რატი ამაღლობელი ხელისუფლების წევრთა პოზიციას პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭების თაობაზე, ფარისევლობად აფასებს

პოეტი რატი ამაღლობელი ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიციას პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭების თაობაზე, ფარისევლობად აფასებს.
როგორც ამაღლობელმა განაცხადა, ცალსახაა, რომ პატრიარქს შეწყალების უფლება არ უნდა ჰქონდეს.
“ყველაზე გამაოგნებელია ხელისუფლების წარმომადგენლების რეაქცია, რომლებიც იმის მაგივრად, რომ სახელმწიფოებრიობის და სეკულარიზმის პრინციპს იცავდნენ, ეწინააღმდეგებიან იმას, რის გამოც არიან საერთოდ მოწოდებულნი, რომ იყვნენ ხელისუფლებაში და დაიცვან კონსტიტუცია. ეს ძალიან უცნაური და გამაოგნებელი და ამ ყველაფერთან ერთად, არაკვალიფიციურიცაა”, – განაცხადა ამაღლობელმა.
მისი აზრით, სახელისუფლებო გუნდის პოზიცია გამოწვეულია, ერთი მხრივ, წინასაარჩევნო პერიოდში ქულების ჩაწერის სურვილით და მეორე მხრივ, ეჭვიანობით, რომ შეწყალება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა.
“ეს არის არჩევნების წინ კონფორმიზმის გამოვლინება, ყველაფერზე წამსვლელობა… ფარისევლობა ჰქვია ამას ქრისტიანობაში. ხატებით, ჯვრებით, ეკლესიებით სპეკულაცია სამწუხაროდ არ დამთავრებულა საქართველოში და ალბათ, კიდევ კარგა ხანს არც დამთავრდება”, – განაცხადა ამაღლობელმა.
რატი ამაღლობელი მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს განმარტების შემდეგ, პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭების საკითხზე მსჯელობა უნდა დასრულდეს და პოლიტიკოსებმა მსგავსი თემები მანიპულაციისთვის, ძალაუფლების გაზრდისა და პოლიტიკური დივიდენდებისთვის არ უნდა გამოიყენონ.
პატრიარქის მიერ პატიმრების შეწყალების ინიციატივასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ განმარტება გუშინ გაავრცელა. “ა.წ. 5 დეკემბერს რუსთაველის თეატრში შედგა სპექტაკლი პატიმარი ქალების მონაწილეობით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო თეატრის სცენა და დარბაზი მჯავრდებულებს დაეთმო. წარმოდგენაც და შექმნილი გარემოც მეტად ემოციური იყო; მისმა უწმინდესობამ სწორედ ამ ფონზე ბრძანა, რომ კარგი იქნებოდა, პატრიარქსაც ჰქონოდა პატიმრების შეწყალების უფლება.
ეს იყო მათდამი სოლიდარობის, მათი დახმარებისა და თანადგომის სურვილით ნათქვამი აზრი და არა მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე ამ წინადადების განხილვისა”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

წყარო: WWW.IPN.GE

banner
წინა სტატიაშიჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება
შემდეგი სტატიაბერლინი საუდის არაბეთის მიერ ისლამისტების დაფინანსებით შეშფოთებულია