყანაში, სადაც იცავენ ადამიანების უფლებებს, სადაც ფიქრობენ ადამიანებზე. ამიტომ ვფიქრობ, ამიტომ ვნერვიულობ და ყველამ კეთილი ინებოს, გადამოწმებულ-დადასტურებული ინფორმაცია მომაწოდოს, თორემ ვიფიქრებ, რომ ფულის გამო ყველაფერს კადრულობენ და ერთ მშვენიერ დღეს ვიღაცას, ჩემი სამშობლოს სახელით, თვალებს გამოვთხრი.
5. ვინმე თუ მეტყვის, რომ გახარია რევოლუციას გეგმავდა და მას პარტიის შექმნის საშუალება (უფლებაც!) მისცეს და ვინმე ამას თუ დამიმტკიცებს, პირველსავე ნაკადულში ჩავიხრჩობ თავს, იმ შემთხვევაში თუ გული არ გამისკდება.
ვერანაირად ვერ დავიჯერებ, რომ ჩემი უსაფრთხოების დამცველი უწყებები, ამას დაუშვებდნენ!
გამორიცხულია!
მე მჯერა მათი პატრიოტიზმის და პროფესიონალიზმის.
პ.ს. არ მიყვარს სტატუსის რედაქტირება, მაგრამ უნდა დავამატო: მელიას დაკავების დღეს ნაცების ოფისიდან გატანილ იქნა კომპიუტერები, მტკიცებულებად. ბუნებრივია, გახსნიდნენ, შეამოწმებდნენ და გამორიცხულია, თუ რევოლუცია იგეგმებოდა, ინფორმაცია, რაღაც მიზერული მაინც, იქ არ აღმოჩენილიყო.
და ახლა რას მიმტიკებენ მავანნი, ინფორმაცია იცოდნენ და დამალეს? ეგრევე არ წვდნენ ყელში გახარიას? მისცეს საშუალება პარტია შეექმნა? პოლიცია ხომ პრემიერ მინისტრს მოახსენებდა შედეგს და რა? ღარიბაშვილმა დამალა – მიუშვით ბიჭებო, გადამდგარი კაცის დაჭერას პარტლიდერის დაჭერა სჯობსო? კაი, რა, ღარიბაშვილის მოღალატედ გამოცხადება და არეულობა, ქაოსი დღეს ვის აწყობს, ძალიან კარგად ვიცით. მითუმეტეს, დღეს ამერიკელი სენატორები ჩამოვიდნენ საქართველოში!
და თუ თავად არ დაწყნარდებიან მავანნი, დააწყნარებენ შესაბამისი სამსახურები, დარწმუნებული ვარ!

banner
წინა სტატიაშივაშაძე – ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით სახელმწიფო დუმს, რადგან…
შემდეგი სტატიადეკანოიძე – სენატორების ვიზიტი იქნება იმის დაფიქსირება, რომ საქართველომ უნდა მოიპოვოს ევროატლანტიკურ სივრცეში ღირსეული ადგილი