რატომ უნდა შეაჩეროს ბაიდენმა ერდოღანის მიერ ანტიტერორისტული რიტორიკის ბოროტად გამოყენება

(CNN) მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ ერაყში 13 თურქი მძევალი გარდაცვლილი იპოვეს, 14 თებერვალს თურქეთმა დააკავა ასობით ადამიანი, მათ შორის პროქურთული ოპოზიციის სახალხო დემოკრატიული პარტიის (HDP) ცნობილი წარმომადგენლები. მთავრობამ კი დაიწყო გამოძიება ხსენებული პარტიის პარლამენტის წევრებთან მიმართებაში, ასევე, საქმეები აღიძრა უფლებადამცველებზე – ჰიუდა ქაია და ომერ ფარუქ გერგერლიოღლუ-ზე, რომლებიც აქტიურად იბრძოდნენ გარდაცვლილთა ოჯახებთან ერთად მძევლების უსაფრთხოდ დაბრუნების მიზნით.
პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სპიკერმა განაცხადა, რომ HDP არის “იგივე” ქურთისტანის მუშათა პარტია (PKK), რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული აშშ-ს, ევროკავშირისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების მიერ. (პარტია HDP უარყოფს აღნიშნულ ბრალდებას.) თავად ერდოღანმა კი აშშ დაადანაშაულა ტერორისტების მხარდაჭერაში.
რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს ეს ბრალდებები, ისინი სრულ თანხმობაშია მთავრობის რეპრესიული პოლიტიკის გამართლებისა და ხელისუფლების უზურპაციის ლეგიტიმაციის მიზნით ერდოღანის “ანტიტერორისტული” რიტორიკის ბოროტად გამოყენებასთან. პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა არ უნდა დაუშვას ის, რომ თურქეთმა გააგრძელოს ამგვარი დისკურსი, რომელიც გავლენას ახდენს აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თურქეთი ამ ბრალდებებს თავად აშშ-ს მთავრობას უყენებს და ამის გაკეთების საშუალება მას აქვს ერდოღანთან პირველი ზარისთანავე.
გასაოცარია იმ სამთავრობო რესურსების მასშტაბი, რომელიც მიმართულია თურქეთში ტერორიზმის საფრთხის საბაბით აზრის თავისუფლად გამოხატვის ჩასახშობად. თურქეთმა ბრალი წაუყენა 785 აკადემიკოსს ტერორისტული პროპაგანდის გავრცელების საბაბით მხლოდ იმიტომ, რომ მათ 2016 წელს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების მოთხოვნით ღია წერილს მოაწერეს ხელი. მას შემდეგ დაახლოებით 6000 აკადემიკოსი სამსახურებიდან გაათავისუფლეს ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში. მიმდინარე წელს კი თურქეთმა დააპატიმრა 560-ზე მეტი სტუდენტი, რომლებმაც მშვიდობიანად გააპროტესტეს ბოსფორის უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე ერდოღანის მომხრის დანიშვნა, რომელიც არ ყოფილა არჩეული და არც აკადემიური კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თურქეთი მუდმივად ირიცხებოდა მსოფლიოს იმსახელმწიფოთა სიაში, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობის ჟურნალისტია პატიმრობაში, რომელმაც დააპატიმრა 200-ზე მეტი ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი, ძირითადად ტერორიზმის ან “პრეზიდენტის შეურაცხყოფის” ბრალდებით. 2020 წლის ბოლოს, როდესაც მსოფლიოში დაპატიმრებულ ჟურნალისთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა, Human Rights Watch– მა აღნიშნა, რომ დაახლოებით 87 თურქი ჟურნალისტი და მედია მუშაკი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა ან სასჯელს იხდიდა ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით, მათი ჟურნალისტური საქმიანობის გამო.
თურქეთის ჟურნალისტთა ასოციაციის ყოველწლიური მედია მონიტორინგის ანგარიშის თანახმად ყოველ მეექვსე ჟურნალისტთან მიმართებაში ამჟამად თურქეთში გამოძიება იწარმოება. 2016 წლის შემდეგ სულ მცირე 160 მედია საშუალება დაიხურა. ორგანიზაცია ”რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”-ს (RSF) თურქეთის წარმომადგენელმა, ეროლ ენდეროღლუ, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში პრესის თავისუფლების მონიტორინგზე და ადვოკატირებაზე, ამჟამად სამართლდება და მას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება ”ტერორისტული ორგანიზაციის პროპაგანდირების”, დანაშაულის ღიად წაქეზებისა” და ”დანაშაულებრივი ქმედებისა და დამნაშავის ადვიკატირების” მუხლებით.
ენდეროღლუს და მისი თანამოაზრეების თქმით, მათ ხსენებული “ყალბი ბრალდებები” ედებათ მხოლოდ და მხოლოდ იმ გაზეთის რედაქტორობის გამო, რომელიც დაიხურა გადატრიალების მცდელობის შემდგომ თურქეთის ხელისუფლების მიერ. ასევე, ტერორისტული საქმიანობის ბრალდენით 27 წელზე მეტი ხნით პატიმრობა შეუფარდეს ცნობილ ვეტერან ჟურნალისტ და რედაქტორ ჯან დუნდარს. ნოემბერში სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ჟურნალისტის და აწ უკვე დახურული სატელევიზიო სამაუწყებლო ჯგუფის პრეზიდენტის, ჰიდაიეტ კარაჯასადმი გამოტანილი უვადო პატიმრობის გადაწყვეტილება. 15 თებერვალს გაუქმებული გამომცემლობის სამ ყოფილ თანამშრომელს, თანადამფუძნებელს და ადამიანის უფლებათა დამცველ ერენ კესკინს ტერორიზმის ბრალდებით მიუსაჯეს 20 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.
თურქეთში პოლიტიკური დისკუსიისადმი ღია პლატფორმები სწრაფი ტემპით იკლებს. მთავრობა აძლიერებს სოციალურ მედიაზე წნეხს და ათასობით მოქალაქე შეიძლება დააპატიმრონ და ბრალი წაუყენონ პრეზიდენტის შეურაცხყოფის ან ტერორისტული პროპაგანდის გავრცელებისთვის. Human Rights Watch აღნიშნავს, რომ პოლიციამ დაიწყო სამართლებრივი დევნა და დააპატიმრა ასობით პირი სოციალურ ქსელში Covid-19- ის შესახებ “შიშისა და პანიკის შექმნისთვის”, ზოგიერთი ბრალდება კი გულისხმობს პანდემიის მიმართ მთავრობის რეაქციის კრიტიკასაც.
თურქეთის კიბერ უსაფრთხოების ექსპერტმა Guardian- ს განუცხადა, რომ ხელისუფლებამ უკვე დაბლოკა 400,000-ზე მეტი ვებგვერდი და ამჟამად აფართოებს ონლაინ ცენზურას, რომელიც ახლახან მიღებული დესტოპიური კანონის ფარგლებში მთავრობას მისცემს სოციალური მედია კომპანიებსა და მათ ონლაინ კონტენტზე მეტი კონტროლის შესაძლებლობას.
საზოგადოებრივი მოძრაობა Hizmet, რომელიც ყურადღებას ამახვილებს რელიგიურ დიალოგზე, სოციალურ სოლიდარობასა და განათლებაზე და რომელსაც აშშ – ში მყოფი სასულიერო პირი ფეთჰულლაჰ გიულენი ხელმძღვანელობს, წარმოადგენს ტერორიზმის საბაბით სამართლებრივი დევნის ერთერთ უმთავრეს სამიზნეს. მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანი გიულენს ადანაშაულებს 2016 წელს სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელ მცდელობაში, გიულენმა უარყო მისი ნებისმიერი სახით მონაწილეობა აღნიშნულში და მოითხოვა საერთაშორისო გამოძიების ჩატარება. მთავრობის მონაცემებით, 2020 წლის ივლისიდან მოყოლებული, დაახლოებით 133,000 პირის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ხოლო 58,000 პირს წაუყენეს ტერორიზმის ბრალდება ზემოხსენებულ მოძრაობასთან დაკავშირებული საქმიანობის გამო. მათ შორის, 26,000 პირი პატიმრობაში იმყოფება.
ერთერთი ჩვენგანი კარგად იცნობს ამდაგვარი ტერორისტული ბრალდებების სისასტიკეს, რადგანაც არა მხოლოდ პირადად დააგვადანაშაულეს, არამედ მამა ციხეში ჩასვეს სწორედ ამ ბრალდებით და აუკრძალეს საზღვარგარეთ გამგზავრება ან საკუთარ შვილთან საუბარი გამამართლებელი განაჩენის შემდეგაც კი.
მთავრობა უფრო მეტად მიზანში იღებს მათ, ვინც გაბედავს ამ საქმეებზე ღიად საუბარს ან მსხვერპლების ადვოკატირებას, მათ შორისაა თანერ ქილიჩი, Amnesty International- ის თურქეთის საპატიო თავმჯდომარე, რომელსაც გასულ წელს ექვს წელზე მეტი ხნით პატიმრობა მიუსაჯეს. ამჟამად ტერორიზმის ბრალდებით 450 ადვოკატი იხდის სასჯელს. სექტემბრის მხოლოდ ერთ დღეს, ხელისუფლებამ ამ ბრალდებით დააკავა 47 ადვოკატი საკუთარ სახლებში. ერთი თვით ადრე კი ადამიანის უფლებების დამცველი ებრუ ტიმტიკი, რომელსაც ტერორიზმის ბრალდებით 17 სხვა ადვოკატთან ერთად პატიმრობა მიუსაჯეს, სამართლიანი სასამართლო პროცესის მოთხოვნის მიზნით შიმშილობის შედეგად გარდაიცვალა. პანდემიის დროს მთავრობამ ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებული ათიათასობით სხვა პოლიტპატიმარის სიცოცხლე უშუალო რისკის ქვეშ დააყენა გადატვირთულ საპყრობილეებში მათი დატოვებით და ამნისტირების უგულებელყოფით. Human Rights Watch– ის თანახმად, ხელისუფლება ასევე კვებავს დაუსჯელობის სინდრომს წამებისა და გაუჩინარებას სავარაუდო ფაქტების უარყოფით.
მოცემულ ეტაპზე თურქეთი აფართოებს უფლებამოსილებებს “ტერორიზმთან ბრძოლის” საბაბით სამოქალაქო საზოგადოების ჩასახშობად. ახალი კანონპროექტის მიხედვით მთავრობა უფლებამოსილია დაბლოკოს არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწირულობები და აქტივები, როგორიცაა ადამიანის უფლებათა ჯგუფები და დახუროს ისინი, თუ მათ წევრებს ტერორიზმში ედებათ ბრალი. კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც თურქეთმა უკვე გააუქმა და აქტივები დაუბლოკა მინიმუმ 1500 არასამთავრობო ორგანიზაციას 2016-2019 წლების მონაკვეთში.
ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების აშკარა მტკიცებულებების ფონზე ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოიყენოს ადამიანის უფლებათა ანგარიშვალდებულების გლობალური კანონი იმისთვის, რომ დააწესოს სანქციები თურქეთის ნებისმიერ ჩინოვნიკთან მიმართებაში, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევაში ან კორუფციაშია ჩართული. უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მონაცემთა ბაზის თანახმად აღნიშნული კანონის მიხედვით არც ერთ თურქ ჩინოვნიკთან მიმართებაში სანქცია არ დაწესებულა. როდესაც პრეზიდენტი ბაიდენი დაუკავშირდება ერდოღანს, მან უნდა მოსთხოვოს თურქულ მხარეს ანტიტერორისტული კანონის გაუქმება და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიული პოლიტიკის შეწყვეტა.
აშშ ვერ ითანამშრომლებს უსაფრთხოების საკითხებში იმ ქვეყანასთან, რომელმაც ანტიტერორისტული საბაბით გაამართლა ადამიანის უფლებების დარღვევები და დაკარგა სანდოობა რეალური ტერორისტული საფრთხეების კუთხით, რითიც იგი ძირს უთხრის ნატოს გლობალურ ალიანსს. ბაიდენმა ასევე უნდა მოითხოვოს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება თურქეთში რეალური თავისუფლებების აქტუალიზაციის მიზნით.

წყარო:CNN

banner
წინა სტატიაში„ნამახვანჰესთან” დაკავშირებით, ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან
შემდეგი სტატიასოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს