რატომ ეშინია ოპოზიციას ირაკლი ოქრუაშვილის

მალე ორი თვე შესრულდება, რაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ციხეში ჩასვეს. იმას, რის გამოც ის საპატიმროშია, ხელისუფლება ოპოზიციის სხვა ლიდერებსაც ედავებოდა, მაგრამ მშობლიურმა მართლმსაჯულებამ მხოლოდ ოქრუაშვილი გამოარჩია. გავრილოვის სისხლიან ღამეს პროტესტის გამოხატვის გამო, მხოლოდ ის გაუშვეს ციხეში. დანარჩენ ლიდერებს კი რამდენიმე საათიანი დაკითხვა აკმარეს.

გამონაკლისი ნიკა მელიაა, რომელსაც დეპუტატის იმუნიტეტი შეუზღუდეს და ფაქტიურად  შინაპატიმრობა მიუსაჯეს.

აქედან გამომდინარე ოპოზიციას ერთი ამბავი უნდა აეტეხა მელიას, ოქრუაშვილის და გავრილოვის ღამის საქმეზე დაკავებული 20-მდე აქტივისტის გამო.

მსგავსი არაფერი მომხდარა. რამდენიმე გამონაკლისის გარდა ოპოზიცია დუმილს ინარჩუნებს. დუმილი კი ხშირ შემთხვევაში თანხმობას ნიშნავს.

ბუნებრივია იბადება კითხვა, რატომ დაივიწყა ოპოზიციამ, ასე უცბად ადამიანი, რომელიც გავრილოვის სისხლიან ღამეს მათ გვერდზე იდგა და ისინი ერთად აპროტესტებდნენ რუსულ ოკუპაციას.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ არც ნიკა მელიას გამო გადარეულა ვინმე.  მხოლოდ პირველ დღეებში “დაიხოკეს’ ლოყები, მერე ისეთი პოზა მიიღეს, თითქოს ყველაფერი ასეც უნდა მომხდარიყო.

ბოლო ხანებში ოპოზიციამ ხელისუფლების კრიტიკაც შეანელა.  გიორგი გახარიას გაპრემიერებასაც კი შეეგუვნენ. არადა პირობას დებდნენ, გავრილოვის ღამის ჯალათი მთავრობის მეთაური ვერ გახდებაო.

გახარიას პრემიერობას ხელს ვერ შეუშლიდნენ, „ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს და სულ რომ ყირაზე გაევლოთ, მმართველი პარტია მაინც დაამტკიცებდა  ყოფილ შს მინისტრს მთავრობის მეთაურად.

სამაგიეროდ მათ შეეძლოთ ირაკლი ოქრუაშვილის გამო აეტეხათ ხმაური, შეეძლოთ მიემართათ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, მოეწყოთ აქციები. შეეძლოთ, მაგრამ არ გააკეთეს.

არავისთვის დასამალი არაა, რომ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ. რაც ჩვეულებრივი ამბავია. ისინი ერთმანეთის კონკურენტები არიან. რაც უფრო ძლიერია ესა თუ ის პარტია ან ლიდერი, მით მეტად მიუღებელია ის სხვა ძალებისთვის.

ოქრუაშვილი კი ნამდვილად ძლიერი ლიდერია. ყოველშემთხვევისთვის მას ქარიზმა აქვს და შეუძლია ხალხის აყოლიება. ამის გარდა მას აქვს ფინანსები და ფლობს ძალიან ბევრ სკანდალურ ინფორმაციას. მათ შორის დღევანდელი ოპოზიციის ლიდერებზე.

შეიძლება ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ოპოზიცია მის გამო თავს დიდად არ იწუხებს. შესაძლოა, მათ უფრო აწყობდეთ ციხეში გამომწყვდეული თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ვიდრე ხელისუფლებას.

პოლიტიკაში, როგორც ამბობენ, ყველაფერი მოსულა _ ინტრიგაც, ფეხის დადებაც, ჩაშვებაც. ამ ყველაფერმოსულ პოლიტიკაშიც კი ულამაზოდ გამოიყურება იმ ადამიანის მიტოვება, რომელთან ერთადაც ბარიკადებზე იდექი და იცი, რომ ის შენს გამოც იხდის სასჯელს.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: ჩვენ ამერიკას ომს კი არ ვუცხადებთ? ჩვენ ვეუბნებით: დაინახე ქართველი ხალხი, დაანებე თავი მწამებლების მფარველობას!
შემდეგი სტატიაბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 50 წლის მამაკაცი დაჭრეს