გახმაურებული, ე.წ. “ციანიდის საქმის” შემდეგ, საპატრიარქო მორიგ სკანდალში ეხვევა. რამდენიმე დღის წინ, კიდევ ერთი იერარქის, ამჯერად, პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირის სავარაუდო მოწამვლის ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიება დაგვიანებით, თუმცა, მაინც დაიწყო. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ესეც, რუსული სცენარის ნაწილი იყოს, თან, საქმის დეტალებიც ბუნდოვანია და დღემდე, მოვლენები საკმაოდ, ქაოსურად ვითარდება. დაბნეულია, ერიც და ბერიც.
სამი დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეუფე შიო მუჯირი, სავარაუდოდ, მოწამლეს. ინფორმაციის გავრცელებიდან მეორე დღეს, საპატრიარქოს პრესსამსახურმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მედიასთან განცხადება გააკეთა, სადაც რამდენიმე ვერსიაზე ისაუბრა:
“მას შემდეგ, რაც მეუფე პატრიარქმა მოსაყდრედ გამოირჩია, მის მიმართ სულ მუდამ მიმდინარეობს კამპანია და ეს ცილისმწამებლური, დამაკნინებელი დემონიზაცია ადამიანის. ეს კამპანია მუდამ არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ტერორისტული აქტის. ჯერ ხდება ადამიანის დემონიზება, მარგინალიზაცია, დემორალიზაცია და შემდეგ შესაძლებელი არის, რომ უკვე მეორე, მისი ფიზიკური განადგურების ეტაპი დადგეს. ზოგადად, ეს ეტაპი არის. პირველი ეტაპი ცხადი იყო, ყველა ვხედავდით. ამიტომ ეჭვი იმისა, რომ შესაძლებელია ეს ერთობლივად განვიხილოთ, ამის შესაძლებლობა არის. რაც შეეხება გარედან ჩარევას, არ არის გამორიცხული, თუმცა მტკიცებით ფორმაში ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ ეს სხვა სახის ძიებისა და კომპეტენციის ხალხის უფლებაა. მეც და მეუფეც ერთად ვფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით. არ შეიძლება ეჭვი არ იყოს, თუმცა ეჭვი არ არის ფაქტი. იმდენად დიდი ისტორია აქვს ამგვარ ქმედებებს და იმდენად დახელოვნებულია ამაში ის ხალხი, ვინც აკეთებს, იმდენად შორს არის წასული ამის საშუალებები, რომ ძალიან ძნელია წინასწარ ყველაფერი გათვალო და გაითვალისწინო”.
“მეუფე შიოს მოწამვლა, თუ დადასტურდა, ეს ძალიან მძიმე ფაქტია. ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, არის ეჭვები და დადასტურებული არ არის. შოკისმომგვრელია, თუკი ასეთი რამ დადასტურდა. ჩვენ ვხედავდით, მათ შორის, მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებს და მისი დისკრედიტაციის მცდელობებს სიტყვით. როგორც ჩანს, ვიღაცას ახლა უნდოდა საქმეზე გადასულიყო. აი, ეს არის ის „ბოლშევიკური“ მეთოდები, რომელიც ისტორიულად ხოლმე საქართველოში გამოყენებული იყო – ჯერ სიტყვით ცდილობდნენ ადამიანის მოკვლას და შემდეგ საქმით ცდილობდნენ ადამიანის მოკვლას. მე იმედი მაქვს, რომ ეს არ დადასტურდება, რომ რაიმე განზრახი ქმედება იყო, მაგრამ მეორე მხრივ, საკმაოდ საეჭვო გარემოებებია, რაც გვესმის“, – ეს მოსაზრება კი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ეკუთვნის. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, თუ რამდენად იდენტურია საპატრიარქოსა და სახელმწიფოს პოზიციები და ვერსიები პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიო მუჯირის სავარაუდო მოწამვლასთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც ჩანს, სახელმწიფოს ერთ-ერთმა ლიდერმა გადაწყვიტა, უფრო ღია ყოფილიყო მედიასთან და ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ ვის გულისხმობდა ამ კონკრეტულ ვერსიაში პარლამენტის თავმჯდომარე, მან დაუფარავად უპასუხა, რომ “ეს საჯაროდ ცნობილი ფაქტია და ყველამ შეიძლება ნახოს, თუ ვინ ებრძვის ქართულ ეკლესიას, პერსონალურად ვის მიაქვს შეტევები, მათ შორის, მეუფე შიოზე. ეს ჩვენს ისტორიაში პირველად არ ხდება, ყველამ გადახედოს თავის ისტორიას. ჩვენ ადამიანები სიტყვითაც არ უნდა მოვკლათ”.
გავემიჯნე შეფასებებს და ვერსიებზე დამოუკიდებლად მსჯელობას. ვიფიქრე, რომ ბევრად უფრო კომპეტენტურ ადამიანთან საუბარი იქნებოდა “თაიმერის” მკითხველისთვის საინტერესოც და ინფორმაციულიც. შესაბამისად, რესპონდენტად საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირქტორი, ანალიტიკოსი, გოჩა მირცხულავა შევარჩიე, რომელიც საკმაოდ, სიღრმისეულად საუბრობს და შეიძლება ითქვას, ლოგიკურ ანალიზს აკეთებს პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიო მუჯირის სავარაუდო მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით:
– საკითხი, ძალიან ბუნდოვანია. როგორც ირკვევა, დაახლოებით, ორი – სამი კვირის წინ, მომხდარ ფაქტზე მიდის საუბარი, რომელსზეც საპატრიარქომ (ეს, მათი განცხადებებიდან ხდება ცნობილი) ყველა საგამოძიებო მოქმედება ისე ჩაატარა, რომ საქმის კურსში არავინ ჩააყენა, ამ შემთხვევაში, საზოგადოებას ვგულისხმობ. როგორც ირკვევა, სისხლის ნიმუში ანალიზისთვის გაიგზავნა სადღაც. გარკვეული არა არის, რამდენად სწორადაა ეს ნიმუშები აღებული და ზოგადად, ძალიან ბევრი გაურკვევლობაა ამ სიტუაციასთან დაკავშირებით. თუმცა, პროცესუალურად არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტები: როგორც კი გაუჩნდა საპატრირქოს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ფაქტზე დაიწყო მოკვლევა, განმარტება გაკეთდა, რომ ეს არ იყო საკვების ინტოქსიკაციით გამოწვეული მოწამვლა, არ იყო სხვა კონტაქტებით, ისინი ვალდებულები იყვნენ მიემართათ საგამოძიებო ორგანოებისთვის, რომ დაწყებულიყო შესაბამისი გამოძიება. ამ ეტაპზე ირკვევა (თუმცა ამას არავინ ადასტურებს), რომ შესაბამისი ინფორმაცია მიიღო სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა და ბატონი ანზორ ჩუბინიძე იმყოფებოდა საპტრიარქოში, მაგრამ აქაც არის ერთი მომენტი: თუ, გარკვეული შეტყობინება იყო საპტრიარქოდან, ბატონი ჩუბინიძე ვალდებული იყო საქმის კურსში ჩაეყენებინა საგამოძიებო სამსახურები და ამ საქმის გამოძიებაში, კვალიფიციური, შესაბამისი უწყება ჩართულიყო.
– საზოგადოების ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნა აღნიშნეთ. კონკრეტულად რა იგულისხმეთ?! ცხადია, ფაქტის სიღრმეზე, არც საპატრიარქო და არც სახელმწიფო დეტალურად არ ისაუბრებდა…
– საზოგადოებისთვის ამ ინფორმაციის შესახებ ცნობილი დაახლოებით სამი დღის წინ ხდება და გამოდის, რომ გუშინ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მაშინ, როდესაც საპტრიარქო ეწინააღმდეგებოდა საგამოძიებო საქმიანობის დაწყებას. ესეც გარკვეულ ეჭვს ბადებს! ჯერ ერთი, საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, საპატრიარქოს ვინ ეკითხება, ასეთ სიტუაციაში, გამოძიება დაიწყოს, თუ არ დაიწყოს, ეს არ არის კერძო პირის, უწყების ან ისტიტუციის გადასაწყვეტი საკითხი და მეორე მომენტი, თუ აქ არსებობს გონივრული ეჭვი მოწამვლასთან დაკავშირებით, გამოდის, რომ მთელი ამ ორი, ან სამი კვირის განმავლობაში, საქართველოს საპატრიარქოში თავისუფლად გადაადგილდებოდა პერსონა, რომელიც შესაძლოა, იყოს მეუფე შიო მუჯირის მკვლელობის მცდელობის საქმეში გარეული. ანუ, ვისაც ჰქონდა იმის მცდელობა, რომ მოეკლა საქართველოს ერთ-ერთი უმაღლესი სასულიერო იერარქი, ამ ხნის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდებოდა საპატრირქოში.
– რასთან გვაქვს საქმე?!
– საქმე გვაქვს იმასთან, რომ საქართველოს საპატრიარქომ, ჯერ დამალა ფაქტი, შემდეგ, გამოიყენა საკუთარი ავტორიტეტი და ფაქტობრივად, ხელი შეუშალა საგამოძიებო უწყებებს, გამოძიების დროულად დაწყებაში. ამ ხნის განმავლობაში არ არის გამორიცხული, რომ წაიშალა დანაშაულის ადგილზე უამრავი კვალი და დაიფარა სამხილი. თან მეორე, კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს საპატრიარქოს უწყებრივად არ აქვს უფლება, რომ დამოუკიდებლად აწარმოოს რაიმე სახის სისხლის სამართლებრივი მოკვლევა-გამოძიება, რადგან ამ შემთხევვაში, მის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, საქმეში ვერ იქნება შემდგომ ჩართული. ან მეორე მომენტია, შესაძლოა, მიზანმიმართულად იქნა გაფუჭებული უამრავი რამ.
– საპატრიარქომ გუშინ გააკეთა პირველი განცხადება, სადაც დეკანოზმა ჯაღმაიძემ, კონკრეტულ ვერსიებზე ისაუბრა…
– ამ სიტუაციაში, მნიშვნელოვანი მომენტია საპტრიარქოს პრესსამსახურის განცხადება. ის ვიღაცისკენ იშვერს ხელს და ამბობს, რომ “ხდება დემონიზაცია ვიღაცების, გარე თავდასხმები მეუფე შიოზე” და ა.შ. ანუ, მათთვის ცნობილია, კონკრეტული პირების შესახებ, ან გამოთქვამენ ვარაუდს, ან კვალს ურევენ საზოგადოებას. უფრო მეტად, მე, მესამე ვარიანტს ვფიქრობ – კვალს ურევენ საზოგადოებას იმიტომ, რომ ეს “რაღაც ჯგუფი” ვერ იქნებოდა ამ დანაშაულის ჩამდენი, რომლებიც შესაძლოა, კრიტიკულად არიან განწყობილი ვთქვათ, შიო მუჯირის საქმიანობის, მისი, როგორც ეპისკოპოსის მსოფლმხედველობის მიმართ და ეს არ აძლევს არავის საფუძველს, რომ მოახდინოს მისი ფიზიკური ლიკვიდაცია. ამ მიმართულებით, აზრის და ადამიანების ფიქრის, გონების წარმართვა, არის მიზანმიმართული ქმედება და ეს არის აბსოლუტურად ძალადობისკენ წახალისებაც, იმის გარდა, რომ ვფიქრობ ეს უფრო არის გამოძიებისთვის კვალის არევის მცდელობა და თუ ვინმე უნდა დაკითხოს გამოძიებამ, ერთ-ერთი პირველი ანდრია ჯაღმაძეა, იმიტომ, რომ მან უნდა თქვას ვის გულისხმობდა მის განცხადებაში.
– საერო მხარეს რომ გადმოვინაცვლოთ, შალვა პაპუაშვილსაც, დაახლოებით, იდენტური შინაარსის ვერსიები ჰქონდა…
– დიახ, საერო ფლანგზე პირველი, ვინც მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იყო, რომელმაც ერთი-ერთში გაიმეორა იგივე, რაც თქვა ანდრია ჯაღმაიძემ. შესაბამისად, მანაც ხელი გაიშვირა “რაღაც ჯგუფების” მისამართით, რომლებიც შესაძლოა, დაინტერესებულნი ყოფილიყვნენ მეუფე შიოს ფიზიკური ლიკვიდაციით. ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფოს ერთ-ერთ უმაღლეს პირზე, რომელიც აკეთებს ამ განცხადებას მაშინ, როდესაც, ჯერ კიდევ, არ არის გამოძიება დაწყებული. ეს არ არის პოლიტიკური სახის განცხადება და ის ვერ იტყვის, რომ პოლიტიკური სახის განცხადება გააკეთა. ის გამოვიდა, როგორც კონკრეტული მბრალდებელი და ამ შემთხვევაში, გამოძიებამ ისიც უნდა დაკითხოს და მანაც უნდა მისცეს ჩვენება, კონკრეტულად, ვის გულისხმობდა შესაძლო დანასაულის ჩამდენებში?! რადგან მე ვხედავ, რომ საპტრიარქოს წარმომადგენლები და ცალკეული სახელმწიფო პოლიტიკური პირები, მსოფლმხედველობრივ განსხვავებას სხვა რაღაცით ფუთავენ და ამას იყენებენ კრიტიკული მოსაზრების გამჟღერებელი გარკვეული პერსონების წინააღმდეგ. ანუ, პირიქით, ხდება საზოგადოებიც ცალკეული წარმომადგენლების დემონიზირება.
– ანუ, ფიქრობთ, რომ ამჯერადაც, სახელმწიფო და საპატრიარქო შეთანხმებულად მოქმედებენ?!
– მათი განცხადებები ეჭვს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს ცალკეული სტრუქტურები და საპტრიარქოს ცალკეული წარმომადგენლები უნისონშიც შეიძლება მოქმედებდნენ. ეს ერთი მიმართულება. მეორე: მიმაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ძალიან დიდი შეცდომაა დაშვებული: თუ, ბატონმა ჩუბინიძემ, თავის დროზე, საგამოძიებო უწყება საქმის კურსში არ ჩააყენა, არადა, ჩუბინიძეს ვალდებულება იყო, რადგან ის საპატრიარქოში იმყოფებოდა ამ საქმის გამო და დამალა ეს ინფორმაცია. მას შემდეგ, რაც გაკეთდა ოფიციალური განცხადება შესაძლო მოწამვლასთან დაკვშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჰქონდა სრული საფუძველი, მაშინვე დაწყოთ გამოძიება ფაქტზე და კიდევ ერთი დღე არ მიეცათ სავარაუდო მკვლელისთვის, რომ თავისუფლად გადაადგილებულიყო საქართველოს საპატრიარქოში და დარჩენილი სამხილებიც არ გაენადგურებინა. ეს ორი მიმართულება. მესამე: როდესაც გარკვეულწილად ვიღაცები ცდილობენ ამ საქმეს საპატრიარქოს დამლაგებლის ქალბატონი რუსიკოს გარდაცვალების საკითხი დაუკავშირონ და რატომღაც, ყველას უნდა ეს საკითხი მიაბან მეუფე შიოს მოწამვლის საქმეს. თუ ვინმეს უნდა, ეს მიზანი საპტრიარქოდან მოდის. ამას აკეთებენ საკმაოდ უხერხულად, ოფიციალურად სხვა რამეს ამბობენ და ჩუმად სხვა ვერსიებს ავრცელებენ საკუთარი წამომადგენლების მეშვეობით.
– სოციალური ქსელში, პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, თქვენ აღნიშნეთ, რომ ქალბატონი რუსიკო დიდი ხანია საპატრიარქოში დამლაგებლად მუშაობს…
– ქალბატონი რუსიკო წლებია საქართველოს საპატრიარქოს თანამშრომელია. ის, ერთ-ერთი უსათნოესი და გამორჩეული ქალბატონი იყო. სტატუსი დამლაგებელი კიდევ უფრო სხვა რაღაცას ნიშნავს და შეიძლება ვიღაცისთვის ეს ცოტა გაუბრალოებული იყოს. ის, განათლებით მუსიკოსი გახლდათ. თავის დროზე, პატრიარქის ნებით მიიყვანეს საპატრიარქოში. მისი შესრულებით არაერთი მელოდია აქვს პტრიარქს მოსმენილი და ის უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა საპტრიარქოში თანამშრომლებს შორის.
– როგორ ფიქრობთ, არის რაიმე სახის კავშირი, ქალბატონი რუსიკოს გარდაცვალებასა და მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლის ფაქტს შორის?!
– აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი: ქალბატონი რუსიკოს გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია “ფეისბუკის” პირად გვერდზე გამოაქვეყნა, საპატრიარქოსთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ საპტრიარქოს ერთ-ერთი ფრთის რუპოროც კია. საგულისხმოა, რომ ინფორმაცია გამოაქვეყნა ადამიანმა, რომელიც დამლაგებლებს არც კი იმჩნევს და რატომღაც შეიმჩნია ქალბატონი რუსიკოს გარდაცვალება, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ დღეს ეს პოსტი მის კედელზე არ დევს. საკითხავია, რატომ გააქრეს ეს პოსტი?! გუშინ და გუშინწინ ინტენსიურად ვრცელდებოდა ხმები საპტრიარქოდან, რომ საკვებში კი არ იყო საწამლავი, არამედ, მოსაყდრის სკამი და პანაღია იყო მოწამლული. ანუ, როდესაც სკამზე და პანაღიაზე მიდის საუბარი, აქ უკვე რაღაც მომენტი იკვეთება იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცას საპატრიარქოდან უნდა, რომ ეს სიტუაცია შეაწმინდოს ქალბატონ რუსიკოს, ან ხომ შეიძლება თავად ისიც მსვერპლია? მოკლედ ვირაც რარაცას ბლანდავს რეალურად. თუმცა, ამ საქმის, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ქალბატონი რუსიკო გარდაცვლილია სამი დღის წინ და მისი ექსპერტიზა ჩატარდა გარდაცვალებიდან ორი დღის შემდეგ. ეს, როგორ მოხდა, ამ შემთხვევაში, რას იტყვის შინაგან საქმეთა სამინიტრო?! იმას, რომ “ბუნებრივი სიკვდილით გვეგონა გარდაცვლილი და რადგან მეუფე შიოს საკითხმა წამოიწია წინა პლანზე, მოდი და ამის ექსპერტიზაც ჩავატაროთო?!” ვფიქრობ, რომ ეს, ძალიან არეული საქმეა. საბოლოო შედეგი, კონტურის მიხედვით ასე ჩანს: დაახლოებით ისეთივე სიტუაცია გვაქვს, რაც ე.წ. “ციანიდის საქმის” დროს. როგორც მეუფე დიმიტრი, აბსოლუტურად განეიტრალებული იქნა და გააჩუმეს ე.წ. “ციანიდის საქმით”, შიო მუჯირის საქმითაც ორ-სამ მეუფეს გაანეიტრალებენ.
– კონკრეტულად, რომელ მეუფეებს გულისხმობთ?!
– შეგნებულად არ დავასახელებ მათ ვინაობას, რადგან ამ შემთხვევაში, გამოვა, რომ გამოძიებას უნდა მივცე რაღაც გარკვეული მიმართულება, ამიტომ, მირჩევნია გამოძიების შედეგებს დაველოდო. ამის შესახებ, გარკვეულ ადამიანებთან უკვე მქონდა საუბარი და ჩემი ვარაუდი მათთან გამოვთქვი, ვისთანაც პროფესიულად აზრის გაცვლის შესაძლებლობა არსებობს. ის სამი ადამიანი, რომლებიც ვახსენე, არიან ისინი, რომლებსაც მეუფე შიო თავის კონკურენტებად მიიჩნევს. ვთქვათ, საქმე შემოიდო თაროზე და არ გამოიკვეთა არაფერი, მაგრამ ვიღაცამ კულუარებში შესაძლოა თქვას, რომ: “აი, ქალბატონ რუსუდანს რაღაც გააკეთებინეს, ის ახლოს იყო ამ მეუფეებთან” და მერე ამ მეუფეებმა როგორ ამტკიცონ, რომ თვითონ არაფრის დამკვეთები არ არან?! ამ შემთხვევაში, მათ, საგამოძიებო უწყებასაც და საპატრიარქოსაც, რჩებათ იმის შესაძლებლობა, რომ ეს მეუფეები მუდმივი შანტაჟის ქვეშ ჰყავდეთ. შესაბამისად, ესეც გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ მეუფე შიომ საპტრირქოს ტახტისკენ მიმავალ გზაზე საკუთარი კონკურენტები მოიშოროს. საკმაოდ დიდი ვირეშმაკობაა აქ მთლიანობაში.
– იქნებ, მართლა უნდოდა ვინმეს მეუფე შიოს “მოშორება”, როგორც მოსაყდრის?!
– ვთქვათ, აქ, თითქოს ყველაფერი სწორად მიდის და მართლა გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც მდაინტერესებული იყო, ვიღაცის სიცოცხლის მოსპობით, რადგან მეუფე შიო გადარჩენილია და ღმერთმა დიდხანს ამყოფოს – ასეთი ადამიანი რომც გამოჩნდეს, მაინც ყველაფერი მიიჩქმალება. კიდევ არის საყურადღებო დეტალი: ქალბატონი რუსიკო შეიძლება იყოს ერთი “განტევების ვაცი”, შესაძლოა კიდევ მოიძებნოს ვინმე, ვისაც მიაწერენ ამ ფაქტს, ანუ დანიშნავენ დამნასავეს და კიდევ არის მესამე ვარიანტი, ეს ყველაფერი შესაძლოა, ერთ ისეთ პერსონას “შეტენონ”, რომელიც მეუფე შიო ძალიან არ უყვარს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მორიგი სიბინძურე, რომელიც შეიძლება განხორციელებულიყო საპატრიარქოს კარზე.
– თან, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საპატრიარქოს მხრიდან, მსგავსი ტიპის ინფორმაციის გავრცელება, პირველი არ არის…
– 30 წელიწადია ჩვენ გვესმის, რომ საპატრიარქოში ვიღაცას წამლავენ, მაგრამ რეალურად ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ვინმეს წამლავდნენ. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ე.წ. “ციანიდის საქმეში” მტკიცებულებად ციანიდი არ იყო. აქედან გამომდინარე, აქ ძალიან ადვილია ყველაფრის პროგნოზირება. მიმაჩნია, რომ ეს მოცემულობა ძალიან კარგია იმისთვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს, როგორი ბინძური ხერხებით იბრძვიან ამ ინსტიტუციაში ცალკეული პირები, არამხოლოდ ძალაუფლების გამტკიცებისთვის, არამედ, საკუთარი სულიერი ძმების გასანადგურებლად. ჩვენ ვხედავთ, როგორ მიმდინარეობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაცია და ეს არის საგანგაშო, თუმცა, უკეთესს, არც არაფერს მოველი იმ ადამიანებისგან, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი განათლება და რომლებიც არიან რუსეთის ყურმოჭრილი მონები. აქვე, ბოდიშს მოვიხდი, იმ სამღვდელოებასთან, რომლებიც ნამდვილად, თავიანთი სულიერი შემართებით, ცხოვრებისეული მრწამსით ემსახურებიან ქრისტეს, ქრისტეს სწავლებას, ემსახურებიან მართლმადიდებლობას, მაგრამ ისინი დღეს სამწუხაროდ უმცირესობაში არიან და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას მართავს კასტა, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან და ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ მეუფე შიოც, არის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ფავორიტი საქართველოში. თუმცა, მხოლოდ ის არ არის რუსეთის ფავორიტი და ამ შემთხვებაში, ამ “სპეცოპერაციით”, ვის განადგურებასაც და გზიდან ჩამოშორებასაც გეგმავს მეუფე შიო, იმის გარდა კიდევ ჰყავს ფავორიტები რუსეთს საქართველოს საპატრიარქოში და ეს ფაქტი ვერ იქნება ის გოლგოთა, ის “ვია დელა როსსა”, რომელსაც მეუფე შიო გაივლის და ამის შედეგად, საპტრიარქო ტახტზე დაჯდება. ვერ იქნება ვერანაირად, მიუხედავად იმისა, რომ აქ, უმთავრესი მცდელობა ყველაფრისა, იკვეთება და მიდის ამ მიმართულებით. დროთა განმავლობაში, კიდევ მეტი ფაქტი გახდება ცნობილი, კიდევ მეტ სიბინძურეს დავინახავთ. ყველაზე მთავარი, რაც მე მაინტერესებს არის ის, დაკითხავს, თუ არა გამოძიება სასწრაფოდ, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს და საქართველოს პრლამენტის თავმჯდომარეს, რადგან მათ პირდაპირ გამოკვეთეს “რაღაც დამნაშავე ჯგუფები”, რომლებიც სიცოცხლეს უსპობდნენ მეუფე შიოს.
– თუკი, მეუფე შიო მუჯირის მოწამვლა დადასტურდა, ეს რუსული დაკვეთა ვერ იქნება, რადგან სწორედ, მოსკოვის მითითებით დასახელდა მოსაყდრედ…
– ის, რომ მეუფე შიო მუჯირი მოსაყდრეა და მას, მხარს უჭერს, შესაბამისი რუსული ფრთა, ეს ცხადია, მაგრამ რუსეთს ჰყავს სხვა ფავორიტებიც და სათადარიგო მოთამაშეები საქართველოში. შიოს აქვს მუდმივი შიში იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, “მისი კარტი არ გათამაშდეს”, მაგრამ მას არ უნდა “გათამაშდეს სხვების კარტიც”. აქედან გამომდინარე, კრემლისგან დამოუკიდებლად იქნება, თუ სხვა სიტუაციებიდან, ის შიგნით, აქ, რას ითამაშებს, ამ ინტერესებში მოსკოვი არ ჩაერევა. მოსკოვი მხარს დაუჭერს იმას, ვინც იქნება ძლიერი. 4-5 კანდიდატი ჰყავს და მათგან ცოცხალი დარჩება ვიღაც, სუსტიც გამოიკვეთება და ა.შ. მოსკოვისთვის მთავარია, საპატრიარქო ტახტზე საკუთარი ინტერესების გამტარი იერარქი დაჯდეს.
– თქვენ რა მოლოდინები გაქვთ, როგორი შეიძლება იყოს ამ საქმის მსვლელობა საბოლოო შედეგამდე?!
– არის ორი ვარიანტი: შესაძლოა, ოფიციალურად თქვან, რომ ეს არ დადასტურდა და აქ დანაშაულის ფაქტები არ არის, მაგრამ მეორეს მხრივ, საზოგადოებაში გაავრცელონ ინფორმაცია, რომ “წამლავდა ეს და ეს მეუფე, ქალბატონი რუსუდანის მეშვეობით, ან მის გარეშე”, ამაზე იმუშავებენ ძირითადად. იმედი მაქვს, ამდენად უზნეოები და დეგრადირებულები არ იქნებიან, რომ ეს საქმე გარდაცვლილ ქალბატონს “შეაწმინდონ”. და მეორე: ერთ-ერთი პირი, რომელიც ძალიან არ უყვარს მეუფე შიოს შესაძლოა, ყველაფერი მას დაბრალდეს და დააკავონ კიდეც.
– თუ, ავლებთ პარალელს მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლის ფაქტსა და ე.წ. “ციანიდის საქმეს” შორის?!
– ეს საქმე, თითქოს, უფრო ფილიგრანულად გაკეთებული საქმეა. თვითონ მიაჩნიათ ფილიგრანულად, მაგრამ უფრო უნიჭოდ არის გაკეთებული, სადაც პირველ რიგშივე იკვეთება საქართველოს საპატრიარქოს ცალკეული პირების ინტერესებიდან გამომდინარე დანაშაული, ასევე, დანაშაულის დაფარვა კვალის წაშლისა და ხელშეწყობის მიზნით და მეორე ვარაუდია, რომ საზოგადოებამ მიიტანოს ეჭვი ქალბატონ რუსუდანზე, ხომ თავადვე გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს სკამი და პანაღია იყო მოწამლული. „მთელი ამ ხნის განმავლობაში ის ჰყავდათ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ და მიიყვანეს ადამიანი გარდაცვალებამდე“, – ეს ვარაუდი, რომ დავუშვათ, როგორ გამოდის ჯაღმაიძის ამბავი?! მაგრამ მტკიცებულებების გარეშე მე ამის თქმის უფლება არ მაქვს, თუმცა, ვარაუდის უფლება ნამდვილად მაქვს, რადგან მათი უზნეობა იმდენად უკიდეგანოა, რომ როცა შეუძლიათ ვიღაცებისკენ გაიშვირონ ხელი, ამ შემთხვებაში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საკუთარი დანაშაულის დაფარვის მიზნით, სხვებისკენ იშვერენ ხელს. შესაძლოა, ამ ქალბატონის შემთხვევაში, მართლც ბუნებრივი სიკვდილი დადგა, მაგრამ ძალიან ბევრი დამთხვევაა: ვიმეორებ, მათთან დაახლოებულმა პირმა, სამი დღის წინ, დაპოსტა ქალბატონი რუსიკოს გარდაცვალების შესახებ და ეს პოსტი დღეს მისი კედლიდან გამქრალია. გასათვალოსწინებელია, რომ ეს პირი არის ერთ-ერთი რუპორი საპტრიარქოსი; ქალბატონ რუსიკოს ექსპერტიზა უტარდება, გარდაცვალებიდან, სამი დღის შემდეგ, როდესაც ექსპერტის დასკვნა არ დევს, ისევ ვრცელდება ხმები საპტრიარქოდან, რომ მის ორგანიზმში აღმოჩნდა დარიშხანი (იდიოტებისთვის ავრცელებენ ამ ჭორებს). ან, მთელი ამ ხნის განმავლობაში, როდესაც ისინი მალავდნენ ამ ფაქტს და ხელს უშლიდნენ გამოძიების დაწყებას, შესაძლოა, ქალბატონი რუსუდანი ჰყავდათ გარკვეული წნეხის ქვეშ და ის მიიყვანეს სიკვდილის მდგომარეობამდე. ვარაუდების გამოთქმის საშუალება არსებობს. ჩვენ, არ გვაქვს ინფორმაცია მტკიცებულებებზე და საუბედუროდ, საქართველოს საგამოძიებო უწყებების ხელში ობიექტურად გამოძიებულ ამ საქმეს ვერასდროს ვერ ვნახავთ. რადგანაც ჩვენ, პრეცედენტი გვაქვს ე.წ. “ციანიდის საქმესთან” დაკავშირებით, როდესაც პრემიერ მინისტრმა თქვა, “ვიხსენით ქვეყანა უმაღლესი სასულიერო პირის, იერარქის მკვლელობისგანო” და მერე, ეს, უმაღლესი სასულიერო იერარქი, შორენა თეთრუაშვილი აღმოჩნდა; როდესაც ციანიდი ვერ ვიპოვეთ ამ საქმეში; როდესაც სასამართლომ მკვლელობას მცდელობას ანგარების სარჩული დაუდო და ა.შ. ამიტომ, ამ აბსურდის ზეიმში, როდესაც ფაქტობრივად, კოოპერირებულია ხელისუფლება და საპატრიარქო, გადახლართულები არიან ერთმანეთში და მუდმივად ერთმანეთის ვალი აქვთ, მე არ მაქვს იმედი, რომ ეს გამოძიება სამართლიანად ჩატარდება. თუმცა უმთავრესი, მაინც ის არის, რომ დარწმუნებული ვარ – დარიშხანით მოწამვლა მოგონილი თემაა და ბლეფია. რისთვის? ამაზე ზემოთ ვისაუბრე.
ავტორი: მზეკო ჟვანია