რა ხდება სამეგრელოში – სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე მედიას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა

,,აფხაზეთიდან გადმოსული შუახნის ქალის (ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა), შვიდი კონტაქტი წუხელ გადმოვიყვანეთ ოკუპირებული ტერიტორიიდან. ისინი მოთავსდნენ ანაკლიის საკარანტინო ზონაში. მათი დაკვირვება და სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს. ეს ადამიანები არიან ის პირები ვისაც ჰქონდა ამ ქალბატონთან კონტაქტი, სანამ ის იმყოფებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე“ – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ანაკლიის საკარანტინო ზონაში ამ ეტაპზე იმყოფება 81 მოქალაქე. ხოლო თვითიზოლაციაში 224 პირი იმყოფება მთელი რეგიონის მასშტაბით, 496 ადამიანს კი მოეხსნა თვითიზოლაცია.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 7 ადამიანი: ,,აქედან ორს იცით, რომ დადასტურებული აქვს კორონავირუსი. დამატებით ერთის ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია კვლევებისთვის, ისიც აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეა – შუახნის მამაკაცი, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემაც აქვს, ეს კაცი არ არის აფხაზეთიდან გადმოსული ქალბატონის კონტაქტი, ის გადმოიყვანეს გუშინ. ასევე ინფექციურში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 4 ადამიანი, ესენი არიან დედა-მამა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი, მათ დღესაც ჩაუტარდებათ კვლევები“.

სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ზედაეწერში თერმოსკრინინგი – ,,ეს არის სოფელი, სადაც ცხოვრობს ჩვენი პირველი პაციენტი, 67 წლის მამაკაცი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ სოფლიდან დაგვეწყო მასიური სკრინინგი, ამ დროისთვის უკვე შევამოწმეთ 805 მოქალაქე და ეს პროცესი გაგრძელდება, საბედნიეროდ არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა მაღალი ტემპერატურა“ – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

სახელმწიფო რწმუნებული განმარტებით, საკომენდანტო საათის პერიოდში რეგიონში 2 პირი დაჯარიმდა. ის მოქალაქეებს მოუწოდებს დარჩნენ სახლში და დაიცვან ის რეკომენდაციები რასაც სპეციალისტები გასცემენ.

banner
წინა სტატიაშითბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაბათუმში შემავალ და გამავალ გზებს დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადა აკონტროლებს