რატომ ვერ აღადგენს რუსეთი სოხუმის აეროპორტს?

ოფიციალურმა მოსკოვმა ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედროების დახმარებით სოხუმის აეროპორტის აღდგენა გადაწყვიტა. ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობამ ჯერ კიდევ 2019 წლის 26 ივლისს ე.წ. დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, „ვლადისლავ არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტი“ „საერთაშორისო“ ფრენებისათვის უნდა გახსნილიყო.

აღსანიშნავია, რომ სოხუმის აეროპორტი 1993 წელს დაიკეტა და მას შემდეგ იქ რეგულარული ფრენები არ სრულდება. სხვათაშორის, 90-იანი წლების შემდეგ იქ პირველი რეისი 2008 წლის აგვისტოში შესრულდა, როდესაც რუსეთმა, საქართველოსთან ომის დროს, აფხაზეთში სამხედრო თვითმფრინავებით დესანტი გადასხა. აეროპორტი საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ სერტიფიცირებული არ არის. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ 2008 წელს მიღებული საქართველოს კანონის თანახმად, აფხაზეთში საერთაშორისო ფრენები აკრძალულია.

2019 წელს სოხუმის აეროპორტს და ოკუპირებული აფხაზეთის საჰაერო სივრცეს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ICAO-ს სტანდარტის მსგავსი, ოთხნიშნა ალფაბეტური კოდი URAS მიენიჭა, რასაც ოკუპირებულ რეგიონში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. სოხუმის აეროპორტის რუსეთის საჰაერო სივრცეში მოქცევის გეგმაზე კომენტარი მაშინ ოკუპირებული აფხაზეთის იმდროინდელმა ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გააკეთა: „ჩნდება სხვადასხვა კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ აისახება ეს ჩვენს სუვერენიტეტზე. როგორც კი ალფებეტური კოდის გაშიფრვისას გაისმა სიტყვები „როსტოვი“, „რუსეთი“, მაშინვე გაჩნდა კითხვა „ხომ არ ნიშნავს ეს სუვერენიტეტის დაკარგვას“?

საერთაშორისო სამართლისა და ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება. უფრო ზუსტად, სოხუმის აეროპორტში ვერცერთი ავიაკომპანია საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ვერ განახორციელებს, სანამ ამის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება არ მიიღებს.

როგორც ვხედავთ რუსეთი კვლავ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და საქართველოს სუვერენიტეტს. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ავიაკომპანია სოხუმის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს, ის დაარღვევს როგორც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმებს, ისე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს, რაც გაართულებს აღნიშნული ავიაკომპანიის ოპერირებას საერთაშორისო და საქართველოს მიმართულებებზე.

ანა კობალაძე

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე: „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ, საზოგადოების წინაშე თავს ნუ შეირცხვენენ
შემდეგი სტატიასამნიძე: მძიმეა იმის მოსმენა, რომ თუ კარგად მოიქცევით, მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებებს შემოვიტანთო