რასმუსენის რეკომენდაცია არ გულისხმობს უარის თქმას ოკუპირებულ ტერიტორიებზე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 12, 2019 11:57

რასმუსენის რეკომენდაცია არ გულისხმობს უარის თქმას ოკუპირებულ ტერიტორიებზე

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა (საქართველო) და მაკკეინის ინსტიტუტის (აშშ) მიერ ორგანიზებულ მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ჩვენს დედაქალაქში მიმდინარეობს, ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების თავისებური მექანიზმი შემოგვთავაზა, რომელსაც აქტიურად გამოეხმაურნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიები, საექსპერტო საზოგადოება.
ამასთან დაკავშირებით უმაღლეს საბჭოში გაიმართა მუშა თათბირი. დეპუტატებმა იმსჯელეს ბატონ ანდერს ფოგ რასმუსენის წინადადების თაობაზე. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, რომელიც უძღვებოდა მუშა თათბირს, აღნიშნა, რომ „რასმუსენის წინადადება ახალი არ გახლავთ. 2018 წლის 29 იანვარს ჰერითიჯის ფონდმა (აშშ) გამოაქვეყნა ლუკ კოფის მიერ მომზადებული ანგარიში სახელწოდებით „საქართველოს წევრობა ნატოში შედის აშშ-სა და ევროპის ინტერესებში“. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისა და ნატოს ბუქარესტის სამიტის (2008 წლის 2-4 აპრილი) მე-10 წლისთავს ეძღვნება. მასში პირველად გაჟღერდა წინადადება დაჩქარებული წესით საქართველოს ნატოში გაწევრიანების მექანიზმის შესახებ. სწორედ იმ ანგარიშში გამოითქვა მოსაზრება საქართველოს ნატოში მიღების თაობაზე ისეთნაირად, რომ ალიანსის წესდების მეხუთე მუხლი დროებით არ გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ხაზგასმულია, რომ ეს სულაც არ ნიშნავს ნატოში მიღების სანაცვლოდ ტერიტორიულ მთლიანობაზე უარის თქმას. პირიქით, საქართველო გაწევრიანდება ნატოში თავის კანონიერ საზღვრებში, მაგრამ წესდების მეხუთე მუხლი, როგორც ითქვა, არ გავრცელდება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საქართველოს მთავრობას უმაღლეს დონეზე გაცხადებული აქვს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდება მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით. ეს პოლიტიკა გაგრძელდება საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემდეგაც. ასეთ პირობებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უფრო მეტად იქნება დაცული, ვიდრე დღეს, არაღიარების პოლიტიკაც უფრო წარმატებული აღმოჩნდება. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთანავე ნატოს წესდების მეხუთე მუხლი აფხაზეთზეც და ცხინვალის რეგიონზეც გავრცელდება, როგორც ეს მოხდა გერმანიასთან მიმართებაში. ასეთია ჰერითიჯის ფონდის ანგარიშის არსი და სულისკვეთება, რაც ბატონმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გაიმეორა. მას მიაჩნია, რომ ეს არის მოკლე გზა ნატოსკენ და რუსეთის ფაქტობრივი ვეტოს თავიდან აცილების საშუალება. ამასთანავე ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ შემოთავაზება დაკავშირებულია რისკებთან და მოითხოვს დეტალურად განხილვას როგორც საქართველოს, ისე ნატოს მხრიდან“, – განაცხადა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

როგორი შეიძლება იყოს ჩვენი დამოკიდებულება ლუკ კოფისა და ანდერს ფოგ რასმუსენის რეკომენდაციების მიმართ? – დასვა კითხვა დისკუსიის დროს ბატონმა ჯ. გამახარიამ და იქვე დასძინა „პირადად ჩემი დამოკიდებულება დადებითია, თუმცა ვიზიარებ რეკომენდაციის ავტორების მოსაზრებას რისკებთან დაკავშირებით და საკითხის განხილვის აუცილებლობის შესახებ. აშკარად ჩანს, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს შორის საქართველოსთან მიმართებაში ყალიბდება თუ უკვე ჩამოყალიბდა ორი განსხვავებული მოსაზრება. ერთი გაჟღერდა 2018 წლის 29 იანვარს (ჰერითიჯის ფონდის ანგარიში, ლუკ კოფი) და გამეორდა 2019 წლის 10 სექტემბერს (ანდერს ფოგ რასმუსენი). მეორე მოსაზრება კი 2018 წლის 24 აგვისტოს მკაფიოდ დააფიქსირა საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, როცა ის ქართველ სტუდენტებს შეხვდა. ქალბატონმა კანცლერმა აღიარა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის ფაქტი, რომელსაც „აღმაშფოთებელი უსამართლობა“ უწოდა; ამასთანავე აღნიშნა, რომ მოცემულ ეტაპზე გერმანიას არ შეუძლია ისაუბროს ნატოში საქართველოს სწრაფი გაწევრიანების შესახებ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონტექსტის გამო. ერთიც და მეორე მოსაზრებაც საქართველოს მეგობრებს ეკუთვნით, აღნიშნული მოსაზრებები გამოხატავს ნატოს წევრი ამა თუ იმ ქვეყნის თუ ქვეყნების ინტერესებს, ამიტომ ჩვენ მათ პატივი უნდა ვცეთ. ამასთან ჩვენც გვაქვს უფლება და მოვალეობაც საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე შევაფასოთ ზემოაღნიშნული მოსაზრებები ან შევთავაზოთ მესამე გზა. ამ ეტაპზე საუბარია ორ განსხვავებულ გზაზე, მოსაზრებაზე. სამწუხაროდ, ქალბატონ მერკელის მიერ გაცხადებული პოზიცია ჯერჯერობით მომგებიანია მხოლოდ რუსეთისთვის, აქეზებს მას უსასრულოდ გააგრძელოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, რათა თავიდან აიცილოს საქართველოს ნატოში გაწევრიანება. ალბათ, ამას გულისხმობდა ბატონი ანდერს ფოგ რასმუსენი რუსეთის ფაქტობრივ ვეტოში, რომლის დაძლევაც უნდა მოხდეს მისი წინადადების გაზიარების შემთხვევაში“.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, „როდესაც ვსაუბრობთ ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის რეკომენდაციაზე, ვაძლევთ მას შეფასებას, უნდა გვახსოვდეს მეორე მოსაზრებაც და ისე გავაკეთოთ ჩვენი დასკვნები. აქვე გავითვალისწინოთ, რომ საქართველოსთვის ოფიციალურად არავის, პირველ რიგში, ნატოს ან ნატოს წევრ რომელიმე სახელმწიფოს არავითარი შეთავაზება არ გაუკეთებია; კერძო პირმა, არასამთავრობო ორგანიზაციამ წამოაყენეს იდეა, რომლის მიმართ შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა დამოკიდებულება“.
საკითხის გარშემო გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს დეპუტატებმა ზურაბ ჯგუბურიამ, თეიმურაზ მჟავიამ, ჯემალ საჯაიამ, ვახტანგ კაჭარავამ, რაისა ქარაიამ, რუდიკ ცატავამ, დავით გვაძაბიამ.
უმაღლესი საბჭოს წევრებმა ძირითადად მოიწონეს ბატონ ანდერს ფოგ რასმუსენის რეკომენდაციები. ჯემალ გამახარიამ მადლობა გადაუხადა კოლეგებს დისკუსიაში მონაწილეობისათვის, საინტერესო მოსაზრებებისა და წინადადებების წამოყენებისათვის.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 12, 2019 11:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,297
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics