რატიანის ვიდეო – #ბოიკოტისაზმაუს – მწერლები და გამომცემლები

პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე შსს-ს ვიდეოს გავრცელების გამო საზოგადოებრივ მაუწყებელს მწერლები, გამომცემლები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ბოიკოტს უცხადებენ. მათი ვარაუდით, საზოგადოებრივმა მასალა ისე მიაწოდა მომხმარებელს, რომ არ დაუზუსტებია, რომ აღნიშნული ვიდეო არა პოლიციის სამხრე კამერით, არამედ ტელეფონითაა გადაღებული, დამონტაჟებულია და არ ასახავს ინციდენტს სრულად.
რატი ამაღლობელი, პოეტი: რამდენიმე წელი ვმუშაობდი საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ძალიან მიყვარს ის ხალხი ვისთან ერთადაც ვაკეთებდი სხვადასხვა პროექტს – მაუწყებლის რადიოში; ხმების ისტორია, ტელე სივრცეში, ჩემი წიგნი და სიტყვების თამაში. დღემდე მაქვს და ვიცი, რომ დიდხანს გამყვება ამ ხალხის სიყვარული და პატივისცემა, მაგრამ ის, რაც იკადრა მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა ზვიად რატიანის ე.წ. ვიდეოს დადებით – აღარ მიტოვებს მორალურ უფლებას რაიმენაირი სახით ვითანამშრომლო ხსენებულ მედიასაშუალებასთან, როგორც რესპონდენტმა, მოწვეულმა სტუმარმა, თუ მაყურებელმა. რადგან მათ გაწირეს უდანაშაულო მოქალაქე, შსს-სთან ერთად უკვე სამომავლოდაც საფრთხის ქვეშ დააყენეს მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, დაარღვიეს პროფესიული ეთიკის ყველა სტანდარტი, შელახეს მისი რეპუტაცია და ღირსება. ასე რომ მოკლედ და კონკრეტულად ჩემგან #ბოიკოტისაზმაუს
ნენე კვინიკაძე, მწერალი: #ბოიკოტისაზმაუს ღირებულებისაგან დაცლილი, პროგრესის მიზანმიმართულად შემაფერხებელი, ჩვენი გადასახადებით გამოკვებილი ბოროტი ორგანო.
ლაშა ბუღაძე, მწერალი: მე, როგორც საზოგადოების ერთი რიგითი წევრი, ბოიკოტს ვუცხადებ ანტისაზოგადოებრივ მაუწყებელს! ჟურნალისტებისადმი სიმპათიის მიუხედავად, სანამ ეს ანტისაზოგადოებრივი შანტრაპა გააგრძელებს თავის წამქეზებლურ და სიმულაციურ საქმიანობას, როგორც რესპოდენტი ერთმნიშვნელივნად ვწყვეტ ამ ტელევიზიასთან თანამშრომლობას. ასე არ გამოვა, მეგობრებო, ერთი მხრივ პოეტის ლექსებს ციტირებდე და მეორე მხრივ, საჯიჯგნად და საგინებლად სწირავდე ამავე ადამიანს! ბოიკოტი ანტისაზოგადოებრივ მაუწყებელს!
მაშო სამადაშვილი, ლიტერატურის მენეჯერი: #ბოიკოტისაზმაუს ის რაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააკეთა არაფერია თუ არა მოქალაქის გაწირვა და მისი უსაფრთხოების გარანტიის ხელყოფა. ქვეყანაში, სადაც პოლიცია სცემს მოქალაქეს, საზოგადოებას კი ძალიან უადვილდება სიძულვილის გამოხატვა, თქვენ გაიმეტეთ ადამიანი საჯარო და დაუნდობელი ანგარიშსწორებისთვის. იმის მაგივრად რომ საზოგადოებრივი თვითშეგნების ასამაღლებლად მუშაობდეთ, თქვენ ზიზღს თესავთ და ამას სწორედ ის ადამიანები მოუღებენ ბოლოს, ვინც ხელფასებს გიხდით!
ზაალ ანდრონიკაშვილი, ლიტერატურათმცოდნე: #ბოიკოტისაზმაუს რასაც თქვენ აკეთებთ, ტელევიზიის ისტორიაში არ უკადრებია არავის სუსლოვის ტელევიზიის ჩათვლით. არა მარტო იმიტომ, რომ პრემიერის გინებას მალავთ და რატიანისას აჩვენებთ, არამედ იმიტომ, რომ ამ კაცს შავრაზმელებს უგდებთ საჯიჯგნად და ამით ცდილობთ პოლიციური ძალადობის და მოქალაქის წამების გადაფარვას და გამართლებას. თქვენ მოძალადე პოლიციელებზე უარესი დამნაშავეები ხართ და ხელები უდანაშაულო მოქალაქეების სისხლში გაქვთ დასვრილი. სინდისზე და ნამუსზე თქვენთან ლაპარაკს და თქვენს შერცხვენას აზრი აღარ აქვს. არც თქვენ დაგავიწყდეთ, რომ, როდესაც თანამდებობიდან წახვალთ, გამარჯობის მთქმელი არ გეყოლებათ.
პაატა შამუგია, პოეტი: საზოგადოებრივი მაუწყებელი იქცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ქვეგანყოფილებად. საზოგადოებრივი მაუწყებელი გვერდში დაუდგა უდანაშაულო ადამიანის მწამებელ სადისტ პოლიციელებს და იქცა მათი პროპაგანდისტული, შეთითხნილი ვიდეოს გამავრცელებლად. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთერში დაბლოკა პრემიერ მინისტრის გინება, მაგრამ დაუყოვნებლივ გაუშვა პოეტის გინება, რითაც სადისტი პოლიციელების სახეზე შერჩენილი ფურთხის ჩამოწმენდას ეცადა. საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს გახდა შიზოგადოებრივი მაუწყებელი. #ბოიკოტისაზმაუს
გვანცა ჯობავა, გამომცემელი: საზოგადოებას არ გვჭირდება ასეთი საზოგადოებრივი მაუწყებელი! ის, რაც თქვენ დღეს იკადრეთ ზვიად რატიანის კადრების გამოქვეყნებით, სადაც არ ჩანს არც მისი დაკავების ამსახველი კადრები, არც ის, როგორ მივიდა იგი ამ ზომამდე, არ ჩანს მისი უმოწყალოდ ცემის კადრები, თქვენი ეს ქმედება, ჯალათობაზე უარესია, თქვენ გაწირეთ უდანაშაულო ადამიანი და საჯიჯგნად მიუგდეთ ისევ თქვენ მიერვე სიცრუეში შეყვანილ საზოგადოებას. ისეთი უგუნურები გგონივართ, რომ ამ დამონტაჟებული კადრებით გინდათ ბრბოდ გვაქციოთ და გვმართოთ. დამნაშავე ხართ ზვიადის და მთელი საზოგადოების წინაშე, არაფერი გაგამართლებთ, საერთოდ არაფერი. სამარცხვინოები ხართ მთელი მენეჯმენტი, ასე ურცხვად რომ მიეყიდეთ ბოროტმოქმედებს, თანამონაწილეები და ახლა უკვე უმთავრესი შემოქმედები გახდით ამ ამბის.
გილოცავთ! ამას ნამდვილად სჭირდებოდა დიდი მოხერხება! სიძულვილსაც დამსახურება უნდა!
#ბოიკოტისაზმაუს
ნინია მაჭარაშვილი, გამომცემელი: მაშინ, როცა სხვა მედიასაშუალებებმა თავი შეიკავეს ზვიად რატიანის ვიდეო ჩანაწერის გავრცელებისგან, ეს გააკეთა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა – მედიამ, რომელიც ჟურნალისტური სტანდარტებისა და მედია ეთიკის პირველი დამცველი უნდა იყოს. ცხადია, ეს საქციელი არაეთიკურია. შესაბამისად, #ბოიკოტისაზმაუს.
შოთა იათაშვილი: თქვენ ხართ აგრესორები. თქვენ გინდათ საზოგადოება აქციოთ ველურ ბრბოდ, რათა ის ლინჩის წესით გაუწორდეს სისტემის მიერ უკვე ისედაც ნაწამებ ადამიანს. თქვენ ამის მერე კიდევ ბევრი ადამიანის გაწირვა მოგინდებათ. და თქვენ თავს საზოგადოებრივ მაუწყებელს უწოდებთ. დაანებეთ საზოგადოების სახელით ლაპარაკს! და საერთოდ ლაპარაკს დაანებეთ თავი! #ბოიკოტისაზმაუს
წერენ ხელოვანები სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს
შემდეგი სტატიასაქართველოში მიწისძვრა მოხდა