რას ყვება სასამართლოზე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის ნათესავი

ბერლინში, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო სხდომები აქტიურად მიმდინარეობს. ბრალდებული რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვია (სოკოლოვი), რომელიც სხვა და სხვა წყაროების ცნობით რუსული სპეცსამსახურის თანამშრომელია. ბოლო სხდომაზე, გერმანელი მოსამართლის წინაშე ბრალდების მხარემ მოწმე

წარადგინა-ეს ვადიმ კრასიკოვის ახლო ნათესავია, რომელიც სპეციალურად ამ საქმისთვის უკრაინიდან ჩამოიყვანეს. მან კრასიკოვი არა მხოლოდ ამოიცნო, არამედ თქვა, რომ ის წარსულში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს დივერსიულ-სადაზვერვო დანაყოფში მსახურობდა.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი საქართველოსა და უკრაინაში რამდენიმე თავდასხმის შემდეგ, გერმანიაში ცხოვრობდა. 2019 წლის 23 აგვისტოს, ბერლინის ერთ-ერთ პარკში, მას ველოსიპედით მამაკაცი მიუახლოვდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და გაიქცა. ხანგოშვილი ადგილზევე დაიღუპა. მკვლელმა შორს წასვლა ვერ შეძლო-მას მერე რაც ველოსიპედი და იარაღი მდინარეში მოისროლა, ის გერმანელმა სამართალდამცველებმა დააკავეს. მოგვიანებით დადგინდა, რომ მამაკაცს თან ყალბი რუსული პასპორტი ჰქონდა სოკოლოვის გვარზე. ის დღემდე ირწმუნება, რომ გვარად სოკოლოვია. მალევე, მათ შორის გამოცემებმა Insider, Bellingcat და Der Spiegel გაარკივეს, რომ ვადიმ კრასიკოვს რუსეთის ტერიტორიაზეც აქვს ჩადენილი შეკვეთილი მკვლელობები. ირკვევა, რომ ბერლინში ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე ის წვრთნას გადიოდა ფსბ-ს სპეციალური დანიშნულების ცენტრის ბაზაზე და სწორედ იქ მიიღო საბუთები სოკოლოვის გვარზე.

რაც შეეხება მის წინააღმდეგ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეს. ის არის უკრაინელი ბიზნესმენი ალექსანდრ ვ., რომელიც კრასიკოვის ცოლის დაზეა დაქორწინებული. დები წარმოშობით უკრაინიდან არიან, თუმცა ბოლო წლებში კრასიკოვის ცოლი ძირითადად რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა, მშობლებს კი მხოლოდ დროდადრო სტუმრობდა ხოლმე. უკრაინელმა სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ კრასიკოვის ცოლის მშობლების სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, სადაც არაერთი ოჯახური ფოტო სურათი აღმოაჩინეს. ამგვარად მათ კრასიკოვის იდენტიფიკაცია მოახდინეს და გერმანელ კოლეგებს დაეხმარნენ.

რაც შეეხება მოწმეს, მან ჯერ კიდევ გამომძიებლების მიერ დაკითხვისას დაადასტურა, რომ კრასიკოვი მისი ნათესავია. თუმცა, სასამართლო სხდომის დროს, ის საკმაოდ შეცბუნებული იყო თავისი და ოჯახის უსაფრთხოების გამო, რადგან შესაძლოა ის რუსული სპეცსამსახურების სამიზნე გამხდარიყო. მან მოსამართლეს უსაფრთხოების გარანტიები, სთხოვა თუმცა შეუტყო, რომ მის დაცვას გერმანული მართლმსაჯულება მხოლოდ გერმანიის ტერიტორიაზე შეძლებდა. ფიქრის შემდეგ, მან განაცხადა, რომ ბრალდებული მის ნათესავს წააგავს, თუმცა არის განსხვავებებიც, შესაძლოა იმიტომ რომ კრასიკოვს ასაკი და წონა მომატებული აქვს.

საინტერესოა ისიც, რომ მოწმემ სასამართლო სხდომიდან რამდენიმე დღეში ინტერვიუ მისცა გამოცემა Insider-ს. ექსკლუზიურ ინტერვიუში, ის დაწვრილებით ყვება ვადიმ კრასიკოვის წარსულის შესახებ. ალექსანდრ ვ.-მ ისიც აღნიშნა, რომ მიუხედავად საკუთარი შიშებისა, მაინც შეუძლია იმის დადასტურება, რომ ბრალდებული ნამდვილად კრასიკოვია და არა ვინმე სოკოლოვი. ინტერვიუში ის ყვება კრასიკოვის საეჭვო „მივლინებების“, ქცევების და საუბრების შესახებ, რის გამოც მთელი ოჯახი ეჭვობდა, რომ ის რუსეთის რომელიმე სპეცსამსახურში მსახურობდა.
2020 წელს, გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა ბრალდების დოკუმენტი, სადაც ნათქვამია, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის სახელისუფლებო ორგანოების დაკვეთით არის ჩადენილი. ანგელა მერკელმა კი მაშინვე განაცხადა, რომ ამ მკვლელობასთან დაკავშირებით გერმანია სასამართლო პროცესების შედეგებს დაელოდება და შესაბამის ნაბიჯებს შემდეგ გადადგამს.

სასამართლო პროცესის დასრულებამდე ბევრი დრო აღარ დარჩა, სულ მალე გაირკვევა, რა კავშირი აქვს რუსულ სპეცსამსახურს ბერლინის შუაგულში საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან და რა სასჯელი დაეკისრება ქვეყანას, რომელმაც ეს სასტიკი მკვლელობა დაუკვეთა.

ლევან დარსიმელია

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენი – საგანგებო მდგომარეობა არის არჩევნების გადადების ერთადერთი საფუძველი
შემდეგი სტატიაკირკიტაძე – რაც მალე ჩატარდება არჩევნები და „ქართულ ოცნებას“ გავუშვებთ ოპოზიციაში, მით მალე მოვაგვარებთ მოქალაქეების პრობლემებს