საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 36-ე რაუნდთან დაკავშირებით

"პროვოკაციული აქტი" - საგარეო უწყება რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას ეხმაურებასაგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 36-ე რაუნდთან დაკავშირებით.
2016 წლის 15 ივნისს შედგა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 36-ე რაუნდი. გაიმართა ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილნი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში – უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში – იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები და ესწრებოდნენ მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.
პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილვა შედგა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხზე, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხის განხილვისას რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა დატოვეს მოლაპარაკებების დარბაზი. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ არაკონსტრუქციულ დამოკიდებულებას ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თემების ისევე, როგორც ზოგადად, მოლაპარაკების პრინციპების მიმართ.
მონაწილეებმა საქართველოდან ორივე სამუშაო ჯგუფში მწვავედ დააყენეს 19 მაისს სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის საკითხი. ქართულმა მხარემ მონაწილეებს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა მკვლელობის ფაქტზე და კატეგორიულად მოითხოვა დამნაშავის დაუყოვნებლივ დაკავება, რასაც მხარი დაუჭირეს თანათავმჯდომარეებმა და დანარჩენმა მონაწილეებმა. სამწუხაროდ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს არ გააჩნდათ ღირებული ინფორმაცია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ 6 ივლისს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა მეტ სიცხადეს შეიტანს ხურჩაში მომხდარი მკვლელობის საქმეში.
პირველ სამუშაო ჯგუფში დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების კუთხით არსებული მძიმე ვითარება, მათ შორის, მილიტარიზაციის, უკანონო სამხედრო წვრთნებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პროცესები. ამ ფონზე ქართულმა მხარემ რუსეთის ფედერაციას მოუწოდა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისაკენ და მოითხოვა საქართველოს მიერ ცალმხრივად არაერთხელ აღებული ვალდებულების საპასუხოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების მკაფიო დადასტურება, რაც გარანტირებული უნდა იქნას ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებით.
ქართულმა მხარემ ორივე სამუშაო ჯგუფში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ნიშნებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გაგრძელებას, რაც უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს. მწვავე დისკუსია შედგა ასევე ე.წ. „საზღვრის“ უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავებისა და გატაცების შემთხვევებზე. მონაწილეებმა საქართველოდან მოითხოვეს საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა, რისი აუცილებლობაც კიდევ ერთელ დაადასტურა ე.წ. „მესაზღვრეების“ მიერ საოკუპაციო ხაზთან ჩადენილმა მკვლელობამ.
მეორე სამუშაო ჯგუფში განხილულ იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული მდგომარეობა. ხანგრძლივი დისკუსიის საგანს წარმოადგენდა აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების პრობლემა. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე საკითხის მოსაგვარებლად ქმედითი ზომების გატარების აუცილებლობას.
მონაწილეებმა საქართველოდან ვრცლად ისაუბრეს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების მნიშვნელობაზე. რუსეთის ფედერაციის მხრიდან ადგილი ჰქონდა საკითხის ტრადიციულ პოლიტიზებას, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის მიღების საბაბით. აღსანიშნავია, რომ თანამოდერატორებმა ისევე, როგორც აშშ-ს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს დევნილთა დაბრუნების შესახებ არსებითი განხილვის აუცილებლობას.
13 ივნისს გაიმართა საინფორმაციო სესია კომუნიკაციისა და ტრანსპარენტულობის მექანიზმებზე.
ჟენევის საერთშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2016 წლის 4-5 ოქტომბერს.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში მიგრანტებს პოლიგამიაზე უარი უთხრეს
შემდეგი სტატიარატომ აარიდა ივანიშვილმა თავი „თამერის“ შეკითხვას