რა მოხდა 1988 წლის დეკემბერში

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 6, 2019 21:19

რა მოხდა 1988 წლის დეკემბერში

წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი მეუფე ზოსიმე, რომელსაც სემინარიის ყოფილი სტუდენტი, საბერძნეთში მოღვაწე მამა გიორგი სხილაძე სექსუალური ხასიათის ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ მსგავსი არაფერი ახსოვს. მეუფე ზოსიმემ 25 წუთიანი ინტერვიუს დროს რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მამა გიორგი სხილაძეს, კახა კალაძესა და თემურ ნიქაბაძეს სემინარიაში არეულობის შემოტანა სურდათ.

რა მოხდა 1988 წლის დეკემბერში. მისი მტკიცებით, წლების წინ რექტორობიდან გადადგომის გადაწყვეტილება სტუდენტების პროტესტის დასამშვიდებლად მიიღო, რომელიც მის სიმკაცრეს მოყვა, როცა სტუდენტებს საპროტესტო მიტინგებზე სიარულის ნაცვლად ლექციებზე დასწრებას აიძულებდა. ეპისკოპოსი ამტკიცებს, რომ სტუდენტების პროტესტი მასთან დაპირისპირებული პირების მიერ იყო მართული.

მეუფე ზოსიმეს არც იმ განცხადების ასლი უხსენებია, რომელიც მედიაში გავრცელდა, სადაც გადადგომის მიზეზი არ წერია, თუმცა დოკუმენტზე, რასაც თავად აწერს ხელს, გარკვევით წერია – პირობის დარღვევის შემთხვევაში, მზადაა მის წინააღდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ირკვევა, რომ საბჭოთა პერიოდში “სოდომის ცოდვა” 3 წლის ვადით პატიმრობას ითვალისწინებდა.

მეუფე ზოსიმეს გადადგომას ითხოვს ბერძნული ეკლესიის სასულიერო პირი მამა გიორგი სხილაძე. მამა გიორგი ამტკიცებს, რომ მის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ, მას მოკვლით ემუქრებიან. მისივე მტკიცებით, მუქარის შემცველი გზავნილები უკვე მიუვიდა კახა კალაძეს, პირს, რომლის ძალადობაშიც მეუფე ზოსიმეს ადანაშაულებენ. მამა გიორგი სხილაძე ამტკიცებს, რომ კალაძეს საპატრიარქოს სახელით ურეკავენ და ბრძოლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

მამა გიორგი სხილაძის ინფორმაციით, 1988 წელს, მისი სტუდენტობის დროს, რექტორმა ერთ-ერთ სტუდენტზე კახა კალაძეზე ძალადობა სცადა და ეს პირველი შემთხვევა არ იყო. სტუდენტმა მომხდარის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს მიაწოდა, თუმცა, საბოლოოდ, მხოლოდ სტუდენტები დაისაჯნენ და ისინი სასწავლებლიდან გარიცხეს. სკანდალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ის წერილიც გავრცელდა, რომელიც სავარაუდო ძალადობის მსხვერპლმა სტუდენტმა საპატრიარქოს მისწერა. უმძიმესი შინაარსის რამდენიმე გვერდიან წერილში აღწერილია, სად და რა ვითარებაში ცდილობდა მეუფე ზოსიმე ეძალადა ახალგაზრდა სტუდენტზე.

ბრალდებები მეუფე ზოსიმეს მიმართ და პატრიარქის გადაწყვეტილება კარგად ახსოვს ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტს მეუფე იოანეს. მეუფემ დღეს 1988 წელს სემინარიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ნაწილობრივ დაადასტურა. ეპისკოპოსის მტკიცებით, მეუფე ზოსიმე გადადგა, თუმცა ის სასულიერო სემინარიას მალევე დაუბრუნდა. მეუფე იოანე სტუდენტების მიერ დაწერილ წერილზე და ახალგზრდების ვინაობაზეც საუბრობს.

პარალელურად, მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ღიად ალაპარაკდნენ ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მხრიდან დასახელებულ პრობლემაზე. ბაღდათისა და ვანის მიტროპოლიტმა ანტონმა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში აღნიშნა, რომ მეუფე პეტრეს მიერ გაკეთებული განცხადებები ახალი არ იყო, რადგან ამ თემაზე ეკლესიის ირგვლივ საუბრობდნენ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში. სასულიერო პირმა არ გამორიცხა, რომ ეკლესიაში მამათმავლობისა და პედოფილიის პრობლემები არსებობდეს. სკანდალური სატელევიზიო ეთერის შემდეგ, მეუფე ანტონმა დამატებითი განცხადების გაკეთება არ ისურვა. მისი თქმით, პრობლემის შემთხვევაში, საკითხს შესაბამისი კომიტეტი სწავლობს.

მეუფე ნიკოლოზი ქართული ეკლესიისა და ილია მეორეს ლინჩის წესით გასამართლების საშიშრობაზე დღეს ჩაწერილ ვიდეო მიმართვაში ალაპარაკდა. ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ამტკიცებს, რომ მეუფე პეტრე საპატრიარქოს წინააღმდეგ მტკიცებულებებს საჯარო სივრცეში წარადგენს. სინოდის წევრი მიიჩნევს, რომ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა ერთხელ უკვე დაარღვია საქართველოს პატრიარქის კონსტიტუციური უფლება, რომლის მიხედვითაც ილია მეორეს იმუნიტეტი იცავს და ხელისუფლებას ამ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია. სასულიერო პირი საგამოძიებო უწყებებს სამართლებრივი მოქმედებისკენ მოუწოდებს.

საბერძნეთში მოღვაწე მამა გიორგი სხილაძე ამბობს, რომ სემინარიაში განვითარებული მოვლენები ერთადერთი ინფორმაცია არ არის, რის გასაჯაროებასაც ის გეგმავს. მისი მტკიცებით, ეკლესიის გასუფთავების მიზნით, ის ღიად ილაპარაკებს საპატრიარქოში არსებულ ყველა პრობლემაზე.

რუსთავი2

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 6, 2019 21:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,108
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics