რა არქეოლოგიურ საიდუმლოს მალავს ურთას მთა – “პრომეთეოსი” საუკუნის აღმოჩენისთვის ემზადება

პანდემია კოვიდ19-მა მთელი კაცობრიობის დღის წესრიგი შეცვალა. ბევრი ორგანიზაციისა და კომპანიის საქმიანობა შეაფერხა ან საერთოდ შეაჩერა. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც თავიანთ საქმიანობას პანდემიის პირობებშიც განაგრძობენ. მათ შეძლეს საკუთარი სამოქმედო გეგმა არსებული სიტუაციისთვის და გამოწვევებისთვის მოერგოთ. მეცნიერულ-საგანმანათებლო ორგანიზაცია „პრომეთეოსის“ დღის წესრიგიც კორონავირუსმა რადიკალურად შეცვალა.
2020 წლის გეგმებში საქართველოს სახელმწიფოებრიობის ათასი წლით დაძველების საკითხის ლობირება; რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციაზე ქართველი მეცნიერების გამგზავრების დაფინანსება; ქართულ სათვისტომოებთან შეხვედრები; მოზარდთა აკადემიის შექმნა და მასშტაბური არქეოლოგიური კვლევებს დაწყება შედიოდა. საქმიანობა რომელიც ძირითადად ჯგუფურ აქტივობებს მოიცავს სოციალური დისტანციის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე რთული განსახორციელებელი გახდა. მეცნიერებს აღარ ეძლევათ საშუალება კონფერენციებში მონაწილეობის, მოსწავლეებისთვის არც პირისპირ ლექციების ჩატარებაა ნებადართული, აღარაფერს ვამბობთ არქეოლოგიური გათხრების წარმოებაზე. თუმცა ორგანიზაციამ მალევე მოერგო არსებულ რეალობას და მისმა აქტივობებმაც ტრანსფორმაცია განიცადა. „პრომეთეოსის“ ერთ-ერთ დამფუძნებელი ლაშა ლატარია მოგვიყვება დეტალებზე.

– ბუნებრივია 2019 წელს უკვე გვქონდა 2020 წლის სამოქმედო გეგმა და 2020 წელი აქტივობების მიხედვით უფრო ფართომასშტაბიანი უნდა ყოფილიყო, ვიდრე წინა. ჩვენი ორგანიზაციისა საქმიანობის სამივე სფეროს (მეცნიერება, არქეოლოგია, მოზარდი თაობის განათლება) მიმართულებით გვქონდა აქტივობები დაგეგმილი. ქართველი მეცნიერებისათვის უკვე გადახდილი იყო საწევროები დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, გიბრალტარისა და იაპონიის საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობისთვის.
აქედან ერთი ოქსფორდის უნივერსიტეტში დაგეგმილი კონფერენცია პროგრამა “ვებინარის” დახმარებით ონლაინ რეჟიმში მაინც გაიმართა და მეცნიერმა გია კვაშილავამ მიიღო მონაწილეობა და წარადგინა საკუთარი ნაშრომი, რომელიც A ხაზოვანი წარწერების დეშიფრირებას ეხება. შემოდგომაზე კიდევ ერთი მოწვევა გვაქვს ჩეხეთიდან, იმედია გლობალური სიტუაცია მოგვცემს საშუალებას პრაღის კონფერენციაში მაინც მიიღონ ქართველმა მეცნიერებმა მონაწილეობა. ზოგადად ჩვენი ზაფხულის გეგმებს შემოდგომაზე გადატანა გვიწევს დიდი იმედი გვაქვს არსებული რეალობა მოგვცემს ამის საშუალებას.

– არქეოლოგიური სამუშაოები ახსენეთ, რა ტერიტორიაზე გეგმავთ არქეოლოგიურ სამუშაოებს და ახლა დაკონსერვებულია იდეა?

– იგეგმებოდა მასშტაბური არქეოლოგიური გათხრების წარმოება დასავლეთ საქართველოში თუმცა არქეოლოგიური გათხრები მოგეხსენებათ ჯგუფური სამუშაო პროცესია და სოციალური დისტანციის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე ამ ეტაპზე უშუალოდ გათხრებს წარმოებას ვერ ვახერხებთ. თუმცა მიმდინარეობს ინფორმაციული ბაზის მოკვლევა, ტერიტორიის ფოტო და ვიდეო მასალის შესწავლა. უკვე დავამყარეთ კავშირები მკვლევარებთან, ცნობილ არქეოლოგებთან და მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა. ეს არის მასშტაბური პროექტი, თამამი ნათქვამია, თუმცა გულწრფელი – მსგავსი აღმოჩენა საქართველოში ჯერ არც უნდა იყოს გაკეთებული. ძალიან შრომატევადი საქმეა, დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურს მოითხოვს.

– მაინც რომ დააკონკრეტოთ, რას ეძებთ და სად ეძებთ?

– ახლა მეცნიერულად უმთავრესი ამოცანა რაც ქართველი ერის წინაშე დგას ეს არის არტეფაქტული, ფაქტობრივი მასალის მოძიება, ქართული ცივილიზაციის შესახებ. კოლხური ცივილიზაციის არტეფაქტებს ვგულისხმობ. არაერთი წყარო გვაქვს სადაც საუბარია კოლხეთის სიდიადეზე, მეფე აიეტზე, მის ქალიშვილ მედეაზე. თუმცა არტეფაქტული მასალა ძალიან მწირი. ჩვენი და არაერთი მეცნიერის აზრით კოლხური ცივილიზაცია არის კაცობრიობის ანტიკური ეპოქის, პრეისტორიული ეპოქის ერთ-ერთი საკვანძო ცივილიზაცია, რომელმაც ითამაშა გადამწყვეტი როლი კაცობრიობის ისტორიაში. ახლა ეს შეიძლება დაუჯერებლად მოეჩვენოს მკითხველს, მაგრამ მოდით ვთქვათ 30 წლის წინ ისიც დაუჯერებელი იყო, რომ საქართველო გახლდათ ღვინის სამშობლო, ახლა ეს მეცნიერულად დადასტურებულია. მეტიც მეცნიერულად დადასტურებულია რომ სწორედ საქართველოს ტერიტორიიდან მიეცა კაცობრიობას სოფლის მეურნეობის ისეთი დარგები როგორიცაა ღვინო, ხორბალი, თაფლი, ძაფი… საქართველოა მეტალურგიისა და ოქროს დამუშავების უძველესი კერა. ეს კი გვაძლევს დასკვნის გაკეთების საშუალებას:

ეს ყველა დარგი ვერ განვითარდებოდა ცივილიზაციური მონაცემებისა და სიღრმეების გარეშე და ეს სიღრმეები უნდა ვეძიოთ დასავლეთ საქართველოს მთიანეთში. ზღვისპირა რეგიონები ასრულებდნენ ანტიკურ პერიოდში გადამწყვეტ როლს. ნაოსნობა იყო იმ პერიოდის მთავარი მაკავშირებელი ცივილიზაციებს შორის. ამ უძველესი ტრანსპორტით ხდებოდა კოლხეთიდან ღვინის, ხორბლის, სელის და რაც მთავარია განათლების გატანა. კოლხეთიდან მიეცა მსოფლიოს განათლება, კოლხეთიდან გავიდა ცივილიზაცია და რაც არ უნდა ფანტასტიკის სფერო იყოს ეს დღეს. ჭეშმარიტება აუცილებლად გაცხადდება.

– მაინც ვეცდები დაგაკონკრეტებინოთ. თქვენ ახსენეთ რომ ფოტო და ვიდეო მასალის შესწავლა მიმდინარეობს – ანუ ტერიტორია სადაც გათხრები უნდა აწარმოოთ შერჩეულია, უფრო რომ დაგვიკონკრეტოთ და გვითხრათ კონკრეტულად რისი პოვნის იმედი გაქვთ ?

– პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენ უნდა გავიმეოროთ არქეოლოგიური ბუმი, ის რაც განხორციელდა მეცხრამეტე მეოცე საუკუნეში თურქეთის ტერიტორიაზე, ჩვენ იგივე უნდა გავაკეთოთ შავი ზღვის აუზში. ჩვენი აზრით არქეოლოგიური მასალა, რომელიც მოპოვებულია თურქეთის ტერიტორიაზე და რომელიც ცნობილია, როგორც კოლხური კულტურის ნაწილი, ამ კულტურის რეალური საცავი არის დასავლეთ საქართველოს შავი ზღვისპირეთში. ამიტომ ჩვენი კვლევებისთვის ამორჩეულია ხობის რაიონი, სენაკი, ზუგდიდი, სამეგრელოს თითქმის ყველა რაიონი, აჭარის მთიანეთი და იმერეთის რამდენიმე რაიონი. ჩვენი შესწავლის პირველადი ობიექტი ურთას მთა გახლავთ, დაახლოებთ 20 კილომეტრიანი მთათა კომპლექსი. გეოლოგიური მონაცემებით ეს არის კარსტული მთათა კომპლექსი, რომელიც სავარაუდოდ შიგნით არის ღრმულებით სავსე. არის ძველი ლეგენდები, არის გარკვეული ფაქტობრივი მასალა, რომლის მიხედვითაც ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს მთათა კომპლექსი თავის დროზე წარმოადგენდა კოლხეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრს. პირობითად დავარქვათ აიეტის კულტურის ცენტრი.

სამწუხაროდ მთაში შესასვლელი ყველა ნაპრალი ახლა ჩამონგრეულია. თუ ვივარაუდებთ, რომ ეს საცხოვრებელი კომპლექსი იყო შეიძლება სამხედრო მოქმედებების დროს ჩამონგრეულიყო. თუმცა ასეთ კომპლექსებს ყოველთვის ჰქონდა სხვა ფარული გასასვლელები და წყალთან მისასვლელი ფარული ბილიკები. ტერიტორია 20 კილომეტრზეა გადაჭიმული და 10 კილომეტრის რადიუსისაა. აღმოჩენის შემთხვევაში ეს იქნება ყველაზე დიდი კომპლექსი კავკასიაში დაახლოებით 200 კვადრატული კილომეტრის მასშტაბის . თუმცა ეს იქნება დაახლოებით იმ მასშტაბის როგორიც იყო თავის დროზე სერ არტურ ევანსის მიერ კრეტაზე აღმოჩენილი მინოსური ცივილიზაცია.

– სერ არტურ ევანსმა ამ კვლევებს მთელი თავისი ქონება შეალია, საუბარია 300 ათასს გირვანქა სტერლინგზე რაც ახლანდელი დაანგარიშებით მილიონ დოლარს აჭარბებს. არც თქვენს მიერ დასახელებული კვლევის და გათხრების ჩატარება დაჯდება იაფია. რა ფინანსური რესურსით აპირებთ ამას?

– გეთანხმებით ამას კოლოსალური თანხები სჭირდება, მარტო ფონდის თანხა კი არა შეიძლება ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის ნაწილიც არ ეყოს. „პრომეთეოსის“ მიზანია გადავდგათ პირველი ნაბიჯები, ვანახოთ ქართულ და საერთაშორისო სამეცნიერო წრეებს, ჩვენს სახელმწიფოს პერსპექტივა ამ საქმის, პირველადი ფაქტობრივი მასალის ბაზაზე შედგება პრეზენტაციები, სამეცნიერო დისკუსიები. ეს ისეთი მასშტაბის აღმოჩენა იქნება რომ საერთაშორისო დაფინანსება, დონორი ორგანიზაციები აუცილებლად დაინტერესდებიან. ჩვენ საქმე უდიდესს, მსოფლიო მნიშვნელობის ობიექტთან გვაქვს. ეს იქნება საქართველოს სავიზიტო ბარათი მსოფლიო ტურისტულ არენაზე. ერთსაც ვიტყვი, მაჩხომერას გათხრები (მაჩხომერა ურთას მთის ერთ ერთი კალთაა) და იქ ნაპოვნი მასალა: ლოდები და ფილები წარწერებით გვავარაუდებინებს, რომ ურთას მთა შეიძლება ყოფილიყო იმ პერიოდის საგანმანათლებლო ცენტრი. თქვენ ხვდებით რასთან გვექნება საქმე თუ მთაში და გამოქვაბულებში წარწერიან ლოდებს ვიპოვით? ანუ გამოდის რომ 4 ათასი წლის წინ იმ დროის კემბრიჯი და ჰარვარდი საქართველოს ტერიტორიაზე იყო.

– ეკონომიკური სარგებელი რა იქნება ქვეყნისთვის გარდა იმისა რომ ტურისტები დაინტერესდებიან ამ აღმოჩენით?

– ცოტა ვრცლად გიპასუხებთ ამ კითხვაზე. „პრომეთეოსის“ მიზანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის კოოპერაციის ჩამოყალიბება. ინტერდისციპლინური საერთაშორისო კვლევითი ცენტრის შექმნა. ეს ნოუ ჰაუ არ არის. მსოფლიო ასპარეზზე ბოლო 100 წლის განმავლობაში განვითარებულმა სახელმწიფოთა ჩამოყალიბების პროცესებმა, განსაკუთრებით პოსტკონფლიქტურ სახელმწიფოთა განვითარებამ (გერმანია,იაპონია, განსაკუთრებით სამხრეთ კორეა) ცხადყო, რომ წარმატებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება შეუძლებელია მეცნიერების და განათლების რევოლუციური განვითარების გარეშე. ამ პროცესების პარალელურად იქმნებოდა სახელმწიფოს განვითარებისათვის აუცილებელი დარგობრივი კორპორაციები, რეგიონალური და ისტორიული თავისებურებების გათვალისწინებით. მსს „პრომეთეოსის“ მეცნიერულმა საბჭომ შეისწავლა ეს პროცესები, კაცობრიობის საუკეთესო გამოცდილების და რეგიონალური თავისებურებების გათვალისწინებით შეიმუშავა ქართული სახელმწიფოს განვითარების ინოვაციური გეგმა, რომელიც ჩვენის აზრით იქნება მაქსიმალურად ეფექტური და მოდის თანხვედრაში საქართველოს მთავრობის ყველა შტოს მიერ გაცხადებულ დებულებებთან – მეცნიერების და განათლების უპრეცედენტო განვითარების მოთხოვნას.

„პრომეთეოსის“ მიერ 2017-19 წწ. განხორციელებულმა მეცნიერულ-ჰუმანიტარულმა საერთაშორისო პროექტებმა და კონტაქტებმა, წარმოაჩინა მსოფლიო მეცნიერების წამყვანი წრეების ინტერესი ქართული ცივილიზაციის და კავკასიის რეგიონის მიმართ. მსოფლიო ცივილიზაციების შემსწავლელი ძირითადი კვლევითი ცენტრები, რომლებიც განლაგებულია დასავლეთის წამყვან ქვეყნებში და ძლიერ ზეგავლენას ახდენენ მსოფლიოს საზოგადოებაზე – აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, უაღრესად დაინტერსებული არიან კაცობრიობის განვითარების ისტორიულ-ცივილიზაციური სურათის აღდგენაში.
ისინი უახლესი არტეფაქტების ანალიზის ბაზაზე მივიდნენ დასკვნამდე – საქართველო და კავკასიის რეგიონი წარმოადგენს კაცობრიობის ცივილიზაციური განვითარების საკვანძო ელემენტს. შეიძლება ითქვას რომ კაცობრიობის გონის თვალი ფოკუსირდა საქართველოზე და კავკასიის რეგიონზე ცივილიზაციური კვლევების მიმართულებით, სახეზეა მსგავსი კვლევების მსოფლიო ინტერესის მოძრაობა ბოლო 200 წლის განმავლობაში ეგვიპტე-შუამდინარეთის რეგიონიდან კავკასიისაკენ.

ქართული სახელმწიფოს მთავარი მამოძრავებელი ძალების – მთავრობის, ბიზნესის, მეცნიერების, მასმედიის,სამოციქულო ეკლესიის და ემიგრაციის ერთიანი, გეგმაზომიერი მოქმედებებით შესაძლებელია, ასე ვთქვათ, მსოფლიო მეცნიერების იბერიულ-კავკასიური ცივილიზაციური კვლევითი ბუმის განვითარება სახელმწიფოებრივი და კონკრეტული ეკონომიკური შედეგების მისაღებად. ამისათვის საჭიროა 3-5 წლიანი ერთიანი სინქრონული მრავალმხრივი მოქმედება, რომელიც მიმართული იქნება მსოფლიო საუნივერსიტეტო აუდიტორიებიდან საქართველოს კულტუროლოგიურ – ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის ამაღლებისკენ, რაც საქართველოს გადააქცევს კულტუროლოგიურ-არქეოლოგიური მაღალშემოსავლიანი ტურიზმის ცენტრად, განავითარებს ახალ ტექნოლოგიურ წარმოებებს და ხარისხიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას გაიყვანს მაღალფასიან ელიტარულ-ეკო მსოფლიო ბაზარზე, მოიზიდავს დიდ ინვესტიციებს მრავალი დარგის მსოფლიო ლიდერი – კორპორაციებისგან.
მაღალი შედეგების მისაღებად აუცილებელია ინოვაციური განვითარების სახელმწიფო პროგრამის და მისი მთავარი ელემენტის – ახალი ტიპის მეცნიერულ-საგანმანათლებლო საერთაშორისო ცენტრის შექმნა. ამ ცენტრის მთავარი ამოცანა იქნება, ნოვატორული ფუნდამენტალური კვლევების წარმოება და მეცნიერული ბაზისის ეკონომიკაში გადატანის ტექნოლოგიის შექმნა. ჩვენის აზრით,ამ მიმართულებით შესაძლებელია, შესაფერისი მოქმედი კვლევითი ცენტრის შერჩევა და მისი ძირეული რეფორმის განხორციელება,გარდაქმნა თანამედროვე ტექნოლოგიური დონის – ინოვაციურ-ინტერდისციპლინურ კვლევით ცენტრად.

– ბატონო ლაშა, ინტერვიუში თქვენ ახსენეთ რომ ურთას მთაზე ელოდებით 4 ათასი წლის წინანდელი დამწერლობების აღმოჩენას. როგორც ვიცი თქვენი ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს საკითხზე, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის თარიღი ათასი წლით დაძველდეს და თუ დღეს აღიარებულია, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა 3 ათასს წელს ითვლის ეს თარიღი 4 ათასი წლით შეიცვალოს. როგორ მიდის ამ მიმართულებით თქვენი საქმიანობა და რა ფაქტობრივ მასალებზე დაყრდნობით ითხოვთ თარიღს ცვლილებას?

– პანდემიის გამოცხადებამდე აქტიურად ვმუშაობდით აღნიშნულ საკითხზე. ქართველმა მეცნიერებმა მეცნიერებათა აკადემიაში 23 იანვარს წარადგინეს კვლევები აღნიშნულ საკითხზე.

გვაქვს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის მიმართვაც პრემიერ-მინისტრის სახელზე, რომ აღნიშნულ საკითხს გადახედოს. იგეგმებოდა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა და აქტიურად ვთანამშრომლობდით საქართველოს პარლამენტთან. დღეს არსებული მონაცემებით საქართველოს სახელმწიფოებრიობა ითვლის 3 ათასს წელს. უძველეს B ხაზოვან წარწერებში, ძეგლებში დაფიქსირებული მონაცემებით. ანუ უძველეს B ხაზოვან ბერძნულ წარწერებში ნახსენებია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქართულ ტოპონიმები, ქალაქ სახელმწიფოები და ა.შ უახლესი კვლევებით იგივე ტოპონიმები, იგივე ქალაქ სახელმწიფოები გვხდება A ხაზოვან ძეგლებშიც რომელიც Bხაზოვანზე ათასი წლით ძველია. როგორც კი პანდემია დასრულდება და გარემოებები მოგვცემს შესაძლებლობას ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ამ დაწყებულ საქმეს ბოლომდე.

– „პრომეთეოსი“ აქტიურად მუშაობს ახალგაზრდა თაობასთან. ატარებთ ლექცია-სემინარებს თუმცა ახლა ეს პროცესი ალბათ შეაჩერეთ რას გეგმავთ სამომავლოდ აღნიშნული მიმართულებით?

– 2019 წლის ბოლოს უკვე ვიცოდით რომ 2020 წელს მოზარდთა აკადემია უნდა შექმნილიყო. ლექციები სხვადასხვა ცნობილი მეცნიერის მიერ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აუდიტორიაში უნდა წაკითხულიყო და უამრავი დეტალი გვქონდა გათვლილი, მათ შორის სტიპენდიების გაცემის წესი, ასაკობრივი კატეგორიები და ა.შ სამწუხაროდ დროებით ხელი შეგვეშალა. თუმცა სექტემბრიდან აუცილებლად დავიწყებთ პროცესებს. ამ ეტაპზე ვიწყებთ შემოსული განაცხადების განხილვას და ახალი კურსისთვის მოსწავლეების შერჩევას.
მართალია წელს ხელი ბევრ საკითხში შეგვეშალა თუმცა ვფიქრობ ყველა სიტუაციიდან შეიძლება რაღაც ახლის სწავლა, ახალი შესაძლებლობების დანახვა და საკუთარ თავში მათი აღმოჩენა. საქართველოს აღიარების გზაზე ჩვენ იმდენი სირთულე გავიარეთ პანდემია მხოლოდ მორიგი დაბრკოლებაა, თუმცა არც წარსულში გავჩერებულვართ და არც მომავალში ვაპირებთ დანებებას. სანამ ჩვენ რეალურ წარსულს დღის სინათლეს არ ვაპოვნინებთ, სანამ მომავალ თაობაში არ ჩავდებთ სინათლის სხივს, რომელსაც სამშობლოს რეალური ისტორიის ცოდნა ჰქვია, სანამ ქართველი მეცნიერების უნიკალურ აღმოჩენებს პროტოქართული ცივილიზაციის შესახებ მსოფლიოს არ გავაცნობთ პანდემიია და სხვა შემაფერხებელი ფაქტორები არაერთი იქნება თუმცა „პრომეთეოსს“ სირთულეების და გამოწვევების რომ ეშინოდეს ალბათ აქამდეც ვერ მოვიდოდა.

banner
წინა სტატიაშიგლდანის ხევის N8 –N8 ა კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატია20 მაისიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ყველა სახის ამანათის შეგზავნა განახლდება