რა უნდა ვიცოდეთ ალიმენტის შესახებ და როგორ მივიღოთ იგი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით საქართველოში 2017 წლისთვის რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობა 10222-ია, რაც წინა წლებთან შედარებით 7,2 პროცენტით მეტია. ამ სამწუხარო მოცემულობის გათვალისწინებით გადავწყვიტე განქორწინებულ მშობლებს შვილების მიმართ საკუთარ უფლება-მოვალეობებზე გესაუბროთ.
უნდა ვიცოდეთ, რომ კანონი დაცლილია ემოციებისა და პიროვნული განწყობებისაგან, და შვილების რჩენა და მათზე ზრუნვა ყოველი მშობლის უპირველესი მოვალეობაა.
განვიხილოთ ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის შემთხვევები:
ალიმენტის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა რეგისტრირებული განქორწინების შემდეგ, თუ მხოლოდ ერთ მშობელს უწევს ბავშვზე ზრუნვა;
არარეგისტრირებული ქორწინებისას დაბადებული ბავშვის შემთხვევაში, – თუ ბავშვის დაბადების მოწმობაში მითითებულია ორივე მშობლის ვინაობა და ბავშვი მუდმივად ცხოვრობს და იზრდება ერთ-ერთ მშობელთან.
იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის დაბადების მოწმობაში მითითებულია ბავშვის მხოლოდ ერთი მშობელი, მაგალითად დედა, მას შეუძლია აღძრას სარჩელი სასამართლოში, მოითხოვოს მამობის დადგენა და ალიმენტი.
ალბათ, გაინტერესებთ, თუ როგორ განისაზღვრება ალიმენტის გადახდის ოდენობა.
გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო, ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ მიმღების ან გადამხდელის მატერიალური მდგომარეობა შეიცვლება (გაუმჯობესდება ან გაუარესდება), სასამართლო ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვლის დადგენილი ალიმენტის ოდენობას.
თუ ვალდებულ პირს არ აქვს ალიმენტის გადახდის საშუალება, ალიმენტის გადახდის ვალდებულება გადადის ბებია-ბაბუაზე. უკვე არსებობს ამგვარი პრეცენდენტი ქართულ სამართლებრივ სივრცეში.
ხშირია შემთხვევა, როცა ვალდებულ პირს გააჩნია მატერიალური საშუალება, მაგრამ თავს არიდებს დაკისრებული ვალდებულების შესრულებას. ამ შემთხვევაში ალიმენტის დაკისრების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს იძულებით, – სასამართლო აღმასრულებლის მეშვეობით. მოსარჩელე უფლებმოსილია განცხადებით მიმართოს სააღმსრულებლო ბიუროს და მოითხოვს ალიმენტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება. ამის საფუძველზე მოხდება ინფორმაციის მოპოვება ვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ (ხელფასი, დივიდენდი, ქირა, ჰონორარი). ამის შედეგად მოხდება ალიმენტის თანხის ჩამოჭრა და მოსარჩელის კონკრეტულ ანგარიშზე დარიცხვა.
ხშირია შემთხვევა, როცა მოვალის ადგილსამყოფელი უცნობია. ასეთ შემთხვევაში აღმასრულებელი, დასაბუთებული შუამდგომლობით, მიმართავს სასამართლოს, რათა პოლიციის ორგანოების მეშვეობით მოხდეს პირის ძებნა (საქართველოს მასშტაბით).
ეს გახლავთ ამ თემის ირგვლივ არსებული მცირე, თუმცა საკვანძო სახის საკითხები, რომლის ცოდნაც აუცილებელი და უპრიანია თქვენთვის და საჭიროა თქვენი შვილების უკეთესი მომავლისათვის.

იურისტი, საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს თანამშრომლებს ექსტრემალურ სიტუაციებში ავტომანქანის მართვის კურსი ჩაუტარდათ
შემდეგი სტატიაპატრულ-ინსპექტორებმა ანაკლიის „მომავლის ბანაკში“ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე გაკვეთილი ჩაატარეს