რა ხდება ვაზისუბანში და როგორია დაშავებულების მდგომარეობა

ვაზისუბანში კორპუსი, სადაც გუშინ ღამით აფეთქება მოხდა ამ დრომდე ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობს. მცხოვრებლებს ჯერ კორპუსში არ უშვებენ.

“თბილისი ენეჯის” წარმომადგენლები პირველადი დათვალიერების შემდეგ ამბობენ, რომ აფეთქება ბუნებრივ აირს არ გამუწვევია.

“ერთი კი არა ორი ტალღა, ისეთი ძლიერი ტალღა იყო, ის ბიჭი გარეთ გამოუგდია ცეცხლმოკიდებული, ასე უცებ, ან როგორ მოეკიდა, ისე ავარდა ალი, მეორე სართულსაც მოედო მთლიანად ცეცხლი, მე ვარ მესამე, ბოლი, შავი კვამლი, ძლივს გამოგვიყვანეს. იქით მხარესაც მანქანები სულ წაიღო, ქუჩაში ვიდექით დილამდე”, – ამბობს ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი პირიდან ერთს სხეულის 60%-იანი დამწვრობა აღენიშნება.

ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრის ექიმის, თეა უროტაძეს განცხადებით, 43 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

„შემოვიდა პაციენტი, 43 წლის მამაკაცი, დიაგნოზია სხეულის 60%-იანი თერმული დამწვრობა, დამწვრობითი შოკი, სასუნთქი გზების დამწვრობა. დაწყებული აქვს ანტიშოკური მკურნალობა, მოთავსდა რეანიმაციის განყოფილებაში, ამ წუთისთვის მისი მდგომარეობა არის მძიმე”, – აღნიშნა თეა უროტაძემ.

რაც შეეხება დანარჩენ სამ დაშავებულს, რომელთაც ინტოქსიკაცია მიიღეს, ისინი სტაციონარში მოთავსდნენ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, ვაზისუბნის დასახლებაში, მე-15 კორპუსში, პირველ სართულზე აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, აფეთქება კორპუსში პირველ სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მოხდა.

banner
წინა სტატიაშიფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 1 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა