რამდენი ქვეყნის აგენტურა მუშაობს საქართველოში

როგორ ირჩევს სპეცსამსახური „ისტოჩნიკებს“

 

„ციანიდის საქმის“ შემდეგ, კიდევ ერთხელ გამძაფრდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოში რუსული და, ზოგადად, უცხო ქვეყნების აგენტურა ძლიერია. უფრო მეტიც, საზოგადოების ნაწილს იმაშიც  აღარ ეპარება ეჭვი, რომ სპეცსამსახურებს მეკავშირეები, ანუ აგენტები ეკლესიაშიც ჰყავს. როგორ მუშაობს უშიშროება? – ამ თემაზე „თაიმერს“ გამოცდილი სპეცსამსახურელი ესაუბრა, რომელმაც გარკვეული მიზეზების გამო, ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა:

– ზოგადად, უცხო ქვეყნის  ჯაშუში კი არ უნდა დაიჭირო, არამედ, უკეთესია, გადმოიბირო, მაგრამ გააჩნია, ქვეყანაში როგორი პოლიტიკური სიტუაციაა.

რას გულისხმობთ?

– თუ ჩვენი მოქალაქე სხვა ქვეყნის სპეცსამსახურმა გადაიბირა და თავის სამსახურში ჩააყენა, ამ ადამიანის კონფრომტაცია ან ფაქტზე დაკავება ხდება, თუმცა ფაქტი მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე ვინმეს ინფორმაციას ხელიდან ხელში გადასცემს და სწორედ ამ დროს დააკავებენ, ანუ პიროვნება დიდი ხნის მანძილზე უნდა კონტროლდებოდეს, თორემ სხვანაირად შეუძლებელია, დააკაონ.

ისე, ამ საქმეს, ანუ აგენტის გამოვლენას, მხატვრობისა არ იყოს, ნიჭი სჭირდება… თავის დროზე საზღვარგარეთ ვმუშაობდი და ჩემი, როგორც საბჭოთა კავშირის წარმომადგენლის მთავარი მიზანი იყო, იმ დაწესებულებაში, სადაც თავს ყველანაირი ინფორმაცია იყრიდა, საინფორმაციო წყარო, ე.წ. „ისტოჩნიკი“ მყოლოდა. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ უცხო ქვეყნის დაზვერვა, რა თქმა უნდა, შეეცდება თავისი კაცი მხოლოდ ვთქვათ, კანცელარიაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, უშიშრეობის საბჭოში, ან მინისტრთა კაბინეტის ადმინისტრაციაში კი არა, იგივე ეკლესიაშიც ჰყავდეს, თუმცა დღეს 21-ე საუკუნეა და აუცილებელი აღარ არის, რომ აგენტს და სპეცსამსახურის წარმომადგენლებს შორის პირდაპირი კავშირი არსებობდეს, ანუ მათ შორის შეხვედრები მინიმუმადე იქნება დაყვანილი…

ზოგადად, დაზვერვაში ყველაზე სუსტი რგოლი ინფორმატორსა და ცენტრს შორის კავშირია, ანუ ინფორმაციის გადაცემის რამდენინმე წყარო არსებობს: აგენტისა და ცენტრის წარმომადგენლის პირისპირ შეხვდრა. აგენტის მიერ ინფორმაციის სადღაც დატოვება… სხვათა შორის, სპეცსამსახური ყოველთვის უშვებს, რომ მის აგენტს შეიძლება, ადგილობრივი კონტდაზვერვა უთვალთვალებდეს და ამიტომ ინფორმატორთან ურთიერთობის ახალ-ახალი ფორმის მოგონებას ცდილობს…

შესაძლებელია, რომ ადამიანმა არ იცოდეს და აგენტი ისე იყოს?

– ამას „პიროვნების ბნელი გამოყენება“ ჰქვია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში, პირონება უცხო ქვეყნის დაზვერვას სამსახურს არ უწევდეს…

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სპეცსამსახური აგენტებად „არაფრით გამორჩეულ“ ადამიანებს არჩევს. ყველა ქვეყნის დაზვრევა ცდილობს, რომ მისი ინფორმატორი სხვისგან არაფრით გამოირჩეოდეს. თუ გახსოვთ, აშშ-ში „ცე-რე-უ“-ს თანამშრომელი, ეილსი დააკავეს და მასზე ეჭვი იმის გამო მიიტანეს, რომ ბოლო ორი-სამი წლის მანძილზე დიდი ქონება შეიძინა. მერე, დადგინდა, რომ ეს კაცი ფულს საბჭოთა კავშირისგან იღებდა. ისე, ჩემი აზრით, ეილსი თვითონ საბჭოთა მხარემ „ჩაუშვა“…

– სპეცსამსახურების ისტორიაში ყოფილა პრეცედენტი, როცა ხელისუფლებას აგენტების ჩაბარებაგამოცხადები

– ამას აშშ-ში აკეთებენ ხოლმე. ისე, უცხო ქვეყნის აგენტმა, რომელიც ამას აღიარებს, ქვეყანას შეიძლება, ისეთი კარგი საქმე გაუკეთოს, რომ მისი ძველი მოღვაწეობა საერთოდ გადაიფაროს. სხვათა შორის, ასეთი პატიების შემთხვევები ჩვენი ქვეყნის დაზვრევისა და კონტრდაზვერვის სამსახურებში ხშირად ყოფილა. ასეთი „შეწყალება“ განსაკუთრებით ხშირი მეორე მსოფლიო ომის დროს იყო.

თქვენი ინფორმაციით, ჩვენთან ბევრი ქვეყნის აგენტი მოღვაწეობს?

– საქართველოში აშშ-ის, რუსეთის, თურქეთის, ირანის, ინგლისის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების საელჩოა გახსნილი. საელჩოებთან კი, როგორც წესი, სადაზვერვო რეზიდენტურებია შექმნილი, ანუ ეს რეზიდენტურები ცდილობენ, რომ სხვადასხვა დაწესებულებაში ინფორმატორები შეიძინონ. თქვენ როგორ გგონიათ, იმ ქვეყნებს, რომლებიც მე ჩამოვთვალე, საქართველოში თავიანთი ინფორმატორები არ ჰყავთ? მოკლედ, იმის თქმა, ქვეყანაში სულ რამდენი აგენტია, რთულია…

1980-იან წლებში პოლონეთში ვიყავი, იქაური კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსს შევხვდი და მითხრა, შარშან 175 „შპიონი“ დავიჭირეთ და აი, რამხელა მიღწევა გვაქვსო. ამ კაცს რომ დავცილდი, ჩემს თანმხლებს ვუთხარი, პოლონეთის საქმე დაღუპულია-მეთქი. რატომო, დაინტერესდა. მივუგე, 175 „შპიონი“ კი დაიჭირეს, მაგრამ 2 ათასი დაუჭერელი დარჩა-მეთქი. იმის თქმა არ მინდა, რომ საქართველოლშიც ამდენი აგენტია, მაგრამ თუ ჩვენმა სპეცსამსახურმა, ვთქვათ, 100 ქვეყნის ინფორმატორი დაიჭირა, მაგრამ რასაც ვერ გამოავლენს, ხუთჯერ მეტი ხომ იქნება!

ესაუბრა ნუკრი ძნელაძე

banner
წინა სტატიაშიშსს: დღიურ ნორმად განსაზღვრულ შოკოლადზე აჟიოტაჟის ატეხვა სრულიად მიუღებელია
შემდეგი სტატიადეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა სავარაუდოდ დღეს გაგრძელდება