რატომ აარიდა ივანიშვილმა თავი „თამერის“ შეკითხვას

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 15, 2016 23:57

რატომ აარიდა ივანიშვილმა თავი „თამერის“ შეკითხვას

პრესკონფერენცია „ექშენის“ გარეშე და გემრიელი „კოფე-ბრეიკი“ „ტექნოპარკში“

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა არც თუ ისე შორეული წარსული გაიხსენა და წინასაარჩევნოდ ფართო მასების გულის ხელახლა მოგება ჟურნალსიტების „მიჯირყვნით“ გადაწყვიტა, თუმცა ძველი ტრადიციისგან განსხვავებით, ბეჭდური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომლის პირდაპირი ტრანსლირებაც არ ხდებოდა და რომელსაც, სავარუდოდ, „ჯი-დი-ეს“-ის კამერა იწერდა, თავს მხოლოდ „ტაბულას“, „რუსთავი 2“-სა და „ქრონიკა +“-ის მთავარ რედაქტორს, ელისო კილაძეს დაესხა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელმა “საქართველოს არაოფციალურ მმართველად” მონათლულ ივანიშვილს სიტყვა არ შეარჩინა. სხვათა შორის, იმის შესახებ, რომ ევროსასამართლომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმრის რანგში აიყვანა, პრესკონფერენციაზე ივანიშვილს კითხვა სწორედ ელისო კილაძემ დაუსვა, რამაც ყოფილი პრემიერი, არ შეიმჩნია, მაგრამ აშკარად წონასწორობიდან გამოიყვანა და გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარ რედაქტორს არაკორექტულად მიმართა.

ვრცელი მონოლოგი, როგორც აღვნიშნეთ, ივანიშვილმა „ტაბულას“ და „რუსთავი 2“-საც მიუძღვნა და ამ მონოლოგის ლაიტმოტივი ის გახლდათ, რომ ეს მედია-საშუალებები სიცრუის ტირაჟირებს ახდენენ და „ნაცმოძრაობის“ რუპორები არიან. ივანიშვილის სიტყვების უტრირება რომ მოვახდინოთ, თურმე, „ნაცმოძრაობს“ უნდა, რომ ივანიშვილი გაჩუმდეს, მაგრამ ყოფილი პრემიერის პათოსით თუ ვიმსჯელებთ, ამას ვერავინ მოესწრება. უფრო მეტიც, ივანიშვლმა გამოთქვა მოსაზრება, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებში „ნაცმოძრაობას“, შესაძლოა, ბარიერის გადალახვის პრობლემა შეექმნას.

ზოგადად, 150-წუთიანი პრესკონფერენციის განმავლობაში, ივანიშვილმა „ნაციონალები“ მრავალჯერ ახსენა და იმის ხაზგასმას ცდილობდა, რომ მათი დრო დამთავრებულია, მაგრამ „თაიმერს“, სხვა ჟურნალისტების მსგავსად, დარჩა განცდა, რომ „ოცნებას“ ან „ნაციონალების“ გამარჯვების ეშინია, ან უარესი, ცდილობს, რომ მთავარ ოპონენტად „ნაცმოძრობა“ ყავდეს. ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ „ოცნებას“ „ნაციონალებთან“ ოპონირება უადვლდება და ამას იმით ასაბუთებს, რომ საარჩევნო პერიოდში ხალხს, მინიმუმ, იმ ცხრაწლიან რეჟიმს გაახსენებს, რომლის დროსაც „ნაციონალებმა“, რეალურად, არა ერთი შეცდომა დაუშვეს და, ამასთან ერთად, უკანონობები ჩაიდინეს.

„ნაციონალების“ გარდა, ივანიშვილი პაატა ბურჭულაძესაც შეეხო და მას ორჯერ ურჩია, რომ არ იცრუოს.

შეიძლება, გასაკვირი იყოს, მაგრამ პრეს-კონფერენციაზე არც ერთ მედიასაშუალებას არ დაუსვამს შეკითხვა თამაზ მეჭიაურზე, თუმცა ამ კონტექსტში, ივანისვილმა საგულისხმო განცხადება გააკეთა. ანუ მოგეხსენებათ, მეჭიაურის პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია, ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვაზე რეფერენდუმის ჩატარებაა. როცა ივანიშვილს ამის შესახებ კითხეს, მან თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულ ოჯახშია გაზრდილი და ტრადიციული ოჯახი აქვს, ერთნაირსქესიანთა ქორწინების საფრთხე არ არსებობს, რადგან ამას სამოქალაქო კოდექსი არეგულრებს და შესაბამისად, ხმაურიც ტყუილად არის ატეხილი. ამას გარდა, ივანიშვლმა ისიც მიანიშნა, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონს მხარს უჭერდა. მართალია, ქართულ ბეჭდურ მედიას ამ დეტალისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ პრინციპში, ამ განცხადებით, ყოფილი პრემიერი, მეჭიაურის გუნდის მთავარ პოლიტკურ ლოზუნგს გაემიჯნა, რაც იმ ხალხისთვის, ვისაც ივანიშვილის სჯერა, მაგრამ ხმას, მაგალითად, მეჭიაურს აძლევს, მესიჯი იქნება, რომ 8 ოქტომბერს გადაწყვეტილება „ოცნების“ სასარგებლოდ მიიღოს.

ყოფილმა პრემიერმა, ამ ეტაპზე კოალიციური მთავრობის არსებობაც გამორიცხა და ისიც ივარაუდა, რომ არჩევნებამდე მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები არ განხორციელდება. ამას გარდა, ივანიშვლმა თქვა, რომ პარლამენტის მომავალ თავმჯდომარეზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. ასევე, იმაზე ლაპარაკისგანაც თავი შეიკავა, მომავალ პარლამენტში „ოცნება“, „ნაციონალების“ გარდა, კიდევ რომელ პოლიტიკურ სუბექტთან არ ითანამშრომლებს.

თუ რამდენიმე მედიის კრიტიკას არ მივიღებთ მხედველობაში, ივანიშვილის ბეჭდურ და ინტერენეტ-მედიასთან შეხვედრას „ექშენი“ არ ჰქონდა და ჟურნალისტების ნაწილს ის განცდაც გაუჩდა, რომ 150 წუთი სულ ტყუილად დაკარგეს, რადგან ახალი ვერაფერი გაიგეს.

გარდა ამისა, ივანიშვილმა რამდენიმე საკვანძო საკითხისგან თავი შეიკავა. არც „თაიმერს“ გასცა კითხვაზე პასუხი, თუ რას ფიქრობს აფხაზეთის რკინგზაზე. მან თქვა, რომ ეს თემა ახლა აქტუალური არ არის და დეტალებში არ შევა, თუცმა „თაიმერს“ მოეჩვენა, რომ ყოფილმა პრემიერმა, ამ საკითხზე საუბარს თავი მიზანიმართულად აარიდა, რადგან ალბათ, არ უნდოდა, რამე ისეთი ეთქვა, რასაც იგივე „ნაციონალები“ ამ საარჩევნო კამპანიის დროს, ხელზე დაიხვევდნენ და იტყოდნენ, რომ ივანიშვილმა თავისი „რუსული გავლენები“ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

https://youtu.be/wynvhnYoJWc

აღსანიშნავია, რომ ყოფილმა პრემიერმა „პანამა პეიპერსის“ სკანდალზე დასმულ კითხვასაც „ლაითად“ უპასუხა და აღნიშნა, რომ „ოფშორში“ ანგარშები ყველა მსხვილ ბიზნესმენს აქვს და რომ ამაში უკანონო არაფერია.

პრეს-კონფერენციიდან გამოსულ ჟურნალისტებს, „ტექნოპარკში“ „კოფე-ბრეიკი“ დახვდათ, თუმცა ყოფილ პრემიერს მედიასთან არ „უსადილია“. ასევე აღსანიშნავია, რომ იმ დროს, როცა ივანიშვილი პრემიერი იყო და პრეს-კონფერენციებს მართავდა, მედიის წარმომადგენლებს „კოფეზე“ არ ეპატიჟებოდნენ ხოლმე. ისე, 150-წუიანი უინტერესო შეხვერის შემდეგ, ყავა, ჩაი და სხვა „სასუსნაოები“, მართლაც, მისწრება იყო…

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 15, 2016 23:57